სექტემბრიდან კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილები, 9 წლის ჯორჯი, 7 წლის შარლოტა და 4 წლის ლუი ახალ სკოლაში შევლენ - ლემბრუკის კერძო სკოლაში, რომელიც ბერკშირშია. სკოლა კოტეჯ ადელაიდას სიახლოვესაა, სადაც მთელი ოჯახობა გადადის საცხოვრებლად.
იხილეთ კოტეჯი, რომელიც არჩიეს უშველებელ სასახლეში ცხოვრებას
მანამდე ჯორჯი და შარლოტა ლონდონის სამხრეთით სკოლა Thomas's-ში სწავლობდნენ, მათი უმცროსი ძმა კი პრესტიჟულ საბავშვო ბაღში დადიოდა. ლემბრუკში პრინცი ლუი მოსამზადებელ კლასს გაივლის, შარლოტა მესამე კლასში იქნება, ხოლო ჯორჯი მეხუთეში.
ჰერცოგებს ბავშვების ლემბრუკში სწავლება ყოველწლიურად დაახლოებით 51 855 გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ. ეს სკოლა რესპექტაბელურია, თუმცა არ მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად. როგორც სკოლის გვერდზე ვკითხულობთ, "სწრაფად განვითარებად დამოუკიდებელ სკოლაში" 620 ბავშვი სწავლობს.
"1860 წლიდან დღემდე ჩვენ აქ ვზრდით გოგო-ბიჭებს 3-დან 13 წლამდე და ვაძლევთ საშუალებას, გაშალონ ფრთები, რათა უფროსი კლასებისთვის იყვნენ თავდაჯერებულნი, კომუნიკაბელურები, ინტელიგენტურები და კრეატიული ახალგაზრდები, - წერენ სკოლის გვერდზე.
სკოლა დაახლოებით 21 ჰექტარზეა გადაჭიმული. მთავარი შენობა მე-19 საუკუნის ნაგებობაა. ტერიტორიაზე არის ბაღი ფუტკრის სკებით, კურდღლებით, ქათმებით, ბეკეკებით, ღორებით და რამდენიმე ფარშავანგითაც კი.
სკოლის ხელმძღვანელობის თქმით, ეს გარემო ხელს უწყობს ბავშვებში პრაქტიკული უნარების განვითარებას, ცხოველების მოვლას ასწავლის და კიდევ ბევრ საჭირო რამეს.
სკოლის ტერიტორიაზე ასევე არის ტყის მასივი, გოლფის მინდორი, სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილი მოედნები, 25-მეტრიანი აუზი, საცეკვაო სტუდია და ა.შ.
ტრადიციული საგნების გარდა სკოლაში კიდევ ბევრი საგანია, რომელიც მოსწავლეს თავად შეუძლია აირჩიოს - კინემატოგრაფია, ფერმერობა, მეფუტკრეობა, აკვალანგით ცურვა, ფარიკაობა, ჭადრაკი, თხილამურებით სრიალი, პოლო, ჯაზი, ბალეტი, ოპერატორობა და ა.შ.
გასართობის სახით ბავშვებს სთავაზობენ ტყეში სეირნობას, "ჰარი პოტერის" ერთობლივად ყურებას და ხანდახან საზღვრებს გარეთაც გაჰყავთ - იტალიაში, საფრანგეთი, ისლანდიაში...
მოსწავლეებს ფორმა აცვიათ, სპორტულ სამოსს კი სკოლაში ინახავენ და იქვე ურეცხავენ.
ამ სკოლაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს მანამდეც უსწავლიათ - დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილებიც აქ სწავლობდნენ და დედოფალიც ხშირად სტუმრობდა აქაურობას.
ამბობენ, რომ პრინცის შვილების ამ სკოლაში გადაბარგება სულაც არ მოეწონა მშობლების უმრავლესობას, რადგან ახლა საზოგადოების და მედიის ყურადღება სკოლისადმი მოიმატებს და სულაც არ სურთ ეს ცნობადობა.
გარდა ამისა, ამ ამბის გამო უამრავმა მშობელმა გადაწყვიტა, სწორედ იქ შეეყვანა ბავშვი და მოლოდინში მდგომთა სია უსაშველოდ გაიზარდა.