არეულობაში არავის მიუქცევია ყურადღება ერთი ჩვეულებრივი რვეულისთვის, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო აალაპარაკა რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება. ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე, ოცნება და ბედნიერება მოუსპო. უამრავმა დოკუმენტმა შემოინახა ის არაადამიანური სისასტიკე, რაც უდანაშაულო ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუმცა ყველაზე ემოციური და იმ საშინელების უნიკალური "ცოცხალი" მოწმე 13 წლის ებრაელი გოგონას, ანე ფრანკის დღიურია.
1944 წლის აგვისტოში გერმანიის სამხედრო პოლიციამ ებრაელების მორიგი ჯგუფი აღმოაჩინა სამალავში. 8 ადამიანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში სპეციალურ თავშესაფარში იმალებოდა, დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაანაწილეს. სამხედრო პოლიციამ, რა თქმა უნდა, გაჩხრიკა და ყირაზე დააყენა სამალავი... ამ არეულობაში არავის მიუქცევია ყურადღება ერთი ჩვეულებრივი რვეულისთვის, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო აალაპარაკა. ეს თავშესაფრის ბინადრის, 13 წლის ანე ფრანკის დღიური იყო, რომელსაც გარე სამყაროსგან მოწყვეტილი გოგონა 2 წლის განმავლობაში უზიარებდა შიშს, სასოწარკვეთილებას, ზოგჯერ კი ბავშვურ, სასაცილო შთაბეჭდილებებს. ბევრს მიაჩნია, რომ იმ საზარელი ომის მამხილებელი დოკუმენტებიდან ანეს დღიური ყველაზე სულისშემძვრელი და ტრაგიკულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასევე ტრაგიკულად განვითარდა მისი დამწერის ბედიც...
ანე ებრაელი კომერსანტის, ოტო ფრანკის უმცროსი ქალიშვილი გახლდათ. ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა ებრაელთა დევნის გამო ჰოლანდიას შეაფარა თავი. გერმანელებმა იქაც დაიწყეს ებრაელთა შევიწროება და როცა უფროს ქალიშვილს, მარგოს გესტაპოდან უწყება მოუვიდა, ოჯახი სპეციალურად მოწყობილ სამალავში გადაბარგდა. თავშესაფარი თანამშრომელთა დახმარებით ფირმის შენობაში მოაწყვეს. ამავე თავშესაფარში კიდევ ერთი ოჯახი - ვან დაანი ცოლითა და ვაჟიშვილი პეტერით, ასევე კბილის ექიმი დუსელი გადავიდა. საბოლოოდ ეს 8 ადამიანი სრულებით მოწყდა გარე სამყაროს და თავშესაფრის მკაცრ წესებს დაემორჩილა. საარსებო საშუალებებს ისინი მეგობრებისგან იღებდნენ. თავშესაფარში მიმდინარე ამბებს კი ანე დღიურში აღწერდა, რომელსაც წარმოსახვითი მეგობარი, კიწი უწოდა.
"გუშინ უსაზღვრო შიში განვიცადე. რვა საათზე ზარი დარეკეს და ყველაზე საშინელი რამ წარმოვიდგინე - ხომ იცი, რაზეც ვლაპარაკობ. დამარწმუნეს, ქუჩის ბიჭებმა დარეკესო... ჩვენ ძალზე ჩუმად ვართ, ვინ იფიქრებდა 3 თვის წინ, რომ მოუსვენარი ანა საათობით იჯდებოდა ერთ ადგილას და ხმას არ გაიღებდა."
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 1943 წელი
"რაც უფრო დიდხანს გრძელდება ჩვენი აქ ყოფნა, მით უარესად ვეგუებით ერთმანეთს. სუფრასთან ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას, რადგან რაც არ უნდა თქვა, მაინც უკუღმა გაიგებენ. დეპრესია დამეწყო, ვალერიანის წვეთებს ვსვამ, მაგრამ არ მშველის და დღითიდღე უფრო ცუდ გუნებაზე ვდგები. ათი პატარა აბის გადაყლაპვას ერთი გულიანი გაცინება ჯობია, მაგრამ აქ სიცილს თითქმის გადავეჩვიეთ. ზოგჯერ იმისიც კი მეშინია, რომ სანამ ეს მძიმე დრო გადაივლის, დავმახინჯდები - პირი მოკუმული დამრჩება, სახეზე კი მწუხარების ნაოჭები გამოჩნდება. "
"თავს ისე ვგრძნობ, როგორც ფრინველი, რომელსაც ფრთები შეაჭრეს. "გარეთ გამიშვით" - გაჰკივის ჩემში ყველაფერი. მენატრება ჰაერი, სიცილი, მაგრამ ვიცი, რომ პასუხს არავინ მომცემს. დასაძინებლად მივდივარ, იქნებ როგორმე მოვკლა შიშით დამძიმებული დრო".
