აფთიაქში თვითნებურად ნაყიდ წამალს ბავშვს ნუ დაალევინებთ, თუნდაც ის თქვენი ახლობლების ბავშვებს "ძალიან მოუხდათ" - გახსოვდეთ, არავინ იზრუნებს თქვენს შვილზე ისე, როგორც თქვენ! გამოცდილი მშობლები, ექიმები და ფარმაცევტები ხშირად განიხილავენ წამლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირია შემთხვევები, როცა დედა ბავშვს არასწორ დოზას, ვადაგასულ წამალს აძლევს, ან ისეთ პრეპარატს, რომელიც იმ კონკრეტულ ვითარებაში პირიქით, საზიანოც კია. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს ხელი მიუწვდება წამლებზე, ყლაპავს ან ღეჭავს აბებს და ამას არაერთხელ საკმაოდ მძიმე შედეგებიც მოჰყოლია. სწორედ ამ და სხვა საშიში შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც აუცილებელია, როცა წამლებთან გაქვთ საქმე:
* აუცილებლად წაიკითხეთ წამლის გამოყენების, დოზირების, გვერდითი მოვლენების შესახებ ინსტრუქცია. თუ თქვენი წაკითხული არ ემთხვევა იმას, რაც ექიმმა გიხთრათ, ნუ მოგერიდებათ, დაურეკეთ და კიდევ ერთხელ დააკონკრეტეთ, რაც გაინტერესებთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა დოზა უნდა მისცეთ ბავშვს, ჯობს, წამალი საერთოდ არ დაალევინოთ. ნუ გეუხერხულებათ ექიმთან დარეკვის, გაიხსენეთ, ეს თქვენი შვილის ჯანმრთელობას ეხება.
* გახსოვდეთ, არსებობს პრეპარატები, რომლებსაც გახსნის შემდეგ ერთი კვირა ან უფრო ნაკლები გამოყენების ვადა აქვთ. ხშირად გადაამოწმეთ ამა თუ იმ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა. არა მხოლოდ კოლოფზე დაწერილი ვადა, არამედ თავად წამლის გახსნიდან ვადა.
"მომხმარებელს აქვს უფლება, მოითხოვოს წამლის ანოტაცია ქართულ ენაზე, ხშირ შემთხვევაში კი აფთიაქის პერსონალი თავად აწვდის მყიდველს ინფორმაციას ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების, ვარგისიანობის ვადის შესახებ. დოზირებას კი ექიმი წყვეტს. წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ მშობლები ნაკლებად გვეკითხებიან და ძირითადად ექიმის დანიშნულებას ენდობიან", - ამბობს ფარმაცევტი სალომე იმედაძე.
* აფთიაქში თვითნებურად ნაყიდ წამალს ბავშვს ნუ დაალევინებთ, თუნდაც ის თქვენი ახლობლების ბავშვებს "ძალიან მოუხდათ". აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს, რომელმაც იცის ბავშვის ისტორია, რეაქცია პრეპარატებზე და სხვა. სასურველია, რომ ბავშვს ჰყავდეს ერთი კონკრეტული პედიატრი და არა სხვადასხვა.
* თუ ექიმს და ფარმაცევტს დაავიწყდათ თქვენთვის წამლის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მიმართეთ ყველაზე მარტივ საშუალებას - მოიძიეთ ინტერნეტში აღნიშნული წამლის შესახებ ინფორმაცია და თავად გაეცანით. მშობელი ვალდებულია ყურადღებიანი და დაკვირვებული იყოს. გახსოვდეთ, არავინ იზრუნებს თქვენს შვილზე ისე, როგორ თქვენ! ამიტომ, მაქსიმალურად შეისწავლეთ ის, რას ასმევთ ბავშვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა.
წამლებით მოწამვლა
ზოგიერთ წამალს ძალიან კარგი გემო აქვს, ბევრ ბავშვს აქვს ინტერესი ფერადი ტაბლეტების ან ტკბილი სიროფების მიმართ. რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვმა წამლები დალია?
ყველაზე ხშირად ბავშვები იწამლებიან, როდესაც თავად სვამენ წამლებს ან მშობლებს ეშლებათ და დოზას გადაამეტებენ ხოლმე. წვეთის მაგივრად აძლევენ მილილიტრს, მილიგრამებიც შესაძლოა მილილიტრებში აერიოთ, 1-პროცენტიანი ხსნარის მაგივრად იღებენ 10-პროცენტიან ხსნარს და ა.შ. ეს არის მშობლების პირდაპირი უყურადღებობის ბრალი. სამედიცინო პრაქტიკაში ეს ხშირად მომხდარა.
თუ აღმოაჩინეთ, რომ ბავშვმა წამლები დალია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. კრიტიკული სიტუაცია - დარეკეთ სასწრაფოში. გაუკეთეთ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა. თუ ბავშვი გონებაზე არ არის - გვერდზე დააწვინეთ და დაელოდეთ სასწრაფოს. თუ სახლში ერთზე მეტი ბავშვია, ჩათვალეთ, რომ ყველა შესამოწმებელია. თუ ბავშვი ფაქტზე დაიჭირეთ და ზუსტად იცით, რომ წამლების დალევიდან 30 წუთზე მეტი არ არის გასული, წამოსვი და ხელოვნურად გამოიწვიეთ გულის რევა. თუ არ ირევს გულს, მიეცით აქტივირებული ნახშირი, რაც მეტი, უკეთესი. ასევე დაალევინეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის რამდენიმე ჭიქა რძე. გულის არევა არ შეიძლება, თუ ბავშვი გონზე არაა როდესაც სასწრაფო მოვა, აიღეთ ყველა ნივთმტკიცება (დაყრილი ტაბლეტები, სიროფის ქილები), რომელიც ექიმს დაეხმარება, გაიგოს, რა წამლები რა რაოდენობით დალია. არ გადადოთ სასწრაფოს გამოძახება, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენი დახმარება ბავშვს ვერ გამოაკეთებს.
ბავშვებს ძირითადად ტკბილი სიროფები იზიდავთ. მაგალითად სიცხის დამწევი პარაცეტამოლი, რომელიც ყველა ოჯახშია. მისი დალევის შემდეგ სიმპტომები 12 საათში ვლინდება. საბედნიეროდ, არსებობს წამლები, რომლებიც პარაცეტამოლის მოქმედებას ანეიტრალებენ.
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები მშობლებს:
ბავშვმა არ უნდა იცოდეს, სად ინახება წამლები. არასდროს დალიოთ წამლები ბავშვის თვალწინ. ნაგვის ყუთში არ ჩაყაროთ ვადაგასული წამლები, სტატისტიკურად ძალიან ხშირად ბავშვები სწორედ ურნებში პოულობენ "სასუსნავს". არასდროს დაახასიათოთ წამალი კარგი, საყვარელი სიტყვებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ წამალი კანფეტი არ არის.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