ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
სვეტა კვარაცხელია
დასაწყისი
- ადე, მივდივართ! - სახედაჭორფლილი ეკა თავს წამოადგა ქვიშიან ნაპირზე გაწოლილ ნუკის, რომელიც მზეს ნეტარებით თვალდახუჭული ეფიცხებოდა.
გოგონამ თვალები გაახილა და ბიძაშვილს უკმაყოფილოდ ახედა.
- სად მივდივართ?
- სად და ზესტაფონში! სად წავალთ... მცხეთაში ვბრუნდებით! - გაღიზიანებული ჩანდა ეკა.
- მაგრამ ჯერ სამი დღე დაგვრჩა კიდევ, რატომ არ ვრჩებით? ძლივს გამოვიდა ამინდი...
- იმიტომ, რომ მაქსი ჩამოდის, ამაღამ აეროპორტში უნდა დავხვდეთ, გასაგებია?
- ოოო! აკი თვის ბოლოს ჩამოვდივარო? - ნუკი წამოჯდა, ბარძაყებზე შემშრალი სილა ჩამოიფერთხა და სევდიანად გახედა ზღვის მონანავე ტალღებს.
- აუ, ნუ შემჭამე, რა! ადე, რომ გეუბნები! დროზე ჩაალაგე შენი ხარახურა და წავედით! მამა გველოდება! - დოინჯშემოყრილმა გოგონამ თვალები დააკვესა და ჩქარი ნაბიჯებით გაერიდა.
როგორ ესიკვდილება ახლა ნუკის მცხეთაში დაბრუნება. აი, რატომაა ცუდი, სხვასთან რომ ცხოვრობ, სხვაზე რომ ხარ დამოკიდებული, სხვის კმაყოფაზე რომ ხარ. ნუთუ არასდროს ეღირსება თავისი? არა, არასდროს! რითი? ვისით? არ მუშაობს, არც პერსპექტივაში ეჭყანება რამე სასიკეთო. მოუწევს ალბათ მთელი ცხოვრება თამარასა და ეკას მოახლეობა. ბოლო სიტყვის გაფიქრებაზე გაეღიმა. საიდან მოაგონდა "მოახლე"? ვინღა იყენებს ახლა ამ სიტყვას? ეჰ, რა დროს ეგ არის! წავიდეს, დროზე ჩაალაგოს ბარგი, სანამ კიდევ დასცხო პატარა ქალბატონმა. ნეტავ, რა უნდა, რას ერჩის ეს გოგო? რა დაუშავებია მისთვის? კარგის მეტი, ცუდი არასდროს გაუკეთებია ბიძაშვილისთვის, სითბოს მეტი არაფერი დაუნახვებია. ის კი... როგორი უმადურიც იყო, ისეთადვე დარჩა. ხანდახან ეჭვი გაკენწლავს ხოლმე, ჩემი ხომ არ შურსო, თუმცა წამსვე უკუაგდებს ამ ეჭვს. განა რა სჭირს ეკას მისი შესაშური? ნუკიზე ახალგაზრდაა, შეყვარებული ჰყავს (თანაც უცხოელი), სახლი აქვს, კარი, მანქანა და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. რა უნდა შეშურდეს? ის, რომ გარეგნულად ნუკი ჯობია? მერე რა? რა თავში იხლის გარეგნობას, თუკი არაფერში ადგება? ერთი კაცი ვერ გამოინახა მისთვის, ოდნავ მაინც რომ მოწონებოდა და ცოლად გაჰყოლოდა. მშობლებში ხომ არ გაუმართლა და არ გაუმართლა! ახლა რომ მამა ცოცხალი ჰყავდეს... მერედა, დედა? დედა ხომ არის ცოცხალი, ჯანმრთელი და უვნებელი? ჰო, არის, მაგრამ რა ხეირი? არც კი იცნობს, თვალით არ უნახავს არასდროს. ზუსტად ისიც არ იცის, ბათუმში ცხოვრობს თუ ქუთაისში. ან როგორია შესახედავად - ლამაზი, მახინჯი... როგორ იმოქმედა მასზე წლებმა, ტკბილ-მწარე ცხოვრებამ?.. მეზობლები ამბობენ, ძალიან ლამაზი ქალი იყოო. შექსპირის ჯულიეტასავით ლამაზი იყო ჩვენი ჯულიო, წამოცდა ერთხელ სიმთვრალეში ხუტა ბიძიას. არადა, სხვა დროს ჯულიეტაზე სახლში არასდროს ლაპარაკობენ. გურული ქალის სიფიცხით განსაკუთრებულად ყოფილა "დაჯილდოებული" და სიცოცხლე გაუმწარებია ნუკის მამისთვის, გამუდმებით ეჭვიანობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა თურმე ქმარს. ერთხელაც, დაჰკრა ფეხი და გაშორდა... რა არ იღონა დათიკომ, მაგრამ ვერაფრით შეირიგა ცოლი. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჯული ხელმეორედ გათხოვდა, თანაც სულ რამდენიმე თვეში... აი, აქ დაიკარგა მისი კვალი. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. იქამდე ჰყავდა ჯულის შეგულებული ახალი საქმრო და ხელოვნურად ძაბავდა ოჯახში სიტუაციას, თუ დათიკოს ჯიბრზე სასწრაფოდ იპოვა სხვა და მისთხოვდა. აღარ სურს ნუკის ახლა ამის გახსენება. ისედაც დიდი ტკივილი დაუტოვა წარსულმა... მაგრამ თუ ოდესმე შეხვდება დედას, არასდროს აპატიებს მის მიტოვებას. არამხოლოდ მიტოვებას... მერე რა, ბევრ დედას დაუტოვებია შვილი, მაგრამ არ დაუკარგავს. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო ქალიშვილის ბედით? ერთხელ მაინც მოეკითხა? მთლად პატარა რომ მიაგდო, მთლად ჩვილი და გაუჩინარდა? ორი წლის ყოფილა ნუკი მაშინ... არც კი... ეს კიდევ არაფერი... ერთი წელიც არ იყო გასული დედ-მამის დაშორებიდან, რომ მამა გარდაიცვალა. ცხელ გულზე სმა დაიწყო და ერთხელაც უგონოდ მთვრალი ბოძს შეასკდა თავისი მანქანით... "ფორდი" ისე იყო დაჭეჭყილი, ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და გარდაცვლილი ისე გადმოასვენეს მანქანიდან.
