ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით.
გარგრის ნაყოფი უხვად შეიცავს წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ეს კი პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ და თანაც ზაფხულში. თუ თქვენ 3 ცალ გარგარს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ A ვიტამინის დღიური დოზის 30% მიიღეთ. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვისაა აუცილებელი რკინასთან ერთად, რომელიც ასევე შედის გარგრის შემდგენლობაში. ეს მზისფერი ხილი C ვიტამინის წყაროცაა. გარგარი მდიდარი მინერალური შემადგენლობითაც განსაკუთრებულია. რკინასთან ერთად ის კალციუმს, ფოსფორს შეიცავს, რაც პაწაწინა კბილებისა და ძვლებისა ჩამოყალიბებაში ეხმარება ბავშვს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ეს ნივთიერებები უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს.
გარგარში დიდი რაოდენობით კალიუმი, პექტინები და საკვები ბოჭოებია. გარდა ამისა, ის მდიდარია მდიდარია ფერმენტირებადი ოლიგო-, მონო- და დისაქარიდებით, რაც ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების განვითარება-გამრავლებას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი ჯადოსნური ნივთიერება ლიკოპენია - ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.
გახსოვდეთ, გარგარს კვებითი ალერგიის გამოწვევა შეუძლია და ალერგიულ პატარებში მის მიცემამდე აუცილებლად მოეთათბირეთ პედიატრს.
დიდი რაოდენობით გარგრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები და ნაწლავთა აშლილობა. ამიტომ სიფრთხილე ყველა შემთხვევაში აუცილებელია.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე