ამერიკელი პატრისია კრენტსილი ცნობილია მეტსახელით Tan Mom ანუ "გარუჯული დედიკო". ახალგაზრდა ქალმა სახელი გაითქვა არა მარტო გარუჯვისადმი ფანატიკური დამოკიდებულებით, არამედ 5 წლის ქალიშვილის სოლარიუმში შეყვანისთვის. როგორც დედამ გამოცემა The Post-ს განუცხადა, სურდა მისი გოგონა ადრეული ასაკიდანვე მიჩვეოდა სოლარიუმს. ამის გამო ქალი 10-წლიან პატიმრობას ძლივს გადაურჩა.
პატრისია წლობით მიილტვოდა არაბუნებრივი ბრინჯაოსფერი კანისკენ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის საქმე გაეიოლებინა და ადრეული ასაკიდანვე უზრუნველეყო მისი კანის შეფერილობა. ამიტომაც 5 წლის ბავშვი ვერტიკალურ სოლარიუმში მოათავსა. მეორე დღეს გოგონა საბავშვო ბაღში კანის დამწვრობით მივიდა. იარები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა. ამის შემდეგ ოჯახით პოლიცია დაინტერესდა.
პატრისია დღემდე ამტკიცებს, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია და გოგონას „მხოლოდ უმნიშვნელო დამწვრობა ჰქონდა ზურგზე“. მან მოახერხა სასჯელისთვის თავის დაღწევა და ბავშვზე მეურვეობის უფლებაც არ ჩამოურთმევიათ, რასაც დაჟინებით ითხოვდა ბრალდების მხარე.
„ბრალი დამდეს, თითქოს ბავშვს საფრთხეში ვაგდებდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, სასამართლომ გამამართლა. ისიც საკმარისია, რომ ტაბლოიდებმა „გარუჯული დედიკო“ შემაქრვეს, ინტერნეტში საშინელი შერცხვენა მომიწყვეს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რისი გადატანა მოუწია ჩემს ოჯახს“ - განუცხადა 54 წლის პატრისიამ ჟურნალისტებს და დანანებით აღნიშნა, რომ უკვე უარს ამბობს მზის აბაზანებზე. ჩემი საყვარელი შეზლონგის გაყიდვაც მომიწევსო, დაიჩივლა შეწუხებულმა ქალმა.