ეს ყველაფერი გვიან გაიგო ნუკიმ, ნუშისთვალება ლამაზმა გოგონამ, მაშინ, როცა წამოიზარდა და "გონში ჩავარდა". დაობლებულის მოვლა-პატრონობა კი მამის ძმამ, ხუტამ იკისრა. მაშინ ბიძამისს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა და ჯერ კიდევ პატარძალმა თამარმა სიხარულით მიიღო "ახალგამომცხვარი" სხვისი შვილი, რადგან იმხანად საკუთარი არ ჰყავდა. სამი წლის შემდეგ ეკა გაჩნდა და ბავშვები ერთად დაიზარდნენ. წესით, გოგონებს დებივით უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ეკი ისეთი ჭირვეული და თავნება ბავშვი იზრდებოდა, სისხლს უშრობდა ბიძაშვილს, პირველობას არა და არ უთმობდა, ყველაფერში ჯიბრში უდგებოდა. სამაგიეროდ, ხუტას არ გამოერჩეოდა ნუკი ღვიძლ ქალიშვილში, არაფერს იშურებდა იმისთვის, რომ ძმისშვილს ობლობა არ ეგრძნო, განსაკუთრებით მას შემდეგ, სინდისის ქენჯნამ რომ შეაწუხა. იკითხავთ ალბათ, რა სინდისის ქენჯნამ, რა ჩაიდინა ამისთანაო... რა და... თხუთმეტიოდე წლის წინ ვალები დაედო, რის გამოც ძმის სახლი გაყიდა და ცამეტი წლის ნუკი უსახლკაროდ დატოვა. დღემდე ჰპირდება ბიძა, მალე ისევ დავდგები ფეხზე და მცხეთაში კი არა, თბილისში გიყიდი ბინასო, მაგრამ... ატყობს გოგონა, რომ ბიძის შეპირებას ასრულება არ უწერია. ეხუმრები შენ დღევანდელ დღეს თბილისში ბინის ყიდვას? რომელი მილიონერი ხუტაა? მართალია, არ უჭირს, მშვენივრად მიჰყავს თავისი ბიზნესი, მაგრამ ეკას გადამკიდე რა ფულის დაგროვებას მოახერხებს? არაფერს იკლებს ქვეყნის ზურგზე, თუკი რამე მოესურვება. სხვა რომ არაფერი, წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ დადის დასასვენებლად. ზაფხულში თურქეთში, ზამთარში ეგვიპტეში - დედასთან ერთად. ნუკი კი ამ დროს არავის ახსენდება. ის შინ უნდა დარჩეს და ოჯახს მიხედოს.
ამ უკანასკნელის ერთადერთი შვება და სიხარული ზაფხულობით ქობულეთში დასვენებაა, აგვისტოში, როცა თურქეთში "სტარტაღებული" დედა-შვილი "ანტალიურ არდადეგებს" ქობულეთში "აფინალებს".
აი, წელსაც ჩამოვიდნენ ოთხივენი. როგორ უხაროდა ნუკის, სანამ ზღვის ჰაერს შეისუნთქავდა, სანამ სანაპიროზე გავიდოდა. ზღვის ხმაურმა ერთიანად აღატყინა, ისეთივე სასიამოვნო უჩვეულობით, როგორც პირველ პაემანზე მიმავალი ქალი. როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ მარტო აღმოჩნდა ამ უკიდეგანო საოცრებასთან - ნაკვალევდატოვებულ ქვიშის "ველზე" ამაყად იღერებდა ტალღებს მწვანე, მოლივლივე ზღვა. სიყვითლეშეპარულ ჰორიზონტზე ნახევრად ჩასვენებულიყო მთვლემარე წითელი მზე, სხივების ლაპლაპა ზოლი ტალღებზე დაესვენებინა და ზანტად ათვალიერებდა დამსვენებლებს.
ეს იმპერია იყო, მწვანე იმპერია... დაუღალავად შეეძლო ეყურებინა ზღვისთვის. ის უსასრულო იყო, სულშთაბერილი არსება, ბრძენი, მჭევრმეტყველი, გოლიათი და გამოუცნობი. ხან მძინარე ჩვილივით მშვიდი და უშფოთველი, ხანაც დაჭრილი მხეცივით საშიში, მრისხანე და ბობოქარი. განსაკუთრებით საღამოს იყო საამო საცქერი - დღის განმავლობაში ნაგორავები დაღლილი ტალღები თვლემას რომ იწყებდნენ, ტყლაშუნით, უსუსურად ეხეთქებოდნენ ქვიშიან ნაპირს ქაფმორეულნი, მარილის სურნელით გაჟღენთილნი.
ზღვა მუდამ იპყრობდა ნუკის აზრებსა და გრძნობებს, ბავშვობიდან ზღვის თანამოაზრე გახდა. ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა. ზოგი თავშესაფარს პოეზიაში პოვებს, ზოგიც ზღვასთან მეგობრობს, ესმის მისი ენა, ზოგი კი სხვა ქვეყანაში გარბის მყუდრო სავანის საძებნელად... ნუკი კი... ნუკიმ თავისი ცხოვრება წყლის სტიქიას დაუკავშირა. ეს ადგილი თითქოს სამყაროს დასასრულია, რომლის იქით აღარაფერი არსებობს. აქ კარგად გრძნობს თავს. ზღვა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია მესაიდუმლის მაგივრობა გაუწიოს. ამასაც თავისებური ახსნა აქვს - განა იგი მარადიული ცხოვრების განსახიერება არ არის? მოკვდავნი მიდიან და მოდიან, ზღვა კი რჩება. ვინ იცის, რამდენის ბედნიერება დამარხულა მის ფსკერზე, ან რამდენი უბედური ადამიანის სული მიუბარებია აზვირთებულ ტალღებს ნებით თუ ძალით.
