როგორც გინდა გცხელოდეს, საბანი არ გადაიხადო. მელოგინე ქალი სითბოში უნდა გამოშუშდეს ქალის მშობიარობას დედა ყოველთვის გამორჩეულად განიცდის. ასე იყო მუდამ და ეს განცდა არასდროს შეიცვლება. მაგრამ ჩვენი მშობლების მშობლებს სამშობიაროში მწოლიარე ქალიშვილების მიმართ თავიანთი განცდების, მზრუნველობისა და რჩევა-დარიგებების გაზიარება მხოლოდ წერილების საშუალებით შეეძლოთ. ვინაიდან არც მობილურები არსებობდა, არც "სკაიპი" და არც სოციალური ქსელი, დედას მთელი სათქმელი ერთ ფურცელში უნდა ჩაეტია, რომელსაც მშობიარე ქალიშვილთან სანიტარს გაატანდა.
mshoblebi.ge რამდენიმე ასეთ წერილს გთავაზობთ, რომელიც 40 წლის წინ არის დაწერილი. აი, რა საკითხები იყო სამშობიაროში მაშინ "აქტუალური".
"ჩემო მზია, როგორ ხარ, დედა?
გილოცავ ქალიშვილის შეძენას და მშვიდობით გადარჩენას. ახლა შენ იცი, როგორ მოუვლი თავს. დღეს მაინცდამაინც ნუ დაიძინებ ღრმად, ყურადღებით იყავი, სისხლის დენა არ აგიტყდეს, იცოდე, არ ადგე და არ დაიწყო სიარული, ნუ მიბაძავ ზოგიერთებს. არ გაიციო თავი. ხვალ გამოგიგზავნი ჩულქებს, როცა შემოვლა დამთავრდება, მაშინ ჩაიცვი ხოლმე. მე და თენგო წამოვედით სახლში, იმიტომ, რომ აღარავინ გამოიხედა. იმ ქალმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეაო. თან ფულიც არა გვქონდა. მაგ დამლაგებელს კი 6 მანეთიც მივეცი და ერთი შოკოლადიც. ახლა მაინტერესებს, ბებიაქალმა გამშობიარა თუ ექიმის დახმარებაც დაგჭირდა და ფულსაც იმის მიხედვით გადავუხდით. ბებიაქალს მიეცი 15 ან 20 მანეთი და თუ ექიმმა რამე გაგიკეთა, იმასაც ამდენივე. ბავშვის ამბავი იკითხე კარგად, დღენაკლული ხომ არ არის. რატომ დაიბადა ასეთი პატარა წონის? მოკლედ, მოიწერე ყველაფერი დაწვრილებით...
თენგო გითვლის, მე არ მწყენია, გოგო რომ გყავს, ოღონდ შენ იყავი კარგადო. ისე, დიდი ცირკი გოგო კი ხარ, რომ გუშინწინ სასეირნოდ წამოხვედი და დღეს უკვე შვილი გყავსო...
მზია, ნეტავი საჭირო ხომ არ იყო კიდევ ჩვენი მანდ ყოფნა? 11.30 წთ. წამოვედით. სახლში რომ მოველ, კი ვინანე, მაგრამ ვიფიქრე, თენგო ხომ მომიტანს ამბავს-მეთქი, მაგრამ თურმე რომ მოვიდა, ქუჩის მხრიდან შესვენების საათები იყო და ეზოდანაც ვერავინ ნახა. თუ რამე გინდა, შემოთვალე, ისე, ვთქვათ რაიმე გაგიჭირდეს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს საავადმყოფოში გაგზავნე ვინმე და ისინი მაინც გამაგებინებენ. ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში...
ახლა გიგზავნი 40 მანეთს და მოიწერე როგორ იქნება საქმე.
ფული არ დაკარგო, ძუძუებს მოუარე, სულ იწველე ხოლმე, სუფთა ხელით...
ხომ არაფერი გაწუხებს ან უყურადღებოდ ხომ არ ხარ, ყველაფერს კარგად დააკვირდი. თენგოს მოსწერე, რომ შენი საქმეები მოაწესრიგოს წასვლამდე. დეკანატს ხომ უნდა გავაგებინოთ შენი ამბავი და საწერს თუ მორჩი, წაიღოს და ჩააბაროს, ვისაც საჭიროა...
