საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პიროვნება კვლავაც აქტუალურია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე - თამამი და მკვეთრი პოზიციით და განცხადებებით.
როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომ საქართველოდან ემიგრირებული ოჯახის შვილია. ცნობილია, რომ ქალბატონი სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი. მისი ოჯახის და ულამაზესი დედის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვრცლად:
ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილის შესახებ - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსზე
რაც შეეხება თავად პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, მას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, რომლებიც საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ.
ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად. "მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ამზადებს სიუჟეტებს და უძღვება გადაცემებს.
სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და მისი შვილების მამა ნიკოლოზ კოკი გორჯესტანი იყო. სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ გორჯესტანი 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. ამის შესახებ ის, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც სანდრო ნავერიანმა ჩაწერა.
კოკის ნამდვილი გვარი გუგუშვილია, "გორჯესტანი" კი სპარსულად "საქართველოდან მოსულს" ნიშნავს. მე-20 საუკუნის დამდეგს, კოკის მამა სპარსეთში წავიდა. ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები - ამან მიიზიდა. ნიკოლოზის ტახტიდან ჩამოგდებამ და საქართველოში წითელარმიელების შესვლამ კი მას საქართველოში დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა. მეორე რევოლუციამ კი, რომელმაც შაჰი დაამხო, იძულებული გახადა შვილებთან, ამერიკაში წასულიყო.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესების გამო მიიღო.
შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან ერთად
"პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. საჭირო გახდა, შესაფერისი ფორმა მომეძებნა ბავშვებისთვის რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა მეთქვა მათთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო", - იხსენებს სალომე ზურაბიშვილი.
კოკი გორჯესტანი პროფესიით ეკონომისტია და ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში მუშაობს.
მეორე ოჯახი მოგვიანებით შექმნა, თუმცა დიდი სიყვარულით, რომელიც დღემდე მოჰყვება. მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი. როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც ქმართან აკავშირებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ განელებულა:
"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრითი დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც ”ქართულ-ევროპული ინსტიტუტი" დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი. შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩატში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან. იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის", - იხსენებს ქალბატონი სალომე ინტერვიუში.