ირაკლი ჟვანია ფიტნესინსტრუქტორი და ამავდროულად, კონტენტ კრეატორია. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და უამრავი ადამიანი აზიარებს. ირაკლი ხშირად მშობლების ყველაზე ცნობილ ფრაზებსა და გამონათქვამებს აცოცხლებს, თავად ირგებს სხვადასხვა როლს და სახალისო კონტენტს ქმნის, მაყურებლისგან კი ბევრ დადებით ემოციასა და შეფასებას იღებს. უფრო ვრცლად მოგვიყვება, როგორ ცხოვრობს სოციალური ქსელების მიღმა და საიდან გაჩნდნენ მისი პოპულარული პერსონაჟები:
-პირველი ვიდეო 1 წლის წინ გადავიღე და უბრალოდ ავტვირთე ტიკტოკზე. 1 დღეში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა. ხალხს ძალიან მოეწონა, მას მერე არ გავჩერებულვარ და ვქმნი კონტენტს. ვცდილობ, მოზარდებზე კარგი გავლენა ვიქონიო. არც ერთ ჩემს ვიდეოში ცენზურა დარღვეული არ არის და არც რაიმე ცუდია წახალისებული. ეს ჩემი სტილი არ არის.
- როგორია საზოგადოების გამოხმაურება, უარყოფითი კომენტარები თუ იწერება და რას უპასუხებდით მათ ავტორებს?
- ერთ-ერთი გამორჩეული ვარ იმ კუთხით, რომ ჰეითერები, უარყოფითი კომენტარების ავტორები არ მყავს. ეგეთი შემთხვევა არც მახსენდება.
- სოციალური ქსელის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება, რისი გაკეთება გიყვართ?
- 10 წელია, ფიტნესით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს ვარჯიში. მიყვარს, როცა ხალხს უანგაროდ ვეხმარები და დამიჯერეთ, ამ 10 წლის მანძილზე ბევრი ადამიანი დავაყენე ფეხზე. სინამდვილეში, ტიკტოკერზე უფრო კარგი ტრენერი ვარ (
იცინის). მიყვარს კითხვა და როგორც კი საშუალება მაქვს, მე და წიგნი მარტო ვრჩებით.
- თქვენ ვიდეოებს შორის ძალიან პოპულარულია დედისა და შვილის დიალოგები, სახალისო ფრაზები - საიდან შეიქმნა ეს გმირები და როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ ადამიანებს ასე ძალიან?
- რაც შეეხება დედას, მინდა ყველამ იცოდეს, რომ საუკეთესო დედა მყავს. პატარა რომ ვიყავი, მკაცრი იყო და მესმის, რატომაც. დედასთან ერთად, ობლად გავიზარდე და მან მამის როლიც მოირგო. თუ რამეს მივაღწიე და დღეს რამეს წარმოვადგენ, მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. P.S. ახლა ძალიან თბილია.
- სამომავლოდ რას გეგმავთ, თქვენი კონტენტი სარეკლამო მიმართულებასაც ხომ არ დაუკავშირდება ან ახლა რამდენად გაქვთ შემოთავაზებები?
- თავიდან არც მიფიქრია, რომ ამით რაიმე თანხის შოვნა შეიძლებოდა. უბრალოდ, გასართობად ვიღებდი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 6 სპონსორი მყავს და შემოსავლის წყაროდ იქცა. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს. ერთ ადგილზე ყოფნა არ მიყვარს. მუდმივად ვცდილობ განვითარებას. ხალხი ძალიან დიდ ძალას მაძლევს, სითბოსა და სიყვარულს მჩუქნიან. ქუჩაში რომ გავდივარ, ვხვდები, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს და ვეცდები, მათ იმედები არ გავუცრუო.
Videoვინ არის დედოფალი ოჯახში?
თამარ იაკობაშვილი