თუ რამე გინდა გულით საჭმელი, რაც გეჭმევა, მოიწერე და მოგიტანთ. ისე, სითხე ბევრი არ დალიო, თორემ რძე ბევრი ჩაგიდგება და არ გაგიმაგრდეს მკერდი. რძე გიდგას თუ არა? იცოდე, არ გაიციო. როგორც გინდა გცხელოდეს, საბანი არ გადაიხადო. მელოგინე ქალი სითბოში უნდა გამოშუშდეს, თორემ გაციებას ბევრი არასასიამოვნო გართულება მოსდევს. მოიწერე, რომელ პალატაში ხარ.
დედა
მზია,
...ახლა რაც სახლშია იმ ლიფს გიგზავნი, არ ვიცი, გამოგადგება თუ არა. მუცელი პილიონკით შეიკარი, ხომ გაგაფრთხილე, სიარულს მაინცდამაინც ნუ დაიწყებ.
შენი ამორჩეული ბავშვის სახელი არ მომწონს. ლელა რა არის, ან სვანური სახელი დაარქვი ან ქართული აღიარებული სახელებიდან ერთი: მაგალითად, ნინა, თამარი, ქეთევანი, ელენე, ზეინაბი, რა ვიცი, ახლა არ მაგონდება. თუ არა და შენ იცი... თენგო ამბობს, რამე ძველებური ტკბილი სახელიო... რატომ არ იწერები რამდენი გამოგიგზავნოთ და რისთვის გჭირდება. ტყუილ-უბრალოდ კი ნუ დაარიგებ, თუ რაიმე ისეთი არ გჭირდება ან შენ ან ბავშვს. თუ სიცხეები გაგიგრძელდა, ჰკითხე ექიმს რა მიზეზის გამოა. ბავშვის ადრე დაბადება კი თქვენი უტაქტო და დაუდევარი საქციელის ბრალია, რომ არავის გაფრთხილებას ყურში არ უშვებთ...
თუ მაინცდამაინც ლელა გინდა - შენ იცი, იყოს ლელა...
გოგო, რომ იწერები თავს ნუ შეიწუხებთო, არ გრცხვენია? მაშ ვინ უნდა შეიწუხოს თავი თუ არა ჩვენ. არ გაბედო, რომ რამე გჭირდებოდეს, გინდოდეს და არ გამაგებინო. გულით რაც გინდა და გეჭმევა მომწერე: ახლა თუმანს გიგზავნით. მერე თუ საჭირო იქნება ვინმესთვის, მოიწერე.
ამ კომპოტს დიდხანს ნუ გააჩერებ, მაგრამ ერთად ბევრსაც ნუ დალევ. ასე დღეს და ხვალ და მერე თუ ხმელი ჩირისა გირჩევნია, იმას ვიყიდი და გავაკეთებ.
დედა
მზია, შვილო
როგორ ხარ დღეს, ან შენი პატარა ლელა როგორ არის? შენი სიცხის მიზეზი გაციებაც შეიძლება იყოს და მკერდიც, თუ სხვაგან არაფერი გაწუხებს. გაციებას შენ უნდა მოუარო, მე ხომ გაგაფრთხილე, რომ არ ადგე-მეთქი, შენ კი მესამე დღეს გამოიჭიმე ღია ფანჯარასთან. ყველა სერიოზულ საქმეს არასერიოზულად ეკიდები, ყველა ჩემს რჩევას უკუაგდებ და აი, შედეგებსაც ხომ ხედავ...
მასაჟისტი კიდევ მოდის შენთან თუ არა? თუ არ დადის, დაუძახე, ერთი ხუთი მანეთი მიეცი, თან დააკვირდი როგორ გიკეთებს მასაჟს და შენ თვითონ გაიკეთე. სულ იწველე და იწველე, რაც შეგიძლია. შენმა დამ თქვა, თითო გაკეთებაზე თითო მანეთს ვაძლევდიო. სითხეს ბევრს ნუ მიიღებ. დღეს კომპოტის მოტანაზეც იმიტომ შევიკავე თავი.
