13 წლის ბიჭმა არც ლაპარაკი იცოდა, არც სიარული, ძაღლივით ყმუოდა... მაუგლის შესახებ ყველას გაუგონია. ეს იყო ბავშვი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ცხოველებთან და მათ გაზარდეს. ჩვენ ამგვარ შემთხვევებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ მოგიყვებით რეალურ ამბებს, თუ როგორ გაწირეს საკუთარმა მშობლებმა თავიანთი შვილები. სრული უყურადღებობით, იგნორირებით, გარიყვით და საერთოდაც თავიდან მოშორებით, ამ პატარების ცხოვრებას სამუდამოდ დაესვა დაღი, მათი დიდი ნაწილი ავადმყოფად იქცა, ბევრი დღესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს. ამ ამბების შემყურეს კიდევ ერთხელ გებადება აზრი, რომ ყველას არ უნდა ჰქონდეს შვილის აღზრდის უფლება, და რომ საზოგადოება გაცილებით აქტიურად უნდა იყოს ჩართული, როცა მის გვერდით უსუსურ არსებას ცხოვრებას სამუდამოდ უნგრევენ.
ჯერ კიდევ 150 წლის წინ სერ ფრენსის ჰალტონმა მოიგონა ფრაზა "ბუნება აღზრდის წინააღმდეგ". მაშინ მეცნიერი იკვლევდა, რა უფრო ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიურ გნვითარებაზე - მისი მემკვიდრეობითობა თუ გარემო, რომელშიც ის იმყოფება. მაუგლების ამბები ის შემთხვევებია, რომლებიც ამტკიცებს თეორიას, რომ ადამიანის ჩამოყალიბებაზე პირველ რიგში ის გარემო ახდენს გავლენას, რომელშიც ის იზრდება.
ბიჭი, რომელიც ძაღლებით იკვებებოდა
ტრაიან კალდარარი, რომელსაც რუმინელ ადამიან-ძაღლს უწოდებენ, 2002 წელს იპოვეს. ის დაახლოებით 4 წლის ასაკიდან მთელი სამი წელი ცხოვრობდა ადამიანებისგან შორს. როცა იპოვეს, 7 წლის იყო, მაგრამ 3 წლის ბავშვს ჰგავდა. სავარაუდოდ, საშინლად იკვებებოდა. ტრაიანის დედა ქმრის მხრიდან გაუდმებული ძალადობის მსხვერპლი იყო. სავარაუდოდ – ბავშვიც. პატარამ ამას ვერ გაუძლო და სახლიდან გაიქცა. სამი წლის განმავლობაში ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა, რომელიღაც ხიდის ქვეშ, მუყაოს ყუთში. როცა იპოვეს, მის სიახლოვეს ძაღლის ნაგლეჯები ეყარა – სავარაუდოდ, მშიერი ბავშვი რომელიღაც მკვდარ ან მის მიერვე მოკლულ ქუჩის ძაღლს ჭამდა. ექიმებმა რაქიტის უმძიმესი ფორმა დაუდგინეს, პატარას უამრავი ინფექციური დაავადება გადაეტანა მარტოს. როცა სპეციალურ დაწესებულებაში მიიყვანეს, საწოლზე არ წვებოდა, იატაკზე ითხოვდა დაწოლას. თუმცა რამდენიმე წელიწადში თანდათან მოახდინა რეაბილიტაცია და ობოლთა თავშესაფარიც შეუყვარდა, სადაც ყოველთვის ჰქონდა სითბო და საჭმელი.
ბუნაგში გაზრდილი
ეს ამბავი 1991 წელს მოხდა უკრაინაში. ოქსანა მალაია თავისმა ცუდმა მშობლებმა ძაღლების ბუნაგში დატოვეს, ეზოს უკან, და იქ იზრდებოდა 3-დან 8 წლამდე, სხვა ძაღლებთან ერთად. მას ათვისებული ჰქონდა ძაღლების ქცევა – ყეფა, ღრენა, ოთხზე სიარული. სანამ შეჭამდა, საჭმელს ყნოსავდა. როცა სოციალურმა აგენტებმა იპოვეს, ძაღლები მათ უყეფდნენ და უღრენდნენ, მის დაცვას ცდილობდნენ. ანალოგიურად იქცეოდა გოგონაც. მან ორი სიტყვა იცოდა მხოლოდ: "კი" და "არა".
