მამიკოებო, დაიკაპიწეთ ხელები და მოემზადეთ გრანდიოზული ცვლილებებისთვის ოჯახში ბავშვის გამოჩენა სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა. სახლი თავდაყირა დგება, ცოლ-ქმრის ცხოვრების წესიც რადიკალურად იცვლება. დედები ინტუიციურად მზად არიან ამ ცვლილებებისთვის, მამებს კი ხშირად უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება.
მაინც რა აფრთხობთ და რის ეშინიათ მამებს ბავშვის დაბადების შემდეგ?
ნაკლები ყურადღების
ყურადღების ცენტრში თავად კი არა, ის მჩხავანა ბურთი ექცევა. მით უმეტეს, თუ ყველაფერი დედას დააწვა მხრებზე. საყვარელი მეუღლისთვის ძველებურად ხომ ნამდვილად ვეღარ მოიცლის. ერთადერთი შანსი, რომ ცოლის ალერსიანი ხელი მამაკაცსაც მისწვდეს, საოჯახო საქმეებში შეშველებაა. ასე რომ, მამიკოებო, დაიკაპიწეთ ხელები და მოემზადეთ გრანდიოზული ცვლილებებისთვის.
ძველებურ ცხოვრების წესს ვეღარასოდეს დაუბრუნდება
საათობით ინტერნეტში ჯდომა, მეგობრებთან ერთად სათევზაოდ სიარული და მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად იშვიათობა გახდება, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობას არანაკლები ემოციები მოაქვს. თუმცა ეს თავადაც კარგად იცით.
მატერიალური პრობლემები
ახლა მამას მეტი ადამიანის რჩენა უწევს, თან ერთადერთი შემომტანია ოჯახში, ამ ეტაპზე მაინც. ეს მისია მძიმედ ესახება, თუმცა დასამშვიდებლად უნდა ითქვას, რომ პატარას გაჩენა, როგორც წესი, სერიოზულ ფინანსურ კრიზისს არ იწვევს, თუ მანამდე არ გქონდათ იგი. აი, თუ დედის ხელფასით ცხოვრობდა ოჯახი, ასაღელვებლად ნამდვილად ყოფილა საქმე... თუმცა ბავშვის გაჩენის სიხარულთან ეს წვრილმანები რა მოსატანია.
ეშინიათ უძილო ღამეების
ბავშვებს ხომ ხშირად დღე და რამე ერთმანეთში ერევათ. დღისით სძინავთ, ღამით კი მთელ სახლს იკლებენ ყვირილით. ღამენათევ მამას სამსახურში გონების მოკრება უჭირს. გამოსავალი არსებობს - ხანდახან მამებმა სხვა ოთახში უნდა დაიძინონ, თუმცა ეს ჩვევად არ უნდა ექცეთ - მხოლოდ ხანდახან.
ბავშვთან მარტო დარჩენის ეშინიათ
ბავშვს გამოცვლა, ჭამა და დამშვიდება სჭირდება. მამებს ჰგონიათ, რომ ვერც ერთს ვერ მოახერხებენ. თუ მარტონი დარჩნენ პატარასთან, პანიკა იპყრობთ. ამიტომ, ძვირფასო მამებო, ხშირად უნდა ადევნოთ თვალი, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს დედა, მიეხმაროთ მას და ნახავთ, რომ არც ისე ძნელია ეს ყველაფერი. მართალია, არც ადვილია, მაგრამ ოჯახის წევრებს სიძნელეებიც კი ერთმანეთთან აახლოებს.
ეშინიათ, რომ ბავშვს "რაღაც ჭირს"
ბავშვებს განვითარების პროცესში გარკვეული პრობლემებიც უჩნდებათ, უბრალო გაცივებიდან დაწყებული რაქიტით დამთავრებული. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის ექიმებთან სიარული, მაგრამ ეს ბავშვის ზრდის ბუნებრივი თანმდევი პორცესებია, რაც დროთა განმავლობაში ჩაივლის.
რაც მთავარია, თუ მეუღლესთან ერთად ყველა პრობლემას ერთად გადაჭრით და წარმატებებითაც ერთად გაიხარებთ, შიშის გრძნობა თანდათან გაქრება. ჩვილის მიმართ უსაზღვრო სინაზე კი დროებით პრობლემებს დაგავიწყებთ.