ცნობილი მწერლის მრავალფეროვანი სასიყვარულო ცხოვრება "სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასოდესაა სრულყოფილი სიყვარულში...” - ალბათ ამ მრწამსით, დროისა და გამკიცხავი შეფასებების შიშის გარეშე განიცდიდა გრიგოლ რობაქიძე უკანასკნელ "სულ სხვა" სიყვარულს... მაშინ თავად 80-ის, ავსტრიელი მხატვარი გიტა შტრახვიტცი კი მხოლოდ 19 წლის იყო... გაცნობამდე, რაც სავარაუდოდ, გიტას სურათების ერთ-ერთ გამოფენაზე მოხდა, ქალს გრიგოლი 12 წლის წინ სიზმრად უნახავს... ამ დაუჯერებელი მისტიური სიყვარულისა და მწერლის პირადი ცხოვრების სხვა დეტალების შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა კვატაია საუბრობს...
- პირველი წერილი იმხანად ჟენევაში მცხოვრები ქართველი მწერლისათვის გიტას მიუწერია. ბარათის მიღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე უკვე ამგვარად მიმართავს გიტას: "შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი საოცრება ხარ... საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე, ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება”. ქალი კი სწერდა: "შენდამი სიყვარულში, როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის - ხარ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი".
გიტამ და გრიგოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადვილი არ იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მწერალმა გიტას მშობლებს ბარათი გაუგზავნა და ქალიშვილის ხელი სთხოვა. გრიგოლ რობაქიძეს დის თხოვნით ფოტოსურათი გადაუღია, რომლის შესახებაც თავადვე წერს: “ერთი გაურკვეველი გრძნობა მაკავებს. სურათზე წარმოუდგენლად გაახალგაზრდავებულად გამოვიყურები” .
- დიახ, ეს იყო 1962 წლის 17 ნოემბერს. მწერალმა შეიტყო, რომ გიტასთვის ხელი 38 წლის კარგი გარეგნობისა და მდგომარეობის ამერიკელსა და 60 წლის ყოფილ დიპლომატსაც უთხოვიათ. მწერალი წუხს ამის გამო და აღელვებული სწერს: “შენ მაინც ის აირჩიე, ვინც მისტიურად, როგორც შეყვარებული, უძველეს დროში განიცადე... რომ გათხოვილიყავი, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდა.” ქალმა გრიგოლს ქორწინებაზე საბოლოოდ უარის ბარათი გაუგზავნა, თუმცა, მან ადრესატამდე ვეღარ მიაღწია. 1962 წლის 20 ნოემბერს, ერთ-ერთი ვერსიით, ამ წერილის მიმტან ფოსტალიონს, კარი რომ არავის გაუღია, პოლიცია გამოუძახებია და ოთახში უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი გრიგოლ რობაქიძე უნახავთ. სასამართლოს, მიღებული წესისამებრ, მისი ბინა დაულუქავს. დიდი მწერალი სრულ მარტოობაში აღესრულა.
მისი ცოლის დისშვილი, ალია, გერმანელ პოეტს, ჰანს პეშკეს აუწყებდა, გრიგოლ რობაქიძე გულის ინფარქტით გარდაიცვალაო: “დიდი ხანია, ის ასე ჯანმრთელად არ ყოფილა, ასე სავსე სიცოცხლის ხალისითა და ახალი შემოქმედებითი ენერგიით. მან სწორედ ამ კვირაში დიდი სასიხარულო მღელვარება გადაიტანა და, ვფიქრობ, ეს მღელვარება მისი გულისათვის მეტად ჭარბი აღმოჩნდა”. მართლაც, უკვე სოლიდური ასაკის გრიგოლ რობაქიძე სიცოცხლის მიწურულს ძალზე ინტენსიურად მუშაობდა. მან ბევრი ახალი, ღირებული თხზულება შექმნა, რომელთა ხელნაწერ ტექსტებს ხშირად გიტასაც უგზავნიდა.
- მწერალი კიტა აბაშიძეს სწერს: “ჩემი ინდივიდუალური ყოფა საშინლად მოშხამა ერთმა ფაქტმა: თავი მოიკლა საყვარელმა არსებამ. ამას ისიც დაერთო თავს, რომ არ ვიცი, რად მოიკლა თავი. ვერ ავსწერ ამ ტანჯვას; არც არის საჭირო... ერთი რომანი მაქვს მოფიქრებული, - და შეიძლება, იქ ჩავაქსოვო იგი.” როგორც ამ ბოლო წლებში გაირკვა, იულიას თავი არ მოუკლავს. იგი მშობლებმა, უბრალოდ, გადამალეს. მწერალმა კი ამით ძლიერი სულიერი ტრავმა მიიღო.
- პირველი მეუღლე, ნინო დომენსკაია ირანში გაიცნო. მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა, მეორე შვილის არსებობა არ დასტურდება. ლექსებში ყველგან მწერლის ერთი ქალიშვილი - ალლა ფიგურირებს.
