ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ზღვა ემოციებთან არის დაკავშირებული და ამის გემო ქართველებმაც არაერთხელ ვიგემეთ. თუმცა საამაყო სპორტსმენების ტრიუმფის უკან უზარმაზარი შრომა, რისკი და ტრავმებით დატვირთული წლები დგას. სამწუხაროდ, ბევრი სპორტსმენს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც დასჯდომია ტიტულისთვის ბრძოლა. ერთ-ერთი იყო ცნობილი მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე, ელენა მუხინა, რომლის ტრაგიკულმა ბედმა თავის დროზე მთელი სპორტის სამყარო შეძრა. უბედური შემთხვევები სპორტში ხშირია, მაგრამ როცა ეს ემართება ობოლ გოგონას, რომლის მკაცრი მწვრთნელი არ ითვალისწინებს მის ასაკსა და ტრავმაგადატანილ მდგომარეობას და ამის გამო სამუდამოდ უმახინჯდება ახალგაზრდა ქალს ცხოვრება, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ დაივიწყა საზოგადოებამ.
ოდესღაც ელენა მუხინა მთელი საბჭოთა კავშირის საამაყო სპორტსმენი იყო. ამ მოკრძალებული, სიფრიფანა და შრომისმოყვარე ტანმოვარჯიშის სავიზიტო ბარათი განსაკუთრებული სირთული პროგრამები იყო. ილეთები, რომლებითაც ელენა გამოდიოდა შეჯიბრებებზე, უმეტესობა დღეს აკრძალულია, როგორც სპორტსმენის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემქმნელი. წარმატების პიკზე მყოფი სპორტსმენის ცხოვრება და კარიერა ერთ წამში დასრულდა. 1980 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას ცუდად დაეცა და კისრის არეში მოტეხილობა მიიღო. მომდევნო 26 წელი მან სავარძელზე მიჯაჭვულმა გაატარა. ბევრი მისი თაყვანისმცემელი ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი მწვრთნელი იყო.
ტანვარჯიშის მომავალი ვარსკვლავი მოსკოვში 1960 წელს დაიბადა. 2 წლისას დედა მოუკვდა. მამამ ის მიატოვა და მალე მეორე ოჯახი შექმნა. ელენა ბებიამ გაზარდა. დიდ სპორტში გოგონა შემთხვევით მოხვდა. ერთხელ მის სკოლაში მივიდა ქალი, რომელიც ტანვარჯიშის სექციისთვის ბავშვებს ეძებდა. ელენა, რომელიც თურმე ოცნებობდა ტანმოვარჯიშეობაზე, სიხარულით ჩაეწერა სიაში.
მალე მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ნამდვილი ტალანტთან ჰქონდათ საქმე. 14 წლის ასაკში მუხინა უკვე სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. ამის შემდეგ კი ის მიხეილ კლემენკომ გადაიბარა, სიმკაცრით ცნობილმა მწვრთნელმა, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს ავარჯიშებდა. კლემენკო სულით ხორცამდე მაქსიმალისტი იყო. მისი ნაცნობები იხსენებდნენ, როგორ ამაყად წარუდგინა მათ თავისი ახალი მოწაფე და გააცნო როგორც მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. ამბობენ, რომ ელენას არ ჰქონია ჩემპიონთათვის დამახასიათებელი აზარტი და აგრესია, სამაგიეროდ ნიჭი, სიბეჯითე და მწვრთნელის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ კლემენკოსთან 6-თვიანი მომზადების შემდეგ 16 წლის ელენა საოლიმპიადე შემადგენლობაში მოხვედრის რეალური კანდიდატი გამხდარიყო. თუმცა ბოლო მომენტში ის ამ შემადგენლობაში არ შეიყვანეს. მიზეზი მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკი იყო. საბჭოთა სპორტის მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ასაკში იდეალური შედეგი მოსალოდნელი არ იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და იქედან 3 ოქროს მედლით დაბრუნდა.
მან შეასრულა ილეთი, რომელსაც სირთულისა და უნიკალურობის გამო მუხინას სახელი ეწოდა. ეს ილეთი დღეს აკრძალულია. სამწუხაროდ, ელენა მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ მოხვდა, ფეხი მოიტეხა. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, როცა მორიგი ოლიმპიადისთვის მზადებას შეუდგა. კლემენკო მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და ახალგაზრდა სპორტსმენის ძალებს არ ზოგავდა. გადაწყვიტა, რომ ელენას უნდა შეესრულებენი ე.წ. ტომასის სალტო - ილეთი, რომელიც მანამდე არცერთ ქალ სპორტსმენს არ შეუსრულებია და მხოლოდ მამაკაცი ტანმოვარჯიშეების პროგრამაში შედის.
ამ სალტოსთვის ვარჯიშისას ელენამ შეცდომა დაუშვა, თავით დაეცა და კისრის მოტეხილობა მიიღო. ამბობენ, რომ სასწრაფო ოპერაციას შეეძლო გოგონას ფეხზე დაყენება, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მხოლოდ მესამე დღეს მიღეს. კომიდან გამოიყვანეს, მაგრამ სხეულის დამბლას ვერაფერი უშველეს.
დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ელენას უბედურებაში მისი მწვრთნელია დამნაშავე. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ კლემენკო სასტიკად ექცეოდა გოგონას, ისე ექცეოდა, როგორც მამაკაცს, არ პატიობდა არცერთ სისუსტეს, ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოჯანმრთელების დროს არასოდეს აძლევდა. ხშირად ამცირებდა კიდეც და ზარმაცს, უნიათოს ეძახდა. შთააგონებდა, რომ მისი ზრუნვის გარეშე უპატრონოდ დარჩებოდა, რომ არავის სჭირდებოდა სპორტის გარდა. სხვათა შორის, ოლიმპიადის შემდეგ, როცა ელენას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, კლემენკო იტალიაში გაემგზავრა ოჯახთან ერთად. თუმცა ელენას ესმოდა, რომ სწორედ კლემენკოს ხელში გახდა ვარსკვლავი და მისი დამსახურება არასოდეს დაუკარგავს. ერთხელ, როცა უკვე პარალიზებულს ინტერვიუს დროს ჰკითხეს, მიუძღოდა თუ არა ბრალი კლემენკოს მის უბედურებაში, ელენამ ასეთი პასუხი გასცა: „ეს მე მივაჩვიე კლემენკო იმ აზრს, რომ ყველანაირი ტრავმის პირობებში მუშაობა შემეძლო.“
ელენას დამნაშავის ძებნა არც უცდია. მომდევნო 26 წელი მან პარალიზებულმა ინვალიდის ეტლში გაატარა. ბოლომდე თავის სახლში ცხოვრობდა, რომელიც მის საჭიროებებს მოარგეს. მას კვლავ ბებია უვლიდა. როცა ის გარდაიცვალა, ელენას ყოფილი კოლეგები ამოუდგნენ მხარში. ყოფილი სპორტსმენი ბევრს კითხულობდა, სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებდა, რისი წყალობითაც ხელების ამოძრავება შეძლო. 2006 წელს გარდაიცვალა.