ეჰ... რა ეშველება, როგორი მეოცნებეა... ეს, ალბათ ყველა მარტოსული ადამიანის გამორჩეული თვისებაა... ოცდაცხრა წლის ასაკში ხომ არც ისე ცოტა იცი ცხოვრების შესახებ, თუმცა არც ისე ბევრიც, მაგრამ გამოცდილება გიგროვდება. ნუკის ყველაფრის იმედი აქვს დაკარგული. მისი აზრით, ეს ის ასაკია, როცა უკვე ახალს აღარაფერს მოელი არც მაღალი მიზნებისგან, არც მომავლისგან და სიმშვიდეს მხოლოდ ლამაზ პეიზაჟებში ჰპოვებ. პეიჟაზი არასდროს გიმტყუნებს, არასდროს გაგიცრუებს იმედს... ერთადერთი, დიდ სიყვარულს შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს, სხვას არაფერს... მაგრამ სად არის? არც არსად. როცა შინ არის, ყოველთვის მარტო რჩება სიჩუმესთან და სევდა იპყრობს, ავბედითი მარტოობა, რომელიც თითქოს ყელში უჭერს და ახრჩობს, იმის მაგივრად, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეს. აი, ზღვასთან კი არასდროს არის მოწყენილი, ზღვასთან ერთობა, უკიდეგანოდ თავისუფლად გრძნობს თავს. ამ დროს მისი ფიქრიც ზღვასავით არის. ტალღებივით იწყებს აზვირთებას და ხმაურით აწყდება გონების კალაპოტს. ამ დროს ის მარტოა, საკუთარ მთელს გამოყოფილი. ან პირიქით - მარტო, მაგრამ სხვებში გაფანტული, შერეული, გახსნილი.
როცა ზღვაზე ჩამოდის, ერთი სურვილი აქვს მხოლოდ - შემოიტმასნოს ზღვის მზე სხეულზე, შეისხუროს მისი სხივები მარილიანი ტალღებივით და გაირუჯოს. უხდება ნამზეური, სულ სხვა ქალი დგება, როცა მისი კანი ფერს იმუქებს. თვალები უფრო ცეცხლოვანი უხდება, ავაზასავით გამჭვირვალე და მოელვარე. ასეთ ფორმაში მამაკაცების ყურადღებასაც მეტად იქცევს. ისედაც არ გამოიყურება "ცუდად". მართალია, ანგელოზი არ არის, მაგრამ არც უმაგისობაა. აი, ცოტა მეტი სიმაღლე რომ მიეცა მისთვის განგებას, მთლად დახატავდა.
"რა სულელი ვარ. რა დროს სიმაღლეზე ფიქრია. მე ხომ ვიცი, რომ არც ყველაზე ლამაზი ვარ და არც ყველაზე ჭკვიანი. მე ერთი სიბერისკენ მიმავალი ქალი ვარ, მარტოხელა და მარტოსული, რომელსაც ჯერ კიდევ შემომრჩა იმედის მცირე ნაგლეჯი, თუმცა შაგრენის ტყავივით ისიც ყოველდღე უფრო და უფრო ილევა".
ნუკიმ კიდევ ერთხელ გახედა ჰორიზონტზე ნახევრად ჩაგორებულ წითელ მზეს, თვალი ჩაუკრა და ფეხშიშველმა თითის წვერებზე გაიარა მზისფერ სილაზე. ისე ჰაეროვნად დგამდა თითოეულ ნაბიჯს, გეგონებოდათ, ფეხის გულებით მიწას კოცნისო, ვნებიანად, მაცდურად...
ნეტავ, ის კაცი სად დაიკარგა? დღეს არ გამოჩენილა. არადა, ორი დღეა, გაბურღა მზერით. მაინცდამაინც დღეს არ მოვიდა. არადა, საკმაოდ სიმპათიური ტიპი იყო. მასზე გაცილებით უფროსი, მაგრამ მაინც. რა მოხდა მერე? უფროსი ასაკის მამაკაცები ბევრად საიმედონი არიან, ვიდრე ახალგაზრდები. საიდან იცის ამდენი? ვინმემ უთხრა, სადმე ამოიკითხა თუ თავად მიხვდა? აბა, საიდან, როცა ცხოვრებაში შეყვარებულიც არ ყოფილა? მაგრამ ქმარი ხომ ჰყავდა? ქმარი? ის რა ქმარი იყო, ორი კვირაც არ უცხოვრია მის გვერდით! სრულიად უცხო ლაწირაკმა მოიტაცა ათი წლის წინ და რადგან არცთუ ცუდ ბიჭად მოეჩვენა, გადაწყვიტა, ბედს შერიგებოდა. თუმცა სულ რამდენიმე დღით. მეთორმეტე დღეს, როცა ზვიადმა მის თვალწინ ვენაში რაღაც საზიზღრობა შეუშვა და ფერდაკარგული საწოლზე მიესვენა, თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა მისი სახლიდან. გამოიქცა და უკან აღარ მოუხედავს. ნარკომანს ცხოვრებას ვერ დაუკავშირებდა. ერჩივნა, ისევ ბიძასთან ეცხოვრა მოსამსახურესავით, ვიდრე კაიფში გატრუნული მეუღლის მოხარშული მზერისთვის ეყურებინა. ეგ იყო და ეგ... არა, იყო კიდევ ერთი... ოღონდ გათხოვებამდე სამი წლით ადრე... ზურა! ოცდაექვსი წლის ზურიკო, მათ მეზობლად რომ ცხოვრობდა. როგორ მოსწონდა... შეფარვით ეტრფოდა კიდეც, მაგრამ ვის გაუმხელდა! სხვა თუ არაფერი, ოჯახის მეგობარი იყო, მერე კიდევ მეზობელი, მერე კიდევ - მასზე ბევრად უფროსი. ნუკის პატარა ბავშვივით ექცეოდა, თვალს ჩაუკრავდა ხოლმე და კიკინაზე მსუბუქად დაქაჩავდა შეხვედრისას. ეს "პატარა ბავშვი" კი მასზე ოცნების კოშკებს აგებდა. მერე ზურიკოს დედ-მამამ თბილისში შეიძინეს ბინა და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, მცხეთის კარმიდამო კი დროებით სარგებლობაში სოხუმიდან ლტოლვილ მამიდას დაუთმეს. მას შემდეგ ზურიკო თვალით არ უნახავს, თუმცა ყოველთვის იგებდა მასზე ახალ-ახალ ამბებს. კარიერა ნელ-ნელა აიწყო, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, თან სწავლაც გააგრძელა იქ, ბიზნესიც წამოიწყო, ფული დააგროვა და ამას წინათ დაბრუნებულა თბილისშიო. ცოლი არ მოუყვანიაო, ბიცოლა ყვებოდა, სამაგიეროდ, ბინა უყიდია და ცალკე გადასულა საცხოვრებლადო.
