დღეს მის ნახატებს კლოდ მონეს ნახატებსაც კი ადარებენ 5 წლის აირის გრეისი ლესტერშირში ცხოვრობს (დიდ ბრიტანეთში). მას საოცარი ნიჭი აქვს – ასეთი პატარაა და სრულყოფილ ტილოებს ქმნის, რომლებსაც სპეციალისტები ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრების ტილოებს ადარებენ.
გრეისს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – აუტიზმი. ეს ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც ადამიანის გარე სამყაროსთან სოციალურ ურთიერთქმედებასა და აღქმაზე ახდენს გავლენას. თუმცა მის მშობლებს ხელები არ ჩამოუშვიათ, როცა 2011 წელს შვილის დაავადების შესახებ გაიგეს. სწორედ მაშინ, როცა გრეისს ურთიერთობების პრობლემა გაუჩნდა, მშობლებმა ლოგოპედს მიმართეს, რომელმაც ურჩიათ, მათ გოგონას ხატვა ეცადა. ეს დაეხმარებოდა გარე სამყაროსთან ურთიერთობის სწავლაში - ნახატების მეშვეობით.
ასე დაიწყო გოგონამ ხატვა და საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების მეშვეობით. როცა გრეისმა თავისი პირველი ნახატები უჩვენა, მისმა მშობლებმა არაბელა კარტერ-ჯონსონმა და პიტერ-ჯონ ჰალმშოუმ ქალიშვილის საოცარი ნიჭი დაინახეს, რომელიც აქამდე არ შეუნიშნავთ მისი ასაკის სხვა ბავშვებში. დღეს მის ნახატებს კლოდ მონეს ნახატებსაც კი ადარებენ.
როცა გრეისი ხატავს, შეუძლია, მთელი ორი საათი მხოლოდ ტილოზე იყოს კონცენტრირებული, ეს კი მისი დიაგნოზის გათვალისწინებით – დიდი პროგრესია! "მას ფერის შესანიშნავი აღქმა აქვს და ასევე იმის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ფერები ერთმანეთთან", - ამბობს გოგონას მამა.
"გრეისი სიხარულს ვერ მალავს როცა საღებავს ვიღებ. ხატვის დროს ყოველთვის კარგ ხასიათზეა", - დასძენს დედამისი. გრეისის მშობლებს სურთ, ასეთი ბავშვების სხვა მშობლებსაც გააგონონ ხმა და ურჩიონ, აპოვნინონ შვილებს რაიმე ნიჭი, რაიმე გატაცება, რაზეც გადაიტანენ ყურადღებას, კონცენტრირდებიან და რაც დაეხმარებათ სამყაროსთან ურთიერთობაში. "უნდა უპოვოთ გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ ასეთი დაავადებების მქონე პატარის რთულ სამყაროში შეღწევაში. მე ეს ძვირფასი გასაღები ვიპოვე – ეს არის ჩემი შვილის უდიდესი სიყვარული ხატვისადმი".
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გოგონასთვის დაავადება წინააღმდეგობა კი არ გახდა, არამედ ბიძგი, რომ მისი უდიდესი ნიჭი აღმოჩენილიყო. ხელოვნების მეშვეობით მას შეუძლია, ყველასთვის გასაგებ ენაზე ისაუბროს, ასე ამყარებს ის ჯონტაქტს გარე სამყაროსთან.