ბავშვმა ინტენსიური თერაპიის კურსი გაიარა, რომ ადამიანური თვისებები შეეძინა. ლაპარაკი ისწავლა, თუმცა ფსიქოლოგების თქმით, მაინც უჭირს საკუთარი გრძნობების გამოთქმა და ადამიანებთან ურთიერთობა. დღეს 20 წელზე მეტის არის, მაგრამ კვლავ ოდესის ერთ-ერთ კლინიკაში ცხოვრობს, დროის დიდ ნაწილს თავისი ინტერნატის ფერმაში ატარებს, ძროხებთან. ყველაზე უკეთ კი, კვლავ ძაღლებთან გრძნობს თავს.
6 წლის ბიჭი, რომელიც ვერ ლაპარაკობდა და ჩიტივით აფართხალებდა ხელებს
ეს ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა. ვანია იუდინი, ბიჭი-ჩიტი, ვოლგოგრადის სოციალურმა მუშაკებმა იპოვეს 2008 წელს. 6 წლის ბიჭი, რომელზეც დედა არანაირად არ ზრუნავდა, ვერ ლაპარაკობდა. ბიჭი მხოლოდ ხელებს აფართხალებდა და თავსაც ისე იქნევდა, როგორც მისი მეგობარი თუთიყუშები. ფიზიკურად ჩვეულებრივ გამოიყურებოდა, თუმცა გონებრივად სრულიად განუვითარებელი იყო. ოროთახიან ბინაში, დედის ფრინველებთან ერთად გამოკეტილს, დედა საერთოდ არ სცემდა ხმას. ბავშვმა არ იცოდა, რა იყო ადამიანური კონტაქტი. დედაMმას ზუსტად ისე ექცეოდა, როგორც ფრთოსანს. ბიჭი დღესაც ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში მკურნალობს – ცდილობენ, ადამიანურ სამყაროში ცხოვრება ასწავლონ.
მშობლების მიერ უარყოფილი ნიგერიელი ბიჭუნა, რომელიც შიმპანზეებმა იშვილეს
ნიგერიელ ბელოს ბიჭ-შიმპანზესაც უწოდებენ. 1996 წელს იპოვეს, დაახლოებით ორი წლის იყო მაშინ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 6 თვისა ტყეში დაუტოვებიათ თავის მშობლებს. სიკვდილისთვის განწირულ პატარას მაიმუნებმა მიაგნეს და თავისთან წაიყვანეს. ის გონებრივადაც და ფიზიკურადაც ჩამორჩენილი იყო, მაიმუნებივით დადიოდა და მათსავით ეკონტაქტებოდა ადამიანებს. მთელი ექვსი წელი დასჭირდა ადამიანურ სამყაროსთან შესაგუებლად – ბავშვებს არ ეთამაშებოდა, ქვებს ესროდა, ჩხუბობდა, ღამღამობით დარბოდა და დახტოდა. ექვსი წლის მერე შედარებით დაწყნარდა, მაგრამ მაიმუნის მანერები ბოლომდე შერჩა. ლაპარაკიც ვერანაირად ვერ ისწავლა. 2005 წელს კი გაუგებარი მიზეზით გარდაიცვალა.
მამის მიერ გარიყული გოგონა
ვინც ფსიქოლოგიას სწავლობს და სოციალურ იზოლაციაზე, ველურ ბავშვებზე მიდგება საქმე, აუცილებლად გაიცნობს ჯინს. პატარაობიდან მას მამის ძალადობის გარდა არაფერი ჰქონდა ნანახი. 13 წლის გოგონა მამამ საერთოდაც ოთახში ჩაკეტა, როგორც კი ხმას ამოიღებდა, ჯოხით სცემდა. ერთხელ საძილე ტომარაში გაახვია და ასე დააწვინა საწოლზე. უყვიროდა, რომ ხმა არ ამოეღო და ბავშვი მიეჩვია ჩუმად, შეუმჩნევლად ყოფნას. მოზარდმა სულ 20