ეჰ... ზურა, ზურა... მას ალბათ აღარც ახსოვს ნუკი, კიკინებიანი შავტუხა გოგონა, შეფარვით რომ ეპრანჭებოდა. ახლა ვეღარ გაეპრანჭება. იმიტომ, რომ უკვე მკვეთრად არის შესამჩნევი ასაკობრივი სხვაობა. ის ალბათ ორმოცის იქნება. ნუკი კი... თანაც, ნაქმარევი ჰქვია, ობოლია... რატომ უნდა მოიხიბლოს მისით? გარდა ამისა, ზურა ნუკისაც ისეთი თვალით უყურებს, როგორც ეკას, დებივით უყვარს ორივე... "ვითომ?" - ჩამავალ მზეს თვალმოჭუტულმა მოხედა. "ალბათ", - სავარაუდო პასუხი გასცა თავის ფიქრს და თბილი ქვიშიდან ასფალტზე ააბიჯა.
ის უცნობიც კი იყო ასაკოვანი, გუშინწინ რომ შეამჩნია პლაჟზე. ჯერ შორიდან ზვერავდა ნუკის, მერე ახლოს მიუჩოჩდა. გოგონა თავდაპირველად ვითომ ვერც ამჩნევდა, შეუმჩნევლად იღიმოდა თავისთვის, მერე თვითონაც შეხედა, რადგან ვერ გაუძლო მის დაჟინებით მოშტერებულ თვალებს. მისი მზერა მკერდს უწვავდა (როგორც მზის აბეზარი სხივი), ლამაზ, ნახევრად გარუჯულ და ნახევრად გაურუჯავ მკერდს (ეს ნაწილი საცურაო კოსტიუმის აგურისფერ ბიუსტჰალტერს "დაეჩაგრა", რადგან ისე მჭიდროდ შემოსალტვოდა ნუკის სავსე მკერდს, არასდიდებით არ უშვებდა მზეს მაცდურად გადახსნილი უბის სიღრმეში). მეორე დღეს გამოელაპარაკა კიდეც და შეჰპირდა, ხვალაც მოვალ და გნახავო. მოვიდა, რო? არა, არ მოვიდა. მოატყუა. მოატყუა და კარგად იყოს, მეტი დარდი არ ჰქონდეს ნუკის. მაინც ბებერი იყო მისთვის, თანაც გაუბედავი. სახელიც კი არ ჰკითხა, არც მისამართი გამოართვა, არც ტელეფონის ნომერი... - ამ ფიქრებით ბინის კარი შეაღო.
- დროზე, ნუკი, გვაგვიანდება, ღამით მოგვიწევს მგზავრობა, - ფაციფუცობდა ბიცოლა, ტანსაცმელს ალაგებდა უზარმაზარ ჩანთებში.
- ათ წუთში მზად ვიქნები, ბევრი არაფერი მაქვს, - ჩაიბუზღუნა და მეორე ოთახში გავიდა.
- რა კარგად მოკიდებია მზე?! "შაკალადკა!" - ხუტამ თვალი გააყოლა ძმისშვილს.
- ოჰ, ოჰ, ოჰ! - ტუჩ-წარბის ამრეზით იწუპაკა ეკამ მამის ნათქვამზე.
- რა "ოჰ, ოჰ, ოჰ", შენნაირად კი არ წითლდება, შებრაწულ კიბორჩხალას რომ დაემსგავსე! შეხედე, "მულატკასავითაა". შეგშურდეს, ხო! - არ დაინდო მამამ დაბოღმილი ქალიშვილი, - ერთი მაქსი თუ გიშველის შენ, თორემ სხვა ვერავინ.
- მაქსს რაღას ერჩი?
- არაფერს, ვენაცვალე სულში, შენ რომ აგირჩია, თორემ რა გაგათხოვებდა! როგორც ჩანს, ჰოლანდიელებს მოსწონთ წითური და პუტკუნა გოგოები.
- უფ! თორემ ნუკი რომ გამხდარია და შავგვრემანი, იმიტომაც არ გიზის სახლში! - პასუხის მოძებნა არ გასჭირვებია ეკას.
- მორჩით ჩხუბს! - აყვირდა თამარა, - მაგას ჯობია, მომეხმაროთ, დაგვაგვიანდა! შენ კიდევ ნუ შეჭამე ეგ ბავშვი ცოცხლად! შეეშვი, რა, - გაცხარებით გასძახა ქმარს.
...ოციოდე წუთში ხუტას ვერცხლისფერი "მერსედესი" (არც ისე ახალი და არც ისე ძველი მოდელის) უკვე გზატკეცილზე მიქროდა.
***
გვიან ჩავიდნენ მცხეთაში და ზეზეულად ივახშმეს, რომ აეროპორტში არ დაგვიანებოდათ.
- შენ რაღას უცდი? - წარბები კუშტად შეყარა ეკამ და ნუკის მიაჩერდა.
- რას უნდა ვუცდიდე?
- არ მოდიხარ?
- მე რა საჭირო ვარ? - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- უნდა წამოხვიდე! სირცხვილია, რას იფიქრებს მაქსი.
- რა უნდა იფიქროს? მიცნობს თუ რა? მე სახლს დავალაგებ, რაღაცას მოვამზადებ, სუფრას გავშლი.
