ისეთი შთაბეჭდილება გაგიჩნდებათ, თითქოს თაფლში შენახულ ატამს მიირთმევთ ძნელია ქართველი დიასახლისი მურაბისა თუ ჯემების მომზადებით გაარკვირვო, თუმცა ზოგჯერ სხვისი ნახელავი იმდენად მოგვწონს, რეცეპტიტაც ვინტერესდებით და სხვის გამოცდილებასაც ვიყენებთ. მურაბა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ნამდვილად მოგეწონებათ. ის გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დავაგემოვნეთ. საერთოდ, გორის სოფლებში მცხოვრებ ქალებს ხილის კონსერვირება განსაკუთრებულად გამოსდით. ეს ატმის მურაბა კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ოდესმე გამისინჯავს. ისეთი შთაბეჭდილება გაგიჩნდებათ, თითქოს თაფლში შენახულ ატამს მიირთმევთ. რა არის ასეთი განსაკუთრებულიო, ბევრი იფიქრებს. საოცარი კონსისტენცია აქვს - რაღაც საშუალოა სიროპსა და თაფლს შორის, ნაყოფი კი ისე ცოცხლად არის შენარჩუნებული, ვერც იფიქრებთ, რომ მოხარშულია.
დაგჭირდებათ
1 კილოგრამი ატამი
1 კილოგრამი შაქარი
მომზადება:
ამ მურაბისთვის დიდი ზომის, სახრავი და მაგარი ატამი უნდა შეარჩიოთ. გათალეთ, გაჭერით თითოეული 4 ნაწილად (თუ არც ისე დიდია, 2 ნაწილადაც შეიძლება. ამ ურაბას დიდი ზომის ნაჭრები უხდება). დაჩხვლიტეთ და შაქართან ერთად ფენა-ფენად მოათავსეთ სამურაბე ჭურჭელში. გააჭერეთ ასე მინიმუმ 3 საათი, თუმცა მთელი ღამითაც შესაძლებელია.
ამ დროის განმავლობაში ატამი იმდენ წვენს გამოუშვებს, რომ წყლის დამატება საჭირო აღარ იქნება. წამოადუღეთ მურაბა. 1-2 წუი დუღილის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ. როცა კარგად გაგრილდება, მეორედ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ საბოლოო მომზადებამდე.