"ესაა ყველაზე დიდი მხარდაჭერა მეორე ნახევრისთვის" ჩვენს საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მასალა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ელექტროიმპულსების მეშვეობით მამაკაცებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ სამშობიარო ტკივილები. ზოგიერთი მათგანი 5 წამსაც კი ვერ უძლებდა იმას, რასაც ქალები საათობით იტანენ. გადავწყვიტეთ. ცნობილ მამებს, დიზაინერ ავთო ცვიტინიძეს და მსახიობ კოკო როინიშვილს მშობიარობაზე დასწრების საკითხზე გავსაუბრებოდით და დავინტერესდით იმითაც, გამოცდიდნენ თუ არა სამშობიარო ტკივილებს და ჩადგებოდნენ თუ არა მეუღლეების მდგომარეობაში..
ავთო ცქვიტინიძე: "კანონის, ბუნებისა და ღმერთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს ადამიანი"
- როგორ ფიქრობთ, ქმარი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას?
- კი, აუცილებლად, მე დავესწარი. ესაა ყველაზე დიდი მხარდაჭერა მეორე ნახევრისთვის, ერთიანი ბედნიერების აღქმისთვის, ამ დროს მამაკაცი გვერდით უნდა დაუდგეს ქალს და რამდენადაც შესაძლებელია, ეს ტკივილი მასთან ერთად განიცადოს. თუ ქალს აქვს პრეტენზია და გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება მეუღლის მშობიარობაზე დასწრებასთან დაკავშირებით, მაშინ რასაკვირველია, შეიძლება აზრის გაზიარება, თუმცაღა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს ერთიანად უნდა იზიარებდნენ ოჯახის წერვები და ესეც არაა გამონაკლისი.
- ხშირად ამბობენ, მამაკაცებს დამოკიდებულბა ეცვლებათ ცოლების მიმართ, როცა მშობიარობას ესწრებიანო, უფრო მეტად მგრძნობიარენი ხდებიან მათ მიმართო...
- ადამიანები ინდივიდუალურები ვართ, ყველას სხვადასხვა ემოცია და აღქმა აქვს ერთსა და იმავე ფაქტზე, თუმცა კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, ძალიან დიდი ემოციური ტალღა იყო და მაქსიმალურად გვერდით ვედექი ჩემს მეუღლეს. ერთად გავიზიარეთ ეს ბედნიერება. ვერავის ვერ ვურჩევ, დაესწროს საკუთარი შვილის დაბადებას და ვერც გავაკრიტიკებ, თუ ამას არ გააკეთებს, რადგან ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია.
- ჩინეთში საგანგებო აქცია ჩაატარეს - მამაკაცებს მისცეს საშუალება, გამოეცდათ ის ტკივილები, რასაც ქალი მშობიარობისას გრძნობს... თქვენ გამოსცდიდით ამ ტკივილს, დააყენებდით თავს თქვენი ცოლის ადგილას?
- არასდროს არ მიფიქრია ამ თემაზე და ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ბუნების კანონის დარღვევის, ამიტომ ის, რაც არაა დაშვებული, ჩემთვის მიუღებელია.
- ინტერესის დონეზეც არ მიიღებდით ამ აქციაში მონაწილეობას?
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამ თემაზე და მიჭირს პასუხის გაცემა, თუმცა, კანონის, ბუნებისა და ღმერთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს ადამიანი.
კოკო როინიშვილი: "ვისაც შეუძლია, გაუძლოს და უყუროს ამ ყველაფერს, უნდა დაესწროს მშობიარობას"
- მშობიარობაზე დასწრების საკითხს ვემხრობი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ დავსწრებივარ, ვისაც შეუძლია, გაუძლოს და უყუროს ამ ყველაფერს, უნდა დაესწროს, ოღონდ ეს მაშინ, როცა ქალის სურვილიცაა, ერთგვარად სტიმულის მომცემიცაა, როცა შენი მეორე ნახევარი შენ გვერდითაა. თავიდან მეც ვაპირებდი დასწრებას, მიუხედავად იმ შიშისა, რომ გული წამივიდოდა, მაგრამ ბოლოს ანიმ მითხრა, გადიო. ბოლო 5 წუთი არ ვიყავი მასთან...
- განცდა უფრო ძლიერი იქნებოდა, დაბადების მომენტში იქ რომ ყოფილიყავი?
- არა მგონია, იმაზე ძლიერი განცდა ყოფილიყო, ვიდრე მქონდა. მშობიარობაზე დასწრება უფრო ცოლისთვისაა მნიშვნელოვანი და მისი მხარდაჭერაა, ვიდრე კაცის ემოციის გამძაფრება. მამობის პირველი ემოცია შევიგრძენი იმ წამს, როცა ანი და ბავშვი ერთად დავინახე, თითქოს დაინგრა ყველაფერი ჩემ ირგვლივ და ახლიდან აშენდა. ბავშვმა ყველაფერზე გავლენა მოახდინა, კონკრეტულად თქმა გამიჭირდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ შეცვალა.
- საშუალება რომ იყოს, გამოსცადო სამშობიარო ტკივილები, გამოცდიდი?
- არა, არ გამოვცდიდი, არ მინდა (იცინის). ქალი 9 თვე ემზადება ამისთვის, გონება მუშაობს იმაზე, რომ 9 თვის მერე უნდა იმშობიაროს, მაგ დროს კაციც არანაკლებ ნერვიულობს, გადის ზუსტად იმავე ეტაპებს, ტკივილის გარდა... ანის მშობიარობის მომენტში, პირადად მე, დაახლოებით ანის დონეზე ვნერვიულობდი.
- ხშირად ამბობენ, შვილები მშობლებს უფრო მეტად მას შემდეგ აფასებენ, რაც თავადაც მშობლები ხდებიანო. ეთანხმებით ამას?
- მე უმადური შვილი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ვაფასებდი გიას და თამრიკოს გაწეულ შრომას ჩემ მიმართ, თუმცა როცა თავად ხდები მშობელი, გარკვეულწილად უფრო მეტად აფასებ შენს მშობლებს.
ციცი ომანიძე