კვირა, 13 თებერვალი. 1944
გუშინდელს აქეთ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. და აი როგორ: დანაღვლიანებული ვიყავი, მე ახლაც ნაღვლიანი ვარ, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა... სწორედ ამ დილით შევნიშნე - და გულახდილად გეუბნები, ამ ამბავმა დიდად გამახარა - რომ პეტერი თვალს არ მაშორებდა. ისე კი არ მიყურებდა, როგორც სხვა დროს, არამედ როგორღაც უცნაურად, არ ვიცი როგორ, ვერ აგიწერ. ადრე მეგონა პეტერს მარგო უყვარდა, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, საქმე ასე არ ყოფილა. მთელი დღის განმავლობაში ვარიდებდი თვალს, თუ შევხედავდი, ისიც შემომაჩერდებოდა და მაშინ ისეთი საამო გრძნობა მეუფლებოდა, რომ არ მინდოდა ხშირი გამეორებით დაჩლუნგებულიყო"
შაბათი, 4 მარტი, 1944 წელი
"დილიდან საღამომდე მარტო ის მახარებს, რომ პეტერს ვნახავ... პეტერს სახეზე ვამჩნევ, რომ ისიც ბევრს ფიქრობს ჩემზე".
ოთხშაბათი, 22 მარტი 1944 წელი
"ცხოვრება სულ უფრო მშვენიერი ხდება. ჩვენ ამ თავშესაფარში ნამდვილი სიყვარულის განცდა მოგველის. არ ვფიქრობ იმაზე, გავყვები თუ არა ცოლად, არ ვიცი გვეყვარება თუ არა მომავალშიც ერთმანეთი... როცა იცინის ლამაზია, როცა წყნარადაა, ძალიან საყვარელია და კარგი"...
პარასკევი, 19 მაისი, 1944 წელი
"თავშესაფარში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც გაძარცვეს, ვიღაც მოკლეს, გაქურდეს და ამას პროფესიონალი ავაზაკების გარდა პოლიციელებიცა და დარაჯებიც ჩადიან. ყველა ცდილობს, რითიმე გაივსოს კუჭი და რადგან ხელფასის მომატება აკრძალულია, ხალხი ყოველგვარ თაღლითობას მიმართავს."
დღიურში ბოლო ჩანაწერი 1 აგვისტოს არის გაკეთებული. როგორც ჩანს, თავშესაფრის ბინადრებს არავითარი ეჭვი არ ჰქონდათ, რომ მათ სამალავს უკვე უთვალთვალებდნენ...
4 აგვისტოს პოლიციამ თავშესაფარი აღმოაჩინა... დააპატიმრეს ყველა ლტოლვილი, ასევე მათი მფარველები კრალერი და კოოპჰოისი.
დაპატიმრებული ებრაელები ციხიდან ვესტერბორკის გამანაწილებელ ბანაკში მოხვდნენ. 3 სექტემბერს ანეს დედ-მამა და ვან დაანების ოჯახი ოსვენციმში გაგზავნეს, მარგო და ანე კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ანეს მეგობარი ლისი ბანაკში შეხვედრას ასე იხსენებს: "ანეს ძონძები ეცვა, სიბნელეშიც კი ჩანდა, როგორ გამხდარიყო, თვალები კიდევ უფრო გაფართოებოდა... ორივენი ვტიროდით, ვიდექით და ვტიროდით. ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებდა".
ოსვენციმში დაიღუპნენ ანეს დედა და ცოლ-ქმარი ვან დაანები, პეტერი და ექიმი დუსელი. 1945 წლის თებერვალში შიმშილისგან გარდაიცვალა მარგოც, გაზაფხულზე კი - ანეც...
თავშესაფრიდან მხოლოდ ანეს მამა გადარჩა. ომის შემდეგ ჰოლანდიაში დაბრუნდა. სწორედ იქ გადასცეს ახლობლებმა ანეს დღიური. ის ჩხრეკის შემდეგ უწესრიგოდ მიმოფანტულ ნივთებს შორის იპოვეს.
ანე ფრანკის დღიური 10-ჯერ გამოიცა ჰოლანდიაში, 20-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გამოვიდა. ის იმედის, სიმამაცისა და ძლიერების სიმბოლო გახდა. ერთ-ერთი ლტოლვილი, რომელიც თავშესაფრის ბინადრებთან ერთად ვესტერბორკის გამანაწილებელ ბანაკში იმყოფებოდა, ანეს ასე იხსენებს: "ანე ფრანკსა და პეტერ ვან დაანს ყოველდღე ვხედავდი. მუდამ ერთად იყვნენ... ანეს თვალები უბრწყინავდა... და ისე თავისუფლად ეჭირა თავი, ისეთი პირდაპირი გამოხედვა ჰქონდა, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი: იგი ხომ აქაც ბედნიერია".