რომ არ გატოკებულიყვნენ, ბავშვებს ოპიუმის ნაზავს ასმევდნენ და პატარები ტრანსში იყვნენ XIX საუკუნის ინგლისში ფოტოგრაფთან მისვლა (ანუ ამბროტიპისტთან – ადამიანთან, რომელიც შუშის ფირფიტებზე იღებდა) მთელი მოვლენა იყო: ბავშვებს გახამებულ პერანგებს და კაბებს აცმევდნენ და დილაადრიან მიჰყავდათ სტუდიაში. მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი შუქი გამოეყენებინათ, რაც არც ისე ხანგრძლივი დღის (განსაკუთრებით ზამთარში), მუდმივი ნისლისა და ფაბრიკებიდან გამომავალი მტვრის ბუღის ფონზე, არც ისე ადვილი მისაღწევი გახლდათ. ფოტოგრაფთან მოდელებს უძრავად ჯდომა უწევდათ 30 წამი ან მეტიც, განათების მიხედვით.
უძრავად ჯდომა მოზრდილსაც უჭირს, მით უმეტეს, ბავშვებთან ამის მიღწევა ურთულესი იყო. არადა, ოდნავადაც რომ გატოკებულიყვნენ, კადრი უკვე იდღაბნებოდა. ამიტომაცაა, რომ ვიქტორიანული ეპოქის ფოტოების უმრავლესობაში თითქმის არავინ იღიმის – ესეც ერთგვარი მოძრაობაა. ამოცანის შესასრულებლად რაღაც ხელსაწყოებსაც კი იყენებდნენ, რომელიც მჯდომარის ყელსა და თავს იკავებდა, ისინი უფრო საწამებელ იარაღს ჰგავდა, თუმცა ამოცანას უმკლავდებოდნენ.
ვიქტორიანელი ბავშვები ძალიან საყვარლები იყვნენ, თუმცა ფოტოს გადაღება არავის სიამოვნებდა: მკვეთრი განათება აშინებდათ, ასევე – ფოტოგრაფები. ხანდახან ეძინებოდათ, დორბლიც გადმოსდიოდათ – ერთი სიტყვით, მათთვის ნამდვილი ტანჯვა იყო სურათის გადაღება. სპეციალური ფოტოატელიეებიც კი არსებობდა, ბავშვების და მოხუცების გადასაღებად – ეს უკანასკნელნი ან სიბერის გამო ვერ ჩერდებოდნენ უძრავად, ან უბრალოდ არ შეეძლოთ გამართულად ჯდომა და "ეხმარებოდნენ".
ბავშვების მშვიდად გასაჩერებლად კიდევ რამდენიმე მეთოდი არსებობდა. მაგალითად, მათ ოპიუმის ნაზავს – ლაუდანუმს ასმევდნენ და პატარები ტრანსში იყვნენ, პრაქტიკულად არ იძროდნენ. ზოგიერთ ფოტოლაბორატორიაში ცხოველები ჰყავდათ – მაიმუნები ან ჩიტები გალიაში, რომ ბავშვებს მათთვის ეყურებინათ უძრავად.
ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი მაინც დედების დახმარება იყო. ბავშვებს ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული დედებისთვის ან მათ კალთაში ისხდნენ. თუმცა ფოტოგრაფების ამოცანა იყო, დედები რაც შეიძლება შეუმჩნეველნი გაეხადათ: მათ ნაჭრებს, საბნებს აფარებდნენ, ფონთან ახამებდნენ, რომ არ გამოჩენილიყვნენ. ხანდახან ჭრიდნენ კიდეც კადრიდან და ზოგიერთ მაშინდელ ფოტოზე ბავშვის გვერდით მისი დედის ხელები ჩანს მხოლოდ.
კოლექციონერმა ლინდა ნაგლერმა თავი მოუყარა ამ ფოტოებს და გამოსცა ფოტოალბომი "დამალული დედები", რომელშიც ათასობით ფოტოა.
მაინც რატომ იმალებოდნენ დედები? რატომ არ იღებდნენ ფოტოს ბავშვთან ერთად? პასუხი ასეთია: ამგვარ ფოტოებს უგზავნიდნენ მეგობრებს და ნათესავებს ოჯახში მატებასთან დაკავშირებით, ანუ აცნობდნენ ახალ წევრს მათ ოჯახში. ასეთ დროს კი მთავარი და ერთადერთი ობიექტი ფოტოზე უნდა ყოფილიყო ბავშვი და არა დედა. გარდა ამისა, ვიქტორიანულ საზოგადოებაში მიიჩნეოდა, რომ ქალი არ იყო ფოტოგრაფის ყურადღების ღირსი.
ასევე იხილეთ: კაბები ბიჭებისთვის - საოცარი, მაგრამ ნამდვილი ფაქტები ფოტოებითურთ