არ დატოვოთ სიგარეტის კოლოფი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე! ალბათ ყველას გაგვიგონია, ერთმა წვეთმა ნიკოტინმა ცხენი მოკლაო. ნიკოტინის მავნებლობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მიუხედავად აქციზებისა, აგიტაციისა, ფასების მომატებისა, სტატისტიკურად ოჯახში ერთი მწეველი მაინც არის, რის შედეგადაც ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.
თუ იმ ოთახში, სადაც ბავშვია, რეგულარულად ეწევიან, ჩათვალეთ, რომ ბავშვიც ეწევა, ის პოტენციური პასიური მწეველია. განსაკუთრებით საშიშია ნიკოტინის მოხვედრა საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
როგორ უნდა მოხვდეს ბავშვის კუჭში ნიკოტინი? მაგალითად ასე: მამას დაუვარდა სიგარეტის ღერი, ოჯახში არის 1 წლის ბავშვი, რომელიც უკვე ხოხავს, აიღებს და ჩაიდებს პირში. სტატისტიკურად ცნობილია, რომ 1 ღერი ფილტრიანი სიგარეტი შეიცავს 9 მგ ნიკოტინს. შეიძლება იყოს ცოტა ნაკლები ან მეტი, მაგრამ საშუალოდ ასეა. სასიკვდილო დოზა მოზრდილი ადამიანისთვის 60 მგ ნიკოტინია (კუჭში მოხვედრის შემთხვევაში). 1 მგ. - 1 კგ წონაზე არის სასიკვდილო დოზა. 1 წლის ბავშვი, რომელიც საშუალოდ იწონის 10 კგს - პოულობს 1 ღერ რსიგარეტს, რომელშიც 9 მგ ნიკოტინია. თავად განსაჯეთ, ფაქტობრივად ბავშვისთვის სასიკვდილო დოზაა. ერთადერთი დამამშვიდებელი გარემოებაა ის, რომ ბავშვი მთლიანად არ შეჭამს 1 ღერს, რადგან გემრიელი არ არის. თუმცა, ნურც ამით დაიმშვიდებთ თავს, ბავშვის გემოვნებას რას გაუგებთ.
ნიკოტინი შეიწოვება კანის ზედაპირით, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის გზით. თუ ბავშვი აიღებს და უბრალოდ ხელით დაგლეჯს სიგარეტს, ესეც კი საშიშია. მსოფლიოში ერთ- ერთ მავნებელ პროფესიად ითვლება გარემოსა და შენობების დასუფთავება სიგარეტის ნამწვავებისგან. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცესი მექანიზებულია. არ კმარა მხოლოდ ის, რომ არ მოწიოთ ბავშვის საძინებელში, საკმარისია ისიც, რომ ნიკოტინით ახლად გაჟღენთილი ფილტებით იძინებთ ბავშვთან ერთად, ერთ საძინებელში. ესეც კი სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, სიცოცხლის პირველ ნახევარში, დიდია რისკი ბავშვის უეცარი სიკვდილიანობისა, რაშიც დამნაშავე - ნიკოტინია. ბავშვს აქვს თანდაყოლილი ე.წ. ადგილობრივი იმუნიტეტი, ეს არის ლორწოვანი გარსის დამცველობითი მექანიზმი. პატარას ბრონქები დაფარულია ეპითელიუმის თხელი ფენით, რომელიც ასევე დაფარულია ხაოებით. ისინი მოძრაობენ და განდევნიან მტვერს, მიკრობებს და ა. შ. თუ ეს ხაოები კონტაქტში არიან ნიკოტინთან, მათი მოძრაობის სიხშირე ნელდება და ეს ფაქტორი უწყობს ხელს მწვავე რესპირატორული და ინფექციური დაავადებების განვითარებას.
თუ ვერ ანებებთ სიგარეტის მოწევას, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
არ დატოვოთ სიგარეტის კოლოფი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე! თუ ბავშვი ხელით დაგლეჯს სიგარეტს, სასწრაფოდ დაბანეთ ხელი! არ მოწიოთ ბავშვის ოთახში! მუდმივად ანიავეთ სახლი!