- მართალია, შვილო, დარჩეს ნუკი, გამოკეტილ სახლში ხომ არ მოვიყვანთ სტუმარს, - თამარამ მაზლისშვილის მხარე დაიჭირა.
- რა გამზადება უნდა, ასე გვიან ის არაფერს არ შეჭამს.
- ჭამაზე არ არის, დედი, ტკბილი სუფრა მაინც ხომ უნდა დაახვედრო ადამიანს. პირველად ჩამოდის საქართველოში. ხომ არ უნდა ვაფიქრებინოთ, ესენი ვინები ყოფილანო? - არწმუნებდა დედა თავნება შვილს.
- ჰო, კარგი, კარგი, როგორც გინდათ! - ტუჩი აიბზუა ეკამ და ოთახიდან შურდულივით გავარდა.
ნუკის გაუხარდა, შინ რომ დატოვეს. დაღლილობა სულ გადაავიწყდა, ისეთი ხალისით დატრიალდა. ერთ საათში დააწკრიალა სახლი, სუფრა გააწყო, სანთლებიც შემოალაგა მაგიდაზე და ბოლოს მისავათებული სავარძელზე მიწვა. მალევე ჩაეძინა, თან ღრმად. ის კი არა, სიზმარიც კი ნახა. ზურა ესიზმრა... ისეთივე ახალგაზრდა და მომხიბვლელი, როგორიც ბოლოს ნახა, დანისლული თვალებით თითქოს სიღრმიდან რომ გამოჰყურებდა თვალებბრიალა კიკინებიან ნუკის. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აი, ახლა, ამწუთას პირი უნდა გააღოს და სიყვარული აუხსნასო. "მეტაფიზიკური გოგონა", - უჩვეულოდ ბოხი ხმით დაიალაპარაკა ზურამ. ნუკი ამ ხმამ და ამ სიტყვებმა სიზმარშიც კი ისე შეაკრთო, რომ იმწამსვე გამოეღვიძა და შეშინებულმა მიმოიხედა. თავდაპირველად აზრზე ვერ მოვიდა, სად იმყოფებოდა, მერე ნელ-ნელა მოეგო გონს.
"რას ნიშნავდა ეს სიზმარი? ვითომ ზურა ვნახე, ბოლოს კი ზურა იმ უცნობ კაცად გადაიქცა, პლაჟზე რომ გავიცანი. ზუსტად მისი ხმით ალაპარაკდა. რა უცნაური იყო ეს ყველაფერი", - გაიფიქრა და სწრაფად წამოხტა სავარძლიდან, რადგან სწორედ ამ დროს ბიძამისის "მერსედესი" სიგნალით მოადგა ჭიშკარს.
***
ზურამ სიგარეტი ქვიშაში მოისროლა და სანაპიროს ზოლს გახედა. მოულოდნელად, საღამოს ბინდბუნდში, სილუეტი დალანდა. კარგად დააკვირდა, ქალი იყო, ფეხშიშველი, თეთრი კაბა ეცვა, თოლიას ჰგავდა. მამაკაცის ყურადღება მისი სხეულის ნატიფმა მოძრაობამ მიიქცია. გოგონამ ცალი ხელით კაბის კალთა აიწია და მარჯვენა ფეხით წყალი მოსინჯა, თითქოს მის ტემპერატურას ამოწმებსო. წამიც და კაბა ტანზე გადაეღვარა, ნარნარით დაეფინა გაგრილებულ ქვიშაზე. ასხლეტილი ტანი ჰქონდა, ლამაზად მზემოკიდებული. ზურამ ირგვლივ მიმოიხედა. ნაპირზე ბევრნი იყვნენ, მაგრამ მას ყველასგან გამოარჩევდი. ის არავის ჰგავდა, ამავდროულად, თითქოს აგონებდა კიდეც ვიღაცას, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, ვის. სწორედ ამისთანაზე იტყვიან, ბუნების საოცარ ქმნილებააო. კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. განა ყველა ქალს ჩვევია ასე გარინდვა ზღვის სიახლოვეს... ჯონ უოტერჰაუსის ნახატი გაახსენდა, "მირანდა"... ძალიან ჩამოჰგავდა ეს ცოცხალი სურათი მის ტილოს...
უფრო ახლოს მივიდა, რომ უკეთ დაენახა. გოგონამ ზურასკენ გამოიხედა. ლამაზი იყო, ახალგაზრდა, ნაზი. მამაკაცს მოეჩვენა, რომ "მირანდამ" გაუღიმა. თავადაც გამოეხატა ღიმილი სახეზე. ვერ გაბედა გამოლაპარაკება, ალბათ საკუთარ ასაკს თუ "გაუფრთხილდა", არ შეშვენოდა ოცდაცხრამეტი წლის მამაკაცს ასე ამჩატება.
გოგონა დიდხანს არ გაჩერებულა. არც წყალში შესულა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გარინდული გასცქეროდა ჩამავალი მზის სხივებს, მერე კაბა გადაიცვა, კიდევ ერთხელ მოიხედა მისკენ, კიდევ ერთხელ გაუღიმა და მსუბუქი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროს. წავიდა და ზურას ფიქრიც (და ალბათ გულიც) თან გაიყოლა.
