ტურია პიტის და მისი უდიდესი სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი 2011 წელს 24 წლის სპორტსმენი და ფოტომოდელი ტურია პიტი, "მის ავსტრალიას" ყოფილი ნომინანტი, დიდ მარათონულ გარბენში მონაწილეობდა.
მარათონის მარშრუტი ტყესა და მთებზე გადიოდა. ამაღლებულ ადგილას ერთდროულად ექვსნი ადიოდნენ: ოთხი მამაკაცი, ტურია და კიდევ ერთი ქალი. თითქმის სულ წვერზე იყვნენ, როცა სადღაც უკან ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე წამში ცეცხლი მორბენალთა გარშემო დატრიალდა. შემდეგ ტურიას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსოვდა მოვლენები: როგორ დაჯდა მიწაზე, გადაიფარა ჟაკეტი, როგორ დაცხა თანდათან სულ უფრო და უფრო, მერე ამ აუტანელ სიცხეს რომ გაქცეოდა, როგორ წამოხტა და გაქცევა სცადა... და პირდაპირ ცეცხლში შეფრინდა. "მერე იყო უბრალოდ სიშავე და ძალიან საშინელი სიცხე".
ტურიამ ყველა თითი და მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა. მარცხენა გადაურჩა. მოგვიანებით, ექიმებს ფოტომოდელის ფეხის მოკვეთაც მოუწიათ. პირველ დღეებში ექიმებს იმის იმედიც არ ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა. ხოლო როცა კრიტიკულმა მომენტმა გაიარა, ცხადი გახდა, რომ საავადმყოფოებში გოგონა რამდენიმე წელს გაატარებდა.
და თუ ამ უმძიმეს და სიცოცხლისთვის საშიშ პირველ დღეებში მას ახალგაზრდობა და კარგი ჯანმრთელობა დაეხმარა, პირველად საკუთარი სახის სარკეში დანახვა და პროთეზთან შეგუება, როგორც ტურია ამბობს, მხოლოდ სიყვარულის წყალობით შეძლო.
ტურიამ და მაიკლ ჰოსკინმა ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი, თუმცა 21 წლისებმა დაიწყეს შეხვედრები. რაც გოგონას შეემთხვა, მაიკლმა მოგვიანებით შეიტყო, როცა გოგონა უკვე ჰოსპიტალში გადაჰყავდათ გადასარჩენად. მისთვის ყველაზე იოლი გამოცდა აღმოჩნდა დამახინჯებული სახის დანახვა. მაიკლი იმას უფრო განიცდიდა, რომ ტურიას ამპუტაციის შემდეგ არ შეეძლო არათუ სირბილი, არამედ სიარულიც კი. თითქმის ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად დაბანას, ჭამას, დახმარების გარეშე საპირფარეშოში სიარულს და ა.შ. მას დღე დაEღამე სჭირდებოდა მოვლა. მაიკლი ამაზე წავიდა. შეიცვალა სამსახური, რომ სახლში მეტ ხანს ყოფილიყო. ხელახლა ასწავლა სიარული, ჩაცმა, პრაქტიკულად მის ხელებად და ფეხებად იქცა. ორი წლის განმავლობაში, სანამ ტურია ცოტა არ მოკეთდა.
ახლა ჰოსკინი საყვარელ ქალზე ხშირად ამბობს: "ის ლამაზია!~ - და ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, - `მას გიჟური ენერგია აქვს. ცდილობს ჩემსავით აქტიური იყოს. ყოველდღე 7 საათზე დგება, რომ ისეირნოს, ფიზიოპროცედურები გაუაროს, იცურავოს, ამ დროს ჩემთან ერთად ატარებს და მიკრძალავს, შევიცოდო ან დავუთმო. ის საოცარი ადამიანია. მას ვერ იწოდებ "გადარჩენილს". მთელი ეს დრო არ ცდილობდა გადარჩენას, ის ცდილობდა სრულფასოვნად ეცხოვრა ყოველი დღე".
ყველაზე საშინელი პერიოდი წყვილმა გაიარა და ერთად დარჩა. 2014 წელს ავსტრალიურმა ჟურნალმა ტურიას ფოტოსესია მოუწყო და ასე დააბრუნა სამოდელო ბიზნესში. ტურია ხშირად იმეორებს, რომ ცხოვრებისკენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა მოაბრუნა.
"ხანძარმა გამხადა უფრო მადლიერი ყველაფრისთვის, რაც მაქვს, ყოველი გავლილი დღისთვის. ადრე ამდენ რამეზე არ ვფიქრობდი, როცა ჩემს ბოიფრენდთან ერთად დასაძინებლად ვწვებოდი.
ახლა ვფიქრობ, როგორ გამიმართლა, რომ ამ საოცარი მამაკაცის გვერდით ვწერავ. ის ძალიან კარგია და გამიმართლა, რომ მასთან ვარ. როცა მის გვერდით ვიღვიძებ, ეს შესანიშნავი დღეა. მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ", - ამბობს ტურია.
დღესდღეობით ტურია ბევრს მოგზაურობს, მონაწილეობს მარათონებში. ცოტა ხნის წინ მაიკლმა ხელიც სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ახლა კი ტურია უკვე ორსულადაც არის და ეს სასიხარულო ამბავი ინსტაგრამით ამცნო საზოგადოებას.