გახმაურებული შემთხვევა მოსკოვში მოხდა და მასზე ახლა მსოფლიო მედია წერს. ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ძალიან მძიმე დანაშაულს მიაწერენ. კერძოდ, ექიმი პაციენტების სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაშია ბრალდებული. ქალები, რომლებიც მასთან ცხვირის, მკერდის ფორმის შესაცვლელად ან კიდევ სხვადასხვა პროცედურის ჩასატარებლად მიდიოდნენ, ჩივიან, რომ ექიმის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.
თავდაპირველად, შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდებოდა, თუმცა შემდეგ დაზარალებულმა ქალებმა სოციალური ქსელების მეშვეობით მძიმე ამბავი გააჟღერეს.
"ეს ამბავი მრავალი წლის წინ დაიწყო და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 35-ზე მეტი მსხვერპლია. მათ შორის, 5 გააუპატიურა, დანარჩენი კი სექსუალურად შეავიწროვა", - ამბობს დაზარალებული ქალების უფლებადამცველი.
ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რომ შევიწროების მსხვერპლი 8 წლის წინ გახდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც 2-3 თვის წინანდელ ამბავს იხსენებენ.
"ოპერაციის შემდეგ ექიმი პაციენტებთან პალატაში მარტო შედიოდა და კარს კეტავდა. ანესთეზიის გავლენით ქალები ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა და ვერც წინააღმდეგობას უწევდნენ. ხოლო, ვინც ამაზე ღიად დაიწყო საუბარი, ექიმმა თქვა, რომ მათ ეს უბრალოდ ნარკოზის გამო მოეჩვენათ", - ამბობს უფლებადამცველი.
ქალებს ამაზე საუბრის რცხვენოდათ, თუმცა ახლა საკმაოდ ძლიერი ტალღაა და აღმოაჩინეს, რომ მარტო არ არიან.
უფლებადამცველი გამორიცხავს, რომ ქალებს რაიმე ფინანსური დაინტერესება ჰქონდეთ და ამის გამო აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს. "მისი ოპერაციები არც ისე იაფია და რაკი ადამიანი ამ თანხის გადახდას ახერხებდა, ესე იგი ფინანსურად არ უჭირდა. შესაბამისად, ფინანსური დაინტერესება არ იკვეთება. დაზარალებულები წუხან, რომ ექიმი დაუსჯელი დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ ეს ისტორიები ფლირტს ან კიდევ ურთიერთსიმპათიას კი არ ეხება, არამედ ბინძურ შევიწროებასთან გვაქვს საქმე. მან პაციენტების უმწეობით ისარგებლა, შემდეგ კი დაარწმუნა, რომ ნარკოზის ზემოქმედების გამო ეს ყველაფერი დაესიზმრათ ან მოეჩვენათ", - ამბობს ადვოკატი.