ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენასთან ერთად, სიტყვა "ჰოლივუდი" კენსინგტონის სასახლისთვის ცარიელი ფრაზა არ ყოფილა. არც არავის გაკვირვებია, როცა მეგანმა არა ბრიტანეთის სამეფო კარის მიერ აღიარებულ გუვერნანტებსა და ძიძებს მიმართა, არამედ ჰოლივუდის სუპერ ძიძაზე, კონი სიმპსონზე შეაჩერა არჩევანი.
კონი სიმპსონი ასევე ცნობილია "ძიძა კონის" სახელით. ის 250-ზე მეტი ბავშვის აღზრდაში ოცდაათი წლის განმავლობაში მონაწილეობდა, მათ შორის ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის, მეტ დეიმონისა და სხვა ძალიან ცნობილი ვარსკვლავების შვილების ძიძა იყო. ჯორჯ და ამალ კლუნებმა პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან სწორედ კონის გაუწიეს რეკომენდაცია.
2018 წლის დასაწყისში ცნობილმა ძიძამ დაწერა წიგნი: "ძიძა კონის გზა: მშობლობის საიდუმლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში". წიგნში ის ძუძუთი კვების, მშობიარობის შემდგომ სტრესის, ბავშვის ბანაობისა და ძილის მახასიათებლებზე წერს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რისი მიცემაც დედებს შვილებისთვის შეუძლიათ, დედობრივი სიყვარულია.
ამავე წიგნში, გამომდინარე იქიდან, რომ მან ძალიან ბევრ ცნობილ მშობელთან იმუშავა, მათ შორის იყვნენ, ჯესიკა ბილი, ჯესიკა ალბა, ბრუკ შილდსი, ემილი ბლანტი და სხვა, კონიმ დაწერა, ვინ როგორ გადაიტანა მშობიარობა.
სიმპსონის ერთ-ერთმა კლიენტმა, ჯესიკა ბილმა აღიარა, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდათ მას და მის ქმარ ჯასტინ ტიმბერლეიკს შვილის, საილასის დაბადების შემდეგ. "ის ღამ-ღამობით ჩემთან იჯდა, როცა მე ვცდილობდი შვილი ძუძუთი მეკვება. ჩემი თავი და ხელი ეჭირა, როცა ვტიროდი და მშობიარობის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი," - ამბობს ჯესიკა კონიზე.
გარდა ამისა, ქალს ძუძუთი გამოკვების პრობლემაც ჰქონდა, ამიტომ სიმპსონმა ლუდის დალევა ურჩია, რამაც გაამართლა. ჯესიკა ბილმა კონის საკუთარი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება უწოდა და ორსულობის პერიოდშიც მნიშვნელოვან რჩევებს იღებდა მისგან.
ამავე წიგნში სიმპსონმა ისაუბრა, როგორ ცდილობდა ემილი ბლანტი ფორმაში ჩადგომას მშობიარობის შემდეგ, ხოლო ჯესიკა ალბამ და მისმა ქმარმა კი არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც მათ შვილს მუცლის შებერილობა აწუხებდა და პანიკაში იყვნენ.
ძიძა კონი, გარდა იმისა, რომ ბავშვებზე ზრუნავს, მშობლებს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაშიც ეხმარება და ოჯახის მწვრთნელის როლს ასრულებს. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან კარგად იცის, რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდნენ.
კონი ახალბედა დედებს ურჩევს, ღამის რუტინას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. მისი თქმით, სინათლის ჩაქრობა, თბილი აბაზანის მიღება და მუსიკის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნო მელოდია ბავშვსაც დაამშვიდებს. გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ ხშირად ქალები უძილობას უჩივიან. გამოცდილი ძიძის თქმით, ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია.
"თუ სახლი გაქვთ დასალაგებელი ან ჭურჭელი დასარეცხი, ეს მოიცდის." - ამბობს კონი და განმარტავს, რომ ძალების აღდგენა ძილის საშუალებით აუცილებელია. ახალბედა დედებს ასევე ურჩევს, შვილის გამოსაკვებად სახლში აირჩიონ მყუდრო ოთახი და იქ მისცენ თავიანთ ბავშვებს ჭამის შესაძლებლობა.
გამოცდილი ძიძა ასევე არ უწევს რეკომენდაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბავშვის რწევას და ამბობს, რომ ამან შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს.
"აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა მშობლებს სჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ დაეხმარება, დააიმედებს და დაამშვიდებს. "ძიძა კონი" - ეს ჩემი მთავარი ტიტულია. ვგრძნობ, რომ მალე მათი ცხოვრების ქოუჩი გავხდები. მე ოჯახური ტრენერი ვარ და ვცდილობ, ამ დროს მთელი ოჯახი ერთად იყოს", - განმარტავს კონი.
სიმპსონი ახლა უამრავ ლექციასა თუ ტრენინგს მართავს. მისი პირველი თემა ასეთი იყო: "მშობლად ყოფნა არ არის მარტივი".
"მართლაც, ეს ძალიან ბევრ დროს წაგართმევთ, იქნება უამრავი უძილო ღამე, მაგრამ ვაპირებ, რომ ყველა დედას დავეხმარო", - ამბობს კონი სიმპსონი.
თუმცა, ვიდრე კონი ასეთი ცნობილი ძიძა გახდებოდა, იქამდე სხვადასხვა პროფესია გამოიცვალა. მუშაობდა მასწავლებლის შემცვლელად, კაფეტერიის თანამშრომლად, მცხობელად და ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდა. ერთ დღეს კი გააცნობიერა, რომ მშობლებს შვილების აღზრდაში განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ და გადაწყვიტა, ძიძად დაეწყო მუშაობა. "30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად რეზიუმე გავაკეთე", - ამბობს ის.
რეალურ ცხოვრებაში მერი პოპინსის მსგავსად, ის ჩალაგებულ ჩემოდანს ინახავს და მზადაა წასასვლელად, ახალ მშობლებთან რჩება საშუალოდ ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის განმავლობაში. ასე მოიარა 250 ოჯახი. მშობლებმა იციან, რომ მასთან ერთი ზარიც კი საკმარისია დასამშვიდებლად, რადგან კონი ყოველთვის ტკბილი და პოზიტიური ხმით ელაპარაკება მათ.
24 საათის განმავლობაში ეხმარება ყველა მშობელს ბავშვების დამშვიდებაში. მას ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მიმართულებით აქვს განათლება მიღებული და ასევე იყენებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც ქალიშვილთან გამოიყენა. ახლა მისი შვილი 35 წლისაა. დღეს ის რეგულარულად დადის ლოს-ანჯელესსა და მანჰეტენში, დააქვს თავისი ჩანთები, სადაც უამრავი განმავითარებელი სათამაშოა და რაც მთავარია, ყველგან მიაქვს სიმშვიდისა და პოზიტიურობის განცდა.
ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია ამ საქმისთვის - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს
ვარსკვლავები, რომლებმაც უარი თქვეს ძიძებზე - "ჩემზე მეტად ჩემი შვილები ვერავის ეყვარება..."