მეორე დღეს ზღვა ოდნავ ღელავდა, თავისთვის ბუბუნებდა თითქოს. თეთრად დაბუშტული ტალღები ენერგიულად გადაგორდ-გადმოგორდებოდნენ უკვე გაცხელებულ ქვიშაზე. ნიავი სრულებით არ იძვროდა, ჰორიზონტი კრიალა იყო. ზურა ხარბად ისრუტავდა ჰაერს, ზღვის სურნელი სცემდა და სიამოვნებდა. მზეს უკვე მოესწრო ჰორიზონტზე გაშხლართვა და შეუბრალებლად მწველი სხივები მოეფინა არემარისთვის. ზურამ უეცრად ის შენიშნა, უოტერჰაუსის გოგონა... ისევ ისე იდგა, თეთრი კაბით, ფეხშიშველი, გარინდული და ზღვას გასცქეროდა... ხელში ზურმუხტისფერი შარფი ეჭირა, თავი უკან გადაეწია, გაშლილი თმა ოდნავ უფარავდა შიშველ მხრებს... მერე გაიხადა. თეთრმა საცურაო კოსტიუმმა კიდევ უფრო მუქი გამოაჩინა მისი გარუჯული სხეული... ცოტა ხნით ჩავიდა წყალში, სირინოზივით გასრიალდა ტალღებზე და ამოვიდა. მერე იქვე, ქვიშაში ჩაჯდა და თავი მუხლებზე ჩამოდო. მამაკაცს გული გამალებით უცემდა. რაღაც ემართებოდა და ვერაფრით აეხსნა, რა იყო ეს. სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. გაბედული ნაბიჯებით გასწია თეთრკაბიანი საოცარი ქმნილებისკენ და მის სიახლოვეს "დაბანაკდა". თან თვალს არ აცილებდა "მირანდას".
იმანაც მოიხედა, შეამჩნია, ღიმილით დაუქნია თავი, ქვიშიანი ხელები გაიფერთხა, ადგა და ღიმილით შეაჩერდა. ზურა დაიძაბა.
- გამარჯობა, - თქვა მან.
- დილა მშვიდობისა, ¬- გამბედაობის მოსაკრებად ზურამ ჩაახველა.
გოგონა მის გვერდით მოკალათდა ქვიშაზე და კვლავ გაირინდა.
- ჰო, მართლა, - დაიწყო ზურამ, - მე შენ უკვე მყავხარ ნანახი აქ, დიდი ხნის წინ, წლების წინ. გჯერა?
- მართლა? ასე დიდი ხნის წინ? - აშკარად არ დაუჯერა.
- ჰო, რა.
"მირანდამ" ეშმაკური ღიმილით თმა უკან გადაიყარა.
- იქნებ ასეც იყო, რას გაიგებ, ყველაფერი შესაძლებელია, - იგი პლაჟზე გაწვა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
მაღალი არ იყო, მაგრამ პროპორციულად გრძელი ფეხები ჰქონდა, ჩამოსხმული.
- საერთოდ არ იცვლები, - უკან არ დაიხია ზურამ, "ამერიკული" მეთოდი შეუშვა.
- ჰო-ო? გამოდის, რომ მე მეტაფიზიკური გოგონა ვყოფილვარ, - გადაიკისკისა.
- მაშინაც მხოლოდ ზღვას უყურებდი, ოღონდ ლურჯი კაბა გეცვა და მირანდა გერქვა...
- ყველაფერი შესაძლებელია. მეც მახსოვს რაღაც მსგავსი, - უფრო კეკლუცად გაიცინა და ლამაზი კბილები გამოაჩინა.
- შენ რა, მას მერე სულ სანაპიროზე დადიხარ? - ზურა როლში შევიდა.
- გამოდის, რომ ასეა.
- მერე? ფეხშიშველას ტერფები არ გეწვის?
- სულაც არა. ტერფებიც მეტაფიზიკური მაქვს. გინდა შეხედო? - მხიარულ გუნებაზე დადგა.
- მინდა.
ის იდაყვებს დაეყრდნო, მამაკაცისკენ მოტრიალდა და ფეხისგულები მიუშვირა.
- დიდებული მეტაფიზიკური ტერფებია, - თქვა ზურამ და მსუბუქად შეეხე მის თითებს.
არც ცხელი ეჩვენა, არც ცივი. ოდნავ გაუსვა თითები ფეხის ფრჩხილებზე, შეფარვით მიეფერა. ამ დროს ტალღა ნაპირს ხმაურით მოასკდა, ზურას ეს ხმაც კი მეტაფიზიკური ეჩვენა.
მამაკაცი ხმას არ იღებდა. ირგვლივ სიმშვიდე გამეფდა, მზეც კი არ გარხეულა ცაზე, თითქოს დროც გაჩერდა. სამყარო გაირინდა წამით.
- საიდან მახსენდები? რას უნდა ნიშნავდეს ეს? - დაარღვია ზურამ დუმილი, დაძრა დრო.
- ადამიანის არსი მის სირთულეშია, - თქვა გოგონამ, - მეცნიერებას ეს ფენომენი ჯერაც ვერ ამოუხსნია. აი, შენ ცხოვრობ შენთვის, ცხოვრობ, ცხოვრობ, ცხოვრობ, მე კი მეტაფიზიკური გოგონა ვარ, მეტაფიზიკური ტერფებით, - ამ სიტყვებით ქვიშაში ამოგანგლული წვივები დაიბერტყა და წამოდგა.
- ნახვამდის.
- ხვალამდე. ხვალაც გნახავ, კარგი? - ზურამ წამოიწია, მაგრამ არ წამომდგარა, სხეული არ დაემორჩილა.