- დიახ, გრიგოლის პირველი ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ნინო, გრიგოლის სურვილის წინააღმდეგ, ბავშვთან ერთად მშობლებთან, აზერბაიჯანში გაემგზავრა. იქ ქუნთრუშასა და წითელას ეპიდემია მძვინვარებდა.
აზერბაიჯანში ბოლშევიკები შეიჭრნენ და ქალისთვის იქედან წამოსვლის ნება არ მიუციათ. რამდენიმე თვის შემდეგ მწერალს ნინასგან ბარათი მიუღია. ატყობინებდა, რომ გაჭირვებისა და შიმშილის გამო ბავშვი უკვდებოდა. „ვკითხულობდი ამ შემზარავ სიტყვებს და ვგრძნობდი უსაზღვრო ტკივილს. ვარჩიე რამდენიმე წიგნი და გავეშურე მთავრობის სასახლისაკენ. მინდოდა, წიგნები მთავრობასთან არსებულ წიგნთსაცავისთვის მიმეყიდა და ფული მყისვე დამშეული ცოლ-შვილისათვის გადამეგზავნა,” - წერს მწერალი. ამ დროს მას პაოლო იაშვილი შეხვედრია და თავადვე მოუგვარებია ყველაფერი: ფული უშოვია, სანოვაგე უყიდიათ და ტიციან ტაბიძის თანხლებით სამივე აზერბაიჯანის საზღვრისაკენ გამგზავრებულან, უნებართვოდ გადაულახავთ საზღვარი და აქსტაფაში ჩასულან, რათა იქ მოენახათ ვინმე, ვინც გრიგოლის მეუღლეს პაკეტს გადასცემდა. ალლა დაავადდა და სრულიად მცირე ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწერალი მეუღლეს გაშორდა. “მასზე ლამაზი ქალი არ მინახავს, მაგრამ ძნელი დასაურვებელიაო”, - უთქვამს ცოლზე ერთ-ერთი ახლობლისათვის მწერალს.
- ელენასა და გრიგოლს საკუთარი შვილები არ ჰყავდათ და ობოლი ბავშვი იშვილეს. მალე ელენა გრიგოლთან და ალიასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. 1950 წელს ქალს დამბლა დაეცა. მიხეილ წერეთელს სწერდა გრიგოლ რობაქიძე: "მართალია, ჩემმა ცოლმა მოიკეთა სხეულით – ხოლო ენა ჯერ კიდევ ვერ აიდგა.…წარმოიდგენ, თუ როგორ იტანჯება საცოდავი ჩემი ცოლი. წარმოიდგენ ჩემს თანატანჯვასაც... უნდა ვამზადო: საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. შემდეგ: ალაგება ბინისა, ხვეტა, წმენდა. შემდეგ მოვლა ავადმყოფისა – ვასრულებ ფუნქციებს სათნოების დისა...… დროდადრო მჭირდება რეცხვაც.. მწერლობისათვის აღარა მაქვს დრო”. ამ დროს მწერლის ფინანსური მდგომარეობაც სავალალო იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ელენა ფიალკინას დამბლა გაუმეორდა და მალევე გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილმა მწერალი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო, რაც მთელი წელი გაგრძელდა.
- დიახ, ახალი თაობის იდეალი და კერპი, მოაზროვნე და ესთეტი, ქართული ლიტერატურის მეტრი - "ნამდვილი ქართველი იყო თავისი გულისთქმითა და მისწრაფებით, ამაყი თავისი წარსულითა და კულტურით, მაგრამ გარეგნობით, მთელი თავისი იერით, ის უფრო ტიპიური ევროპელი იყო... თვალში გეცემოდათ მისი იმპოზანტიური ფიგურა, უაღრესად აკურატულად გამოწყობილი... ტანად გრიგოლი საშუალო სიმაღლისა იყო, თხელი, პირხმელი, მხრებში გამართული, მეტად მიმზიდველი შესახედაობისა. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ჭკვიანი გამომეტყველებით აღსავსე შავი თვალები, რომელნიც თითქოს შენს სულში იმზირებიანო. შვენოდა გაღიმებაც, თითქოს გაანათაო, როცა ბაგეს გახსნიდა... დინჯი იყო, სიარულიც დინჯი ჰქონდა, ასევე ლაპარაკიც: აუჩქარებელი, თანაბრად მდინარი, უმეტესად ლაკონური, მოკლე ფრაზებით, რომელიც ხავერდოვან ბარიტონთან ერთად უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებდა მსმენელს.. ყოველი მისი სიტყვა აღბეჭდილი იყო საზრიანობით, დაკვირვებულობით, გონიერებით”.
"როცა ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, ჩემი დაბადების დღეს, სანთელს ანთებდეს სალოცავის წინ და ლოცვაში მიხსენიებდეს, მეტს არას ვთხოვ საქართველოს", - გრიგოლ რობაქიძეშორენა ლაბაძე
ქალები, რომლებიც აკაკი წერეთელს უყვარდა - ცოლიანი პოეტის გატაცებები