"მილიონობით მშობელი, დედა და მამა, არც კი ფიქრობს, რამხელა საოცრების მომსწრენი გახდნენ: მათ წინაშე ხომ არა მხოლოდ მათი შვილია, არამედ ბუნების ყველაზე დიდი სასწაული.
არ შეიძლება ამაზე არ დავფიქრდეთ. არ შეიძლება, იმიტომ რომ ბუნებას ბოლომდე არ მიჰყავს დაწყებული საქმე, ხოლო ამ საქმის დასრულებას, აღზრდის პასუხისმგებლობას, ჩვენ გვავალებს."
ბავშვს აღზრდა სჭირდება. ეს პედაგოგიური აქსიომაა. აქსიომებს, როგორც წესი, არ განვიხილავთ, არამედ ვღებულობთ. მიუხედავად ამისა, გამჩნდებიან ხოლმე ისეთები, რომლებიც ჯიუტად მოითხოვენ: რად უნდა ბავშვს აღზრდა, გაიზარდოს თვითნ, ჩვენ კი, თუ საჭირო იქნება, დავეხმაროთ.
ასეთი მსჯელობები აბსურდია და კარგი იქნება, თუ ახლოს არ გავიკარებთ. მაგრამ ვიღაცას ხომ სჯერა?
რატომ არიან დედამიწაზე და ჩვენს საზოგადოებრიობაშიც ბოროტები, ხარბები, შურიანები, გაიძვერები, მოღალატეები, გამცემები, ხამები, მკვლელები, შურისმაძიებლები, სადისტები, გარყვნილები, მაფიოზები, ეგოისტები, ნარკომანები, ლოთები და სხვანი და სხვანი? რამ მოამრავლა ისინი?
მათ არ ზრდიდნენ, არ ჩააგონებდნენ სიკეთეს, ღვთის სიტყვას, არ უღვიძებდნენ სიყვარულს, ვერ შეეშველნენ საბედისწერო წუთებსა და პერიოდებში. ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც.
ჩვენ თუ არ აღვზრდით ბავშვს და არც არავინ შეგვცვლის ამ საქმეში, ადამიანი უზრდელი დარჩება. ძალიან იშვიათობა იქნება ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე აღსაზრდელს გონება გაუნათდება და თვითონ აღზრდის ან გარდაქმნის თავის თავს.
როცა ვინმე აღუზრდელი უხერხულობაში გვაგდებს, ზიანს გვაყენებს, შეურაცხგვყოფს, ჩვენ ვადანაშაულებთ მას, მოვითხოვთ, რომ პასუხი აგოს. მაგრამ განა ისაა დამნაშავე, რომ მაღალზნეობრივი არ აღზარდეს? განა არ იმსახურებენ საზოგადოების საყვედურს ისინი, ვისაც მისი აღზრდა ევალებოდა, მაგრამ მშობლიური მოვალეობა არ აღასრულეს?
ვისაც ეკისრება ბავშვის აღზრდა, მაგრამ თავს არიდებს – მტრობას უწევს ბავშვსაც და საზოგადოებასაც.
ბავშვი საკუთარ თავს ვერ აღზრდის, რადგან არ შეუძლია, არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ბუნებამ არ ჩადო მასში ეს შესაძლებლობა. ბავშვი მხოლოდ მაშინ შეძლებს თვითაღზრდას, როცა ჩვენი დახმარებით საკუთარი ბუნების სრულყოფის ძლიერ იმპულსს შეიგრძნობს.
თვითაღზრდის უნარსაც აღზრდა სჭირდება, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით: ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი არც ირძნობს, რომ მას ზრდიან. ამ შემთხვევაში მას ეუფლება ილუზია, რომ თვითონ არის საკუთარი თავის აღმზრდელი. ასე ხდება იმ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მშობლებს შორის სულიერი ურთიერთობაა დამყარებული.
არსებობს აღმზრდელობითი პროცესის უფრო მაღალი დონე: როცა არც მშობლები წუხან შვილების აღზრდაზე და არც შვილები არიან დაკავებული თვითაღზრდით _ ყველაფერი თითქოსდა თავისთავად ხდება. აღზრდის ასეთმა ჭეშმარიტებამ შეიძლება იარსებოს მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა ოჯახიც და საზოგადოებაც იდეალური ცხოვრების ფაზაში შევა. მაგრამ ასეთია იდეალური, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული ცხოვრებისაგან ჯერ შორს ვართ. ამიტომ ჩვენს შვილებს სჭირდებათ გონივრული და მიზანმიმართული აღზრდა.
მაგრამ ჩვენ, უფროსებს, რატომღაც გვგონია, თითქოს ბავშვები იმიტომ იბადებიან, რომ ჩვენ ისინი აღვზარდოთ, თავად კი მათთან შედარებით თავი უკვე აღზრდილად მიგვაჩნია. თუმცა კარგად ვიცით, რომ თუ ვინმე ურფოსია, არ ნიშნავს, რომ იგი სრულყოფილად აღზრდილიც არის.
კარგი იქნება, თუ პირიქითაც ვიფიქრებთ: ბავშვები ამქვეყნად იმიტომ მოდიან, რომ გამოასწორონ, რაც ჩვენ არასწორად გავაკეთეთ, გამოგვასწორონ თავად ჩვენ.
ჩვენი ზრუნვა ბავშვებზე, მათ აღზრდასა და კეთილგანწყობაზე, წინააღმდეგობანი, რასაც ისინი გვიქმნიან, სინამდვილეში ბავშვის უხილავი ხელია, რომლითაც იგი ჩვენი სრულყოფილებისაკენ გვიბიძგებს.
რატომ იქცევიან ბავშვები ძალიან ხშირად ისე, როგორც მათ სურთ, ჩვენინებისა და დარიგების საწინააღმდეგოდ?
ასე იმიტომ იქცევიან, რომ მიგვანიშნონ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, ან არ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ თვითონ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამის გაგება არ გვსურს და არც ვიკადრებთ, რომ მათ ჩვენ აღზრდა დაგვიწყონ. ჩვენ ვუწყრებით ბავშვს ცუდი ქცევების გამო, თავად კი უარესს ვჩადით.
ჩვენ არ მოგვწონს, როცა ბავშვები ცელქობენ. ყველა განმარტებით ლექსიკონში `ცელქის~ გასწვრივ წერია: ბავშვი, რომელიც მოუსვენრობს, თვითნებობს, უსაქმურია, ხმაურობს, არღვევს საერთო წესრიგს. პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლექსიკონები და ენციკლოპედიები კი ცელქს საერთოდ არ სცნობენ. თითქოს ცელქი ბავშვები არც არსებობენ.
ამრიგად, თუ ამ განმარტებითი წყაროებით ვიმსჯელებთ, სიცელქე ბავშვის ხასიათის უარყოფითი თვისებაა. ჩვენ არ მოგვწონს როცა ბავშვი ცელქობს, რადგან ჩვენს სიმშვიდეს ხელი ეშლება; ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა არ იცელქონ, რამე არ დაიშავონ, იცოდნენ, სად როგორ უნდა მოიქცნენ, გამოიჩინონ თავშეკავება და სიმშვიდე.
მაგრამ სულიერი ბუნების თანახმად ბავშვმა უნდა იცელქოს, რადგან ამით იგი სამყაროს მოწესრიგებაში ვარჯიშობს.
ვცადოთ მთლიანობაში გავიაზროთ სიტყვების _ ბავშვი, ბავშვები, სიცელქე – ირაციონალური მნიშვნელობა.
ბავშვი _ ახალი ყოფიერების აღორძინებაა.
ბავშვები _ ჭეშმარიტებაში მოქმედი ხალხია.
სიცელქე – სრულყოფილების ძიებაა.
ამრიგად, ბავშვი, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოდის თავისი ჭეშმარიტებით და ახალი ყოფიერების დამკვიდრების იმპულსით, ბავშვობიდანვე ავარჯიშებს თავს და გამოცდილებას იძენს. ჩვენ კი ამაში ჩვენს მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევას ვხედავთ და ვეძებთ გზებს, რომ ბავშვმა არ იცელქოს. როგორი იქნება ეს გზები, თუ ბავშვის სიცელქე გვაღიზიანებს, ნერვებს გვიშლის? ეს გზები აუცილებლად მიმართული იქნება აღკვეთისკენ, იძულებისკენ, აკრძალვისკენ და რაღა თქმა უნდა, კონფლიქტების წყაროდ იქცევა.
თუ ყველა მშობელი, აგრეთვე ყველა აღმზრდელი და მასწავლებელი შეძლებენ ჩამოაშორონ ბავშვები სიცელქეს და ჩართონ მშვიდ და გონებრივ საქმიანობაში, კაცობრიობა დაკარგავს პროგრესის მამოძრავებელ ძალებს, ამგვარად აღზრდილი ბავშვების ცხოვრება შენელდება, შეფერხდება, მოსაწყენი გახდება.
შეუძლია თუ არა ბავშვის სიცელქეს ჩვენი აღზრდა?
შეუძლია, თუ თავს ნებას მივცემთ ვიყოთ არა მხოლოდ აღმზრდელები ჩვენი შვილებისა, არამედ მათი აღსაზრდელებიც. ისევე, როგრც ჩვენ ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ ბავშვზე, მივცეთ მასაც ნება გავლენა მოახდინოს ჩვენზე. მაშინ დავინახავთ, რომ თურმე:
_ იგი მოგვიწოდებს ვიმეგობროთ მასთან თანასწორუფლებიანობის საფუძველზე;
_ გვთხოვს, ვიყოთ როგორც ბავშვი და ვიცელქოთ მასთან ერთად;
_ საშუალებას გვაძლევს აღვზარდოთ ჩვენში შემოქმედებითი მოთმინების უნარი;
_ გვასწავლის ვიყოთ გულწრფელნი, მართალნი, გვიყვარდეს ჭეშმარიტება;
_ გვთავზაობს თავის თავს, როგორც ჩვენი პედაგოგიური ხელოვნების სალესავს.
_ მივყავართ ურთიერთგაგების, სიკეთისა და სიმშვენიერის სიბრძნის დაუფლებისაკენ;
შრი ჩინმოი, ბრძენი ფილოსოფოსი და სულიერი მოღვაწე, გვეუბნება, რომ სულიერი ცხოვრების მიზანია, მივაღწიოთ მარადიულ ბავშვობას, რათა ნამდვილ პროგრესში ჩავერთოთ. ბავშვები, ამბობს იგი, ცდილობენ გაგვახსენონ ჩვენი მარადიული ბავშვობა, და თუ ამას გავიგებთ, ჩვენი პროგრესი დაჩქარდება. ეცადეთ, იგრძნოთ: ბავშვებს იმიტომ ემსახურებით, რომ თავადაც გინდათ ბავშვი გახდეთ.
ამონარიდები აკადემიკოს შალვა ამონაშვილის წიგნიდან "აღზრდის სიმფონია".
უფრო მეტი აღზრდის საიდუმლოს შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ შალვა და პაატა ამონაშვილების სემინარზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება და ძალიან საინტერესო იქნება ყველა მშობლისთვის - დაწვრილებით იხილეთ ბმულზე