იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი მრავალი წელია სცენაზეა, თუმცა აქტუალობას არ კარგავს და უსინათლო ოპერის მომღერლის პოპულარობაც არ კლებულობს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოდის სცენაზე ვაჟთან ერთად, რომელიც მის გზას აგრძელებს და ანდრეა ისევე ემოციითა და გულთბილი ღიმილით მღერის ვაჟის გვერდით, როგორც ერთ დროს - ლუჩანო პავაროტის თუ სხვა ვარსკვლავების გვერდით.
ანდრეა ბოჩელი 1958 წლის 22 სექტემბერს დაიბადა იტალიაში, ტოსკანას სოფელ ლაიატიკოში. ბავშვობა მშობლების ფერმაში გაატარა. ადრეული ასაკიდან ისწავლა ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე და საქსოფონზე დაკვრა.
ხშირად იხსენებს, რომ დედამისს ბავშვის გაჩენას არ ურჩევდნენ მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ოპერის მომღერალი დედას მადლობას უხდის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას სიცოცხლის უფლება მისცა...
მხედველობის პრობლემები თანდაყოლილი ჰქონდა, ბავშვობიდან გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. 27 ოპერაცია გადაიტანა თვალებზე. საბოლოოდ კი 12 წლისამ დაკარგა მხედველობა, როცა ფეხბურთის თამაშის დროს თავში ბურთი მოხვდა.
ამ ფაქტს მისი მუსიკალური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. აქტიურად გამოდიოდა ვოკალურ კონკურსებზე და ხშირად იმარჯვებდა, სკოლის გუნდშიც სოლისტი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ პიზის უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მისი ოცნება ყოველთვის საოპერო მუსიკას უკავშირდებოდა და ოცნებობდა, დიდი ტენორი გამხდარიყო. ტურინში ფრანკო კორელიმ აიყვანა თავის მოსწავლედ, იურისტის კარიერა გვერდზე გადადო და სერიოზულად შეუდგა ვოკალის სწავლას.
1992 წელს იტალიელ როკმუსიკოს ძიკეროსთან გაიარა მოსმენა. დემოჩანაწერი ლუჩანო პავაროტისთან მოხვდა. ამასობაში, ბოჩელის სან-რემოს ფესტივალზე ჰქონდა წარმატებული დებიუტი და თვით პავაროტიმ მიიწვია თავის კონცერტში მონაწილეობის მისაღებად.
უკვე 1994-1995 წლიდან ანდრეა ნამდვილი ვარსკვლავი იყო, რომელსაც ერგო პატივი, რომის პაპის წინაშე ემღერა. დადიოდა გასტროლებზე, მღეროდა ცნობილ საოპერო თუ ესტრადის ვარსკვლავებთან და მალე უსინათლო ტენორის შესახებ მსოფლიომ შეიტყო.
კარიერის პიკს სანამ მიაღწევდა, მანამდე, 1987 წელს გაიცნო ენრიკა ჩენზატი, რომელზეც 1992 წელს იქორწინა. 1995 წელს ეყოლათ ვაჟი ამოსი, 1997 წელს კი - მატეო.
თუმცა ენრიკამ ვერ გაუძლო ანდრეას ვარსკვლავურ ცხოვრებას, მის ხშირ არყოფნას სახლში და რამდენიმე წელში განქორწინება მოითხოვა.
ენრიკასთან განქორწინების შემდეგ მალევე შეხვდა მომღერალი ვერონიკა ბერტის, იტალიელი ბარიტონის ივანო ბერტის ქალიშვილს, რომელიც ახლაც მის გვერდით არის და არა მხოლოდ მისი მეუღლეა, მის იმპრესარიოდაც მუშაობს. 2012 წელს წყვილს ქალიშვილი - ვირჯინია შეეძინა.
ანდრეას გზას მისი ვაჟი მატეო აგრძელებს და საკმოდ წარმატებითაც.