წვნიანის ჭამა ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვიან ოჯახებში აურზაურის მიზეზი წვნიანის ჭამა ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვიან ოჯახებში აურზაურის მიზეზი. ძალიან ცოტაა ბავშვი, ვინც სიამოვნებით მიირთმევს წვნიანს. მშობლები დაჟინებით ვუმტკიცებთ, რომ ეს აუცილებელია. მართლაც ასე აუცილებელია თუ არა წვნიანი და რისთვის არის ის საჭირო?
რას წარმოადგენს წვნიანი
სუპი - ეს არის თხიერი საკვები, რომელიც 50 პროცენტი წყლისგან შედგება. მისი მოხარშვა ჩვენმა წინაპრებმა 400-500 წლის წინ დაიწყეს, როცა ცეცხლგამძლე ჭურჭელი შექმნეს. ცხელი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია ცივ ამინდში. სასარგებლოა ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის. მაგრამ ზოგიერთი ექიმის წვნიანის ჭამის წინააღმდეგ გამოდის.
აზრთა სხვადასხვაობა
ექიმების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ წვნიანი ეს არის დიეტური საკვები, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. მაგალითად მოჰყავთ ქათმის ბულიონი, რომელსაც ბებია ავად ყოფნის დროს გვაჭმევდა. მაგრამ მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ხორცი ხარშვისას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოსცემს და ის ბულიონიდან ადვილად ხვდება კუჭში. არც ბოსტნეულის ნახარში მიაჩნიათ დიდად სასარგებლოდ. უმჯობესია მიირთვათ რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული, ვიდრე სუპი. საბოლოოდ, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, თუ ბავშვს სიამოვნებს წვნიანი, მშობელიც ხედავს, რომ მისი კუჭ-ნაწლავისთვის ის ნამდვილად სასარგებლოა, რა თქმა უნდა, სასურველია, სისტემატურად აჭამოს. მაგრამ არის ბავშვთა კატეგორია, რომელსაც კატეგორიულად არ სურს წვნიანის ჭამა, მეტიც, ვერ იტანს და დაძალების გამო საერთოდ სძულდება კვების პროცესი. მშობელიც საშინლად შფოთავს, რადგან ჰგონია, რომ ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებების გარეშე რჩება. ასეთ შემთხვევაში პედიატრები დამამშვიდებელ კომენტარებს აკეთებენ: წვნიანი არც ისეთი აუცილებელია, რომ მის გამო ბავშვს ამხელა სტრესი მივაყენოთ. თუ ბავშვი ცალ-ცალკე იღებს ხორცსაც, ბოსტნეულსაც, ხილსაც და საკმარის სითხესაც, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
თუ მაინც ტრადიციული შეხედულებების ერთგული რჩებით და ბავშვისთვის სუპს სისტემატურად ამზადებთ, ეცადეთ, ბულიონი არ მოხარშოთ ცხიმიანი ხორცისგან ან ძვლისგან. უპირატესობა მიანიჭეთ ფრინველის ხორცს. მოერიდეთ მასში უხვად სანელებლების ჩამატებას. ამასთანავე, ნუ მოხრაკავთ ცალკე ხახავსა და სტაფილოს იმის გამო, რომ გემრიელი გამოვიდეს. ბავშვისთვის სუპი გემიელი კი არა, სასარგებლო უნდა იყოს. ახლა კი დაწვრილებით საბავშვო სუპის კლასიფიკაციასა და შემადგენლობაზე:
სუპის ჭამის პერიოდი ბავშვისთვის დაახლოებით, 1 წლისთვის იწყება.
ბოსტნეულის წვნიანი ბვშვმა უნდა ჭამოს 1-დან ორ წლამდე 120 მლ, 2-დან სამ წლამდე - 150 მლ, 3-დან ექვს წლამდე 180-200 მლ 7-დან 15 წლამდე 200-250 მლ.
როგორ მოვხარშოთ წვნიანი სწორად
ბავშვისთვის წვნიანის ინგრედიენტები უნდა მოიხარშოს და არ მოიხრაკოს, მოითუშოს და ა.შ. სუპი შეიძლება მომზადდეს ნახარშზე: ბოსტნეულის, ხილის ან კენკრის. ან ხორცისა და თევზის, რომელსაც მოგვიანებით დაემატება ბოსტნეული, ბურღული. რძის სუპი, სუპ-პიურე, გამჭვირვალე სუპი (მხოლოდ ხორცის ნახარში).
