”11 წელი არ გვყავდა შვილი და სასწაულით მოევლინა ეს ტყუპი...” 5 წლის ტყუპმა - ერეკლე, ელენე და ელისაბედ ჭრელაშვილებმა დღეს პირველად შეაღეს 69-ე ბაღის კარი. ბუნებრივია, მათთვის სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოსმა, რომლითაც ისინი ბაღში მოვიდნენ, კიდევ უფრო დიდი ემოციების გამოწვევა შეძლო და შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაც მოაქცია ბავშვები.
თუ როგორი იყო ტყუპი ბაშვის პირველი დღე საჯარო ბაღში, ამის შესახებ სასაუბროდ mshoblebi.ge ტყუპების დედას, ნინო შურღაია-ჭრელაშვილს დაუკავშირდა.
- როგორ გაჩნდა ამ სამოსის იდეა, რომელიც ბავშვებს ეცვათ ბაღში მისვლის პირველ დღეს?
- ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით. "დოლჩე და გაბანას" კოლექციიდან შევარჩიეთ სამოსი. ცხოვრება ჭრელია, გვინდოდა გარშემო მყოფები გაგვეხალისებინა.
- ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვების მამამ არ გაიზიარა თქვენი იდეა...
- ჩამოვუტანეთ პერანგი, მაგრამ არ ჩაიცვა. მე გამორჩეული უნდა ვიყოო. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდით, რომ ბაღი გვეწყებოდა. რადგან ახალ ბაღში მივდიოდით, როგორც მითხრეს, ბაღი ვერ ასწრებდა სარემონტო სამუშაოების დამთავრებას და შეიძლებოდა 20-სთვისაც ვერ მოესწროთ ბაღის გახსნა. ბაღიდან წუხელ დაგვირეკეს 11 საათზე, ბავშვები აგარაკზე იყვნენ ტაბახმელაში და ჩამოვიყვანეთ.
- პირველად მიიყვანეთ ბავშვები ბაღში?
- დიახ. პირველად მივიყვანეთ ბაღში. აქამდე არსად არ დადიოდნენ.
- თვალში საცემი სამოსით ბაღში მისულებს როგორ შეგხვდნენ?
- ბავშვები არ გვანან ერთმანეთს, შემაწუხებლები არ არიან. ძალიან უყვართ კითხვების დასმა და პასუხებს დიდი ინტერესით ელიან. დარწმუნებული ვარ, მასწავლებელს ზედმეტად არ შეაწუხებენ. პირობითად აქტიურები არიან, მაგრამ დღეს არ იყვნენ ისეთი აქტიურები, როგორებიც არიან ხოლმე. რაც შეეხება, მშობლებს, ისინი პოზიტიურად შეხვდნენ ჩვენს ტყუპებს და აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან ჩვენთან ურთიერთობის დაწყებით.
- შეამზადეთ ბავშვები ბაღში წასვლისთვის?
- ბაღში წასვლის წინ განვაცხადე, რომ მივდივართ ბაღში. ამისთვის ნამდვილად არ იყვნენ წინასწარ შემზადებულები. ჩვენ ცოტა ასაკში ვართ, პატარა ბავშვების ყოლისთვის. 11 წელი არ გვყავდა შვილი, მამა ბავშვებს არსად არ უშვებს. ეშინია. ზღვაზეც არ არიან ბავშვები ნამყოფები. მე არ ვარ მშიშარა, მაგრამ მამა გვყავს განსხვავებული.
დღეს, მიუეხედავად იმისა, რომ გვიან იძინებენ, ადრე გაიღვიძეს. რვის ნახევრიდან მზად იყვნენ. უხაროდათ ბაღში წავლა.
- როგორც აღნიშნეთ, ოჯახის შექმნიდან კარგა ხანს არ გეყოლათ ბავშვი, რა იყო ამის მიზეზი?
- მეუღლე არ მყავდა კარგად. ცოტა სასწაულია, რასაც მოგიყვებით. მე მჯერა ასეთი სასწაულების. მე მჯერა და სხვებს არ სჯერათ. ჩვენ რწმენა გვაქვს. ვცხოვრობთ მამა ვიტალის საფლავთან. გადავედი საცხოვრებლად თუ არა, ერთ წელში დავფეხმძიმდი. ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ დავორსულდი და 11 წლის შემდეგ გამიჩნდა ტყუპები. პირდაპირ მამა ვიტალის საფლავს გადაჰყურებს ჩვენი ფანჯრები. ჩემი ქმარი მამა ვიტალის კარგად იცნობდა და ძალიან უყვარდა ბავშვობიდან. ქმრის გადარჩენას არავინ არ ელოდებოდა. თვითონ ექიმებიც მისი გადარჩენის 1%-ს მაძლევდნენ. ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებდა - შაქარი, სიმსუქნე, ჰაერის უკმარისობა, კომაში ვარდებოდა, აპარატზე იყო მიერთებული მთელი ორი წელი...
მე გავიკეთე ინვიტრო. რომ გავიკეთე ინვიტრო, დავდიოდი მამა ვიტალის საფლავზე. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ტყუპები უნდა მყოლოდა. ახლა არავის არ სჯერა, თუმცა ჩემმა მეგობრებმა და დედაჩემმა იცოდნენ, რომ ვამბობდი, 40 წლის ასაკში ტყუპებს გავაჩენ-თქო და მართლაც 40 წლის ასაკში გავაჩინე ტყუპები. მთელი ცხოვრება ვყიდულობდი სამ ნივთს ერთნაირს. ვთვლი, რომ მამა ვიტალის რწმენით მოევლინენ ჩემი პატარები სამყაროს.
ბავშვები ორი წლის იყვნენ, მამა რომ გაითიშა. საათობით იდგნენ მამა ვიტალის საფლავთან და ხმამაღლა ეხვეწებოდნენ, რომ მამა დაებრუნებინა მათთვის. მორწმუნეები არიან, ესწრებიან ტაძარში წირვა-ლოცვას და ეზიარებიან.
რუსკა კილასონია
ასევე დაგაინტერესებთ: დღის ვიდეო: მამებისა და შვილების ცეკვა გლდანის საბავშვო ბაღში