ეს ლაქები რომ მოაცილოთ, ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს როცა ოჯახში ბავშვია, ფლომასტრის ლაქებს სად აღარ ნახავთ - ავეჯზე, ტანსაცმელზე, კარსა თუ იატაკზე, ხშირად კი თავად ბავშვზეც. ეს ლაქები რომ მოაცილოთ, ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს. ლაქის ამოსაყვანი საშუალებები კი ნებისმიერი ოჯახისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
ფლომასტერი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც წყალზე, ასევე სპირტზე. ლაქა ავეჯიდან ან ქსოვილიდან რომ მოაშოროთ, სპირტის შემცველი ნებისმიერი სითხე გამოდგება - ოდეკოლონი, ტუალეტის წყალი, არაყი, ტექნიკური ან სამედიცინო სპირტი. დაასველეთ ამ სითხეში ღრუბელი ან ბამბის ტამპონი და გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი. შემდეგ ავეჯს წყლიანი ტილო გადაუსვით, ქსოვილი კი გარეცხეთ.
თუ ლაქა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შენიშნეთ, გამხსნელი სითხე დაგჭირდებათ - ბენზინი, აცეტონი, ლაქის მოსაშორებელი სითხე, გამხსნელი 646 ან ნავთი. როგორც კი ლაქა გაბუნდოვანდება, ის წყლით უნდა გამორეცხოთ. თუ ისეთი ნივთია, რომელსაც ვერ გარეცხავთ (ხალიჩა, რბილი ავეჯი), გამხსნელით დამუშავებული მთელი უბანი სპირტით ან სველი ღრუბლით გაწმინდეთ ისე, რომ გამხსნელი სითხე ბოლომდე გასცილდეს.
ტანსაცმლიდან ფლომასტრის კვალი სპეციალური ლაქის ამომყვანი საპნითაც მოშორდება. დალაქული ტანსაცმელი ჯერ წყალში დაალბეთ, სქელ ფენად წაუსვით ეს საპონი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გამდინარე წყალში გაავლეთ.
არსებობს მარკერის წამშლელი საშუალებაც, რომელიც საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება. მას სპრეის ან ფანქრის ფორმა აქვს. თუ ინსტრუქციას სწორად დაიცავთ, ის ფლომასტრის ლაქებსაც წარმატებით გაუმკლავდება.
ბავშვის კანიდან ფლომასტერი სპირტში ან გლიცერინში დასველებული ბამბის ტამპონით მოაშორეთ. გაუსუფთავეთ კანი, შემდეგ ის ადგილი თბილი წყლით ჩამობანეთ და საბავშვო კრემი წაუსვით.