უნდა იცოდეთ, რომ ბოსტნეულის წვნიანი არის მინერალური მარილების, ორგანული მჟავების, მცენარეული ბოჭკოს წყარო. მაკარონის წვნიანი ორგანიზმს შემატებს სახამებელს, ხოლო ბურღულისა - მინერალურ მარილს, ცილას.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბავშვისთვის სუპის მოსახარშად მხოლოდ საღი და ახალი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. გაყინული ხორცისა და თევზისგან მიღებულ ბულიონს ნუ გამოიყენებთ. თუ ახალ ხორცს ხარშავთ, უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე ხორცს და გათვალისწინეული უნდა იქნას ბავშვის ასაკი. გახსოვდეთ, რომ წვნიანში ყველა პროდუქტი დუღილის დროს უნდა ჩაყაროთ, ხოლო ბურღული, - ცივ წყალში. ახალი კომბოსტო წვნიანში უნდა ჩაუშვათ კარტოფილის შემდეგ, "ზამთრის" კომბოსტო - კარტოფილამდე. შემდეგ ხახვი და სტაფილო. ბურღულის წვნიანში ცივ წყალში უნდა ჩაყაროთ ბურღული და მოხარშოთ, ხოლო შემდეგ დაუმატოთ ბოსტნეული. მარილი წვნიანს მოაყარეთ მომზადების ბოლოს.
საბავშვო სუპი უმჯობესია, ახალ-ახალი მოხარშოთ, ვიდრე მეორე დღესაც აჭამოთ ბავშვს.
საბავშვო სუპში არ დაუმატოთ დაფნის ფოთოლი, ტომატი, ბულიონის კუბები, სანელებლებიდან მხოლოდ გამხმარი მწვანილი (ძირითადად, ნედლი მწვანილით უნდქა მომზადდეს).
წვნიანების კლასიფიკაცია
კრემ-სუპი
ეს არის წვნიანი, რომელიც არ აღიზიანებს ბავშვის კუჭს. აირჩიეთ მხოლოდ ბოსტნეულის ბულიონი. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული და ცალკე - ხორცი. დააბლენდერეთ ორივე (ზომები თავად დაარეგულირეთ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით) და მერე შეურიეთ ერთმანეთში. 9 თვიდან ბავშვის წვნიანში შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილი: ოხრახუში, კამა, ნიახური. ხახვი და ნიორი მცირე რაოდენობით და ისიც თერმულად დამუშავებული.
რძის სუპი
აუცილებელია ბავშვისთვის ცხოვრების პირველ წლებში. სხვადსხვა სახეობის ბურღულს, ბოსტნეულს ან მაკარონს ხარშავთ წყალზე, შემდეგ უმატებთ რძეს და მუდმივი მორევით მიგყავთ ადუღებამდე. თუ თქვენი ბავშვი 3 წლისაა, რძის სუპს შეგიძლიათ ნატურალური კარაქი დაუმატოთ.
ბოსტნეულის წვნიანი
1 წლის ბავშვს შეგიძლიათ ბოსტნეულის წვნიანით გაუმასპინძლდეთ. ეს შეიძლება იყოს კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ყაბაყი. გახსოვდეთ, რომ უხეშუჯრედისიანი ბოსტნეული, ისეთი როგორიცაა ბარდა, ლობიო, სიმინდი, კომბოსტო ბავშვს უნდა მისცეთ დიდი სიფრთხილით, რათა ისინი გაზების წარმოქმნასა და ნაწლავების პერისტალტიკას, მეტეორიზმს ამძაფრებენ.
ხილისა და კენკრის სუპი
შეგიძლიათ ცოცხალი ხილი გამოიყენოთ ან ჩირი. აჭამეთ თბილი, გრილი. შეგიძლიათ ხილის წვენი ან ფაფა გამოიყენოთ. თუ ბავშვს გამზადებული სუპი უნდა უყიდოთ და ის აჭამოთ, გაითვალისწინეთ, რომ მასში გასასქელებლად სახამებელს იყენებენ.
ხორცის სუპი
ცივ წყალში 30 წუთი მოხარშეთ ხორცი, გადაღვარეთ პირველი წყალი, გარეცხეთ ხორცი, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ მომზადებამდე. მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვისთვის სუპის მოხარშვას ხორცის ძვალზე. მათში ბევრი ცხიმია, რაც ბავშვს არაფერში სჭირდება.
კვირის განმავლობაში ერთმანეთს შეუნაცვლეთ ბურღულის, ბოსტნეულის, რძის, წვნიანები. კვირაში ორჯერ შეგიძლიათ თევზის წვნიანიც მოამზადოთ.