ის წავიდა. კაბა და შარფი ხელზე გადაიკიდა და ნელი ნაბიჯებით დაუყვა ნაპირს. მამაკაცს მოეჩვენა, თითქოს ქალს ფეხი ერეოდა. ალბათ იმიტომ, რომ იცოდა, ზურა თვალს აყოლებდა, მის მზერას გრძნობდა. რამდენიმე მეტრი რომ გაიარა, მოიხედა. ღიმილი გამოუგზავნა, თითქოს მადლობას უხდიდა გამოლაპარაკებისთვის. დიდხანს არ ულაპარაკიათ, მაგრამ ზურა მიხვდა, რომ მათი სულები რაღაცით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. რითი, ეს კი არ იცოდა. არც ის იცოდა, სად იყო დამალული ის კვანძი, რომელმაც ისინი ერთმანეთში გადახლართა. ამის გაგება ძნელი იყო. ალბათ სადღაც, გამოუცნობ ადგილას, რომელიღაც შორეულ სამყაროში. სადაც ერთმანეთში აირია მისი ბავშვობა, მცხეთაში გატარებული ბიჭობა და მეტაფიზიკური გოგონა (მისი საოცნებო მირანდა)... რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით მეტად ივსებოდა წარსულის მოგონებებისადმი ნოსტალგიური სითბოთი. არადა, სადღაც ხომ უნდა ყოფილიყო კვანძი, რომელიც თუნდაც საკუთარ თავთან დააკავშირებდა (ან მირანდასთან). იმედს არ კარგავდა, რომ აუცილებლად მოხვდებოდა იმ შორეულ სამყაროში, იმ გამოუცნობ ადგილას, სადაც იმ გოგონასაც შეხვდებოდა და საკუთარ თავსაც. როგორ სურდა, იქ სითბო ყოფილიყო და კიდევ... სიგარეტი (ლუდიც)... საოცნებოც აღარაფერი დარჩებოდა მერე. იქ გადაიქცეოდა იმად, ვინც იყო სინამდვილეში, ხოლო ის, ვინც იყო სინამდვილეში, გადაიქცეოდა იმად, ვინც ახლა იყო... და ორივე ერთი მთლიანი არსება გახდებოდა. და ორივე ამ პატარა გოგონაზე იზრუნებდა (მეტაფიზიკურ გოგონაზე)... რომელიც ოდესღაც მართლაც ჰყავდა ნანახი. უფრო მეტიც, ახლოს იცნობდა ერთხელ, შორეულ წარსულში (თუ ბავშვობაში), ძალიან ახლოს... ნუთუ?
არა, სადღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასეთი ადგილი...
ზურა მოუთმენლად ელოდა დილის დადგომას, რომ ერთხელ კიდევ ენახა ზღვის გოგონა. მზე ამოცურდა ჰორიზონტიდან, კვლავ თბილი ამინდი გამოვიდა. ისიც ადგა, თუმცა სანაპიროზე გასვლა დააგვიანა. სანამ წვერი გაიპარსა, სანამ ისაუზმა, თორმეტი საათიც გახდა. მერე გავიდა, ამოჩემებულ ადგილას დაჯდა და დაელოდა...
დიდხანს გაგრძელდა ლოდინი... დრომ დრო გაწელა თითქოს... არ მოვიდა. თვალები დაეღალა იმ მხარეს ცქერით (და გულიც), საითაც ის უნდა გამოჩენილიყო, ჯონ უოტერჰაუსის მირანდა. მართლა რომ მირანდა ერქვას, უცნაური არ იქნება? რატომ სახელი არ ჰკითხა? ან მისამართი არ სთხოვა, ან ტელეფონის ნომერი? ესეც განგების ნება იყო ალბათ. რას იფიქრებდა, ასე მოულოდნელად რომ ასცდებოდა იდუმალ ქალს დროსა და სივრცეში? იქნებ იყო უკვე და წავიდა? ასე ადრე? არა, ზურა მხოლოდ საღამოობით ხედავდა მას პლაჟზე. თუმცა, დილაობით როგორ ნახავდა, როცა თვითონაც მხოლოდ საღამოს გამოდიოდა სანაპიროზე? იქნებ ის დილითაც მოდიოდა და საღამოსაც? ჰო... აი, ამაზე კი არ დაფიქრებულა...
საღამომდე ადგილიდან არ დაძრულა. ლუკმა არ ჩასვლია პირში, ერთი-ორჯერ წყალში შევიდა მხოლოდ, რომ გაგრილებულიყო. ისე მოეკიდა მზე, იგრძნო, ბეჭები როგორ აეწვა (და ცხვირიც). მირანდა არ გამოჩნდა. იქნებ შეგნებულად არ მოვიდა, რომ ზურას მოლოდინი გაემძაფრებინა? იქნებ აქვეა სადმე ჩასაფრებული და შორიდან ადევნებს თვალს ირონიული ღიმილით შეიარაღებული? მაგრამ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე? იმიტომ, რომ მათი სულების გადახლართვა იმანაც იგრძნო? ნეტამც! თუ ასეა, ხვალაც გამოვა და იმედია, აღარ დაემალება თავისი მეტაფიზიკური ტერფებით.
მამაკაცი წამოდგა, ქვიშიანი ხელები დაიფერთხა და ტაატით დაუყვა ნაპირს. ახლა ცივი ლუდი მოუხდებოდა (და სიგარეტიც)...
***
მაქსის ჩამოსვლის ამბავს სიცილ-ხარხარით იხსენებდნენ მეორე დღეს ოჯახის წევრები. ნუკი ღიმილით უსმენდა ბიცოლას.
- ერთი სული გვქონდა, დაგვენახა, როგორ გამოიყურებოდა. უცებ ვიღაც კაცი გამოჩნდა, ცალ ყურზე საყურით, ორივე მხარეს კიკინით, შორტით და ბოტასით. ხუტას სახე უნდა გენახათ ამ დროს, ლამის გული წაუვიდა საწყალს. ჰა-ჰა-ჰააა! მაქსი ეგონა და ისე დაფრთხა, იქვე ჩაიმუხლა, არ წავიქცეო. რა სასაცილო იყო! მერე, როგორც იქნა, მაქსიც გამოჩნდა. მაშინვე ვიცანით. ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. თეთრი პერანგი, შავი შარვალი და ჰალსტუხი! აი, კაცი! აი, სასიძო! მოფერიანდა ჩემი ქმარი, როგორც იქნა და დაწყნარდა.
- სად არის ის კაცი? - მოისაკლისა ხუტამ სტუმარი.
- ეზოში, გარემოს ათვალიერებს.
- კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ ნეტავ იცოდეს, რა ყულფში ჰყოფს თავს. ეკას გაუძლებს ეგ?
- ხუტა! ნუ იცი შენ ასე ლაპარაკი. ვისზე ნაკლებია ჩემი შვილი, რა ჭირს მაქსის დასაწუნი?
- რა ვიცი, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა ხუტამ, - მე ახლა, სიმართლე გითხრა, ის უფრო მადარდებს, ერთი კაცი რომ არ მყავს გვერდით, მაგას რომ მეგზურობას გაუწევს, ინგლისურად დაელაპარაკება და არ მოაწყენს. ვინ ვიპოვო ასეთი?
- ვინ და ზურა! ჩვენი ზურა ჩამოსულა თურმე, თბილისშიაო. მიდი ქეთოსთან, გამოართვი ტელეფონის ნომერი და დაურეკე, ჩამოვიდეს. არ დაგზარდება. თანაც, რამდენი წელია, არ გვინახავს, მოგვანატრა თავი.
- შენც მართალი ხარ, თამარ ქალო! ეს რა კარგი იდეა მომაწოდე! ახლავე გავალ ქეთოსთან! - ხუტა პატარა ბიჭივით წამოხტა და მკვირცხლად ჩაირბინა კიბეზე.
ზურას ხსენებაზე ნუკის ოთხმა ფერმა გადაუარა სახეზე (მორიგეობით). გაწითლდა, გამწვანდა, გაყვითლდა და გათეთრდა. ბავშვობის მოგონებები აეშალა. საინტერესოა, რომ ჩამოვიდეს, როგორ შეხვდება? მოეწონება ნუკი თუ არა? რატომ არ უნდა მოეწონოს? ის ხომ ყველას მოსწონს, ვინც კი ნახავს (განსაკუთრებით მამაკაცებს)? მაქსიმაც კი ვერ მოაცილა თვალი, რომ დაინახა. ქართველი ქალები ყველანი ასეთი ლამაზები და ეშხიანები არიანო? ზუსტად ასე თქვა და ეკას ამრეზილი მზერაც დაიმსახურა. რა შტერი გოგოა ეკა. რა იყო ამაში გასაბრაზებელი? ძალიან არის დაკომპლექსებული და იმიტომ. ეშინია, ვინმემ არ დაიწუნოს, ვინმემ შეყვარებული არ აართვას. ალბათ არ უყვარს თავისი თავი (ან ძალიან უყვარს)? მასზე ლამაზი ყოველთვის იქნება ვიღაც. ყველაზე ასე უნდა აიმრიზოს (და დაიბოღმოს)? უშველის კი ეს საქმეს? რა თქმა უნდა, არა. იმის მაგივრად, რომ თბილი იყოს და სხვა დადებითი თვისებებით გამოაჩინოს თავი, აგრესიას აფრქვევს (ან ანთხევს). ნეტავ, არ გადაიფიქრებდეს მაქსი მის ცოლად მოყვანას, თორემ მთელ ოჯახს დაერხევა. კონცერტები მერე უნდა ნახო! მის ანჩხლობას ვინ გაუძლებს!
- შენ რა გითხარი, გუშინ ჩამოვედით ჩვენც ქობულეთიდან. რომ მცოდნოდა, იქ იყავი, ხომ გნახავდი? ახლა მომცა ქეთომ შენი ნომერი და ეგრევე დაგირეკე. ესე იგი, ჩამოხვალ, ხომ? თუ დღესვე წამოხვალ, დიდ საქმეს გამიკეთებ, ჩემო ზურა. მე ინგლისური არ ვიცი და ამ ბიჭმა - ქართული. რაზე ველაპარაკო, როგორ გავაგებინო რამე? შენნაირი კაცი მჭირდება ახლა გვერდით და თუ დამეხმარები, ჩემზე იყოს, - ეზოში შემოსული ხუტა ბოლთას სცემდა ჭიშკრიდან კიბემდე და პირიქით, თან მობილური ტელეფონით ხმამაღლა ლაპარაკობდა.
ნუკი სმენად იქცა. ბიძამისის ყოველ სიტყვას სულგანაბული უგდებდა ყურს, რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროსო.
- როგორც მოგიხერხდება, ჩემო ზურიკო, ხვალ იყოს, ძმაო, არ არის პრობლემა. ათი დღე რჩება მაქსი ჩვენთან. ნიშნობა გვექნება და მერე გავამგზავრებთ. ასე რომ, გელოდებით ყველანი დიდის ამბით. არ დამაღალატო, მთავარია!.. კარგი, გენაცვალე, აბა, დროებით! დღესაც გელოდები და ხვალაც! - ხუტამ ამაყად ამოიხედა აივანზე და თამარას თვალი ჩაუკრა, - მოდის!
- როდის ჩამოვალო?
- შეიძლება დღესაც წამოვიდე, მაგრამ უფრო ხვალო. ქობულეთში ყოფილა თურმე, მეხუთე დღეა, იქ ვისვენებო.
- უი, რას ამბობ! ნეტავ გვცოდნოდა!
- რომ მცოდნოდა რა, ტელეფონის ნომერი ვიცოდი, თუ სახეზე ვიცნობდი, რომ შემხვედროდა?
- კარგი ახლა, როგორ ვერ იცნობდი!
- ვინ იცის, იქნებ სადმე შევხვდით კიდეც ერთმანეთს, გვერდით ჩავუარეთ და ვერ ვიცანით.
- არ არსებობს! მაგ ბიჭის სახეს რა დამავიწყებს, მთელი ბავშვობა ჩვენს სახლში გაატარა. მეორედ არ წამოგცდეს ეგ, არ გრცხვენია?! - დატუქსა ცოლმა ქმარი.
- ჰო, მაგაში გეთანხმები. მე თუ არა, თვითონ ხომ მიცნობდა. შენ მაინც ასიანი გიცნობდა, ჩემო პატარავ, სულ არ ხარ შეცვლილი, - გაეხუმრა ხუტა თამარას და ენა გამოუყო.
- მაგ ლაზღანდარობას გირჩევნია, იმ ბიჭს მიხედო, მოკვდა ეზოს თვალიერებით. ავდგეთ და სვეტიცხოველში წავიყვანოთ, ჯვარზე ავიყვანოთ, რა ვიცი, ათასი რამის ჩვენება შეიძლება.
- აბა რას ვიზამ, თამარ ქალო, აბა რას ვიზამ! შენი სიტყვა ჩემთვის კანონია, ჩემო მეორე ნახევაროოო!.. - მხიარულად შესძახა ხუტამ და ჰოლანდიელი სასიძოსკენ გაემართა, რომელიც ეკას რაღაცაზე აღტაცებით ელაპარაკებოდა.
გაგრძელება