ფულს კი შემოგიგზავნი, მაგრამ მაინტერესებს, რაც გქონდა, ის რაში გამოიყენე. უკუღმართ მოქმედებას ორივემ თავი დაანებეთ. ახლა მაინც შეიგენით, რომ ოჯახს ქმნით. ნუ მიშლით ნერვებს, ზედ ხომ არ უნდა გვინაცვალოთ. შენ იმის მაგიერ, რომ დასაჯო, ხელს უწყობ, ცუდისკენ და ვერა გრძნობ ამას. როცა გამოხვალ, მაშინ წაგიკითხავ...
ახლა, კიდევ ერთი რამე, თუმცა ალბათ მანდაც დაგარიგებენ, თუ ფეხებზე არ დაიკიდეს... უნდა იცოდე, რომ ქალს 40 დღე აქვს ლოგინობის ხანა, ამ ხანში დაუშვებელია ქმართან დაწოლა, ამას შეიძლება ბევრი არასასიამოვნო გართულება მოჰყვეს. ეს რომ არ მოხდეს, ქმარი რომ დაგელაპარაკება ტელეფონით, უთხარი, რომ ნუ ჩამოვა ამ მოკლე დროში, თუ სამსახურმა არ გამოგზავნა. თორემ სულ ერთია, მაინც არ მოვუშვებ შენთან. მე კი ვუთხარი, რომ ჯერ არ ჩამოხვიდე-მეთქი, მაგრამ ვინმეს რამე გეყურებათ?
რომ მწერ, თუ სურვილი გექნებაო, რას ნიშნავს ეს? ესე იგი ჩემზე მეტი გულისდამწველები სხვები გყავს, არა? ვაი ჩვენი ბრალი... ბევრი ვთქვი თავის დროზე, ბევრსაც ვამბობ, მაგრამ შენ მაინც არ გინდა, რომ გაიგო და დაინახო...
ნინასთვის არ გაგვიგებინებია, როცა თვითონ მოვა, მაშინ გაიგოს, არ მინდა, რომ ავაფორიაქო, შენც ხომ ასე მოიწერე...
აბა, ყოჩაღად იყავი, ნუ გეშინია, თუ შენს თავს გაუფრთხილდები, კარგად იქნები...
მამაშენი ბაზარში გავგზავნეთ დიდი ბურტყუნით, ჯერ არ მოსულა. ცნობა პალატის ექიმს უთხარი და დაგიწერენ.
გკოცნით
გამარჯობა, მზიაკო.
როგორ ხარ დღეს? კი შეგპირდი, რომ საღამოს გადმოვალ-მეთქი, მაგრამ ისეთი მძიმე ავადმყოფები დამახვედრეს, რომ ვერ შევძელი გამოსვლა. არ გეწყინოს. შენს ქალიშვილზე ბავშვთა ექიმმა ასე მითხრა: საყურადღებო ბავშვია, ცოტა სუსტიო. ვნახოთ, ალბათ კარგად წავა საქმეო. შენ კიდევ გიმეორებ, ნუ დგები და ნუ დადიხარ. არ გაბედო დაბლა ჩამოსვლა. რაც მომწერე, იმას გიგზავნი. ხვალ წიწილას და ბულიონს ბრინჯით მოგიტან. ჰკითხე ექიმს, რძე მოგივა თუ არა. შენ თვითონ რას ატყობ, მკერდი არ გაგიდიდდა? შენ რომ რძე არ გქონდეს, ძალიან ცუდად იქნება ბავშვის საქმე.
ის ბებიაქალი მგონი ყოველდღე მუშაობს 5 საათამდე. ადექი და თუმანი მაინც მიეცი, ხომ გაქვს მანდ, თორემ სირცხვილია... კუჭის მოქმედება თუ გაქვს?
რომ გარიგებ და გაფრთხილებ, ახლა მაინც გაიგონე, შენ გგონია ყველაფერი დამთავრდა? ცოტა გაუფრთხილებლობამ შეიძლება რამე მძიმე გართულება დაგმართოს. ნუთუ საკმარისი არ არის, რაც აქამდე უსიამოვნო ამბები გადაგხდა. სასიამოვნო კი ჩემი შეხედულებით შენ არაფერი მიგიღია და მომავალშიც რაღაც სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ... ამიტომ ფრთხილად იყავი. ჯანმრთელობა მაინც შეინარჩუნე.
გკოცნი
მოიწერე რა არის ახალი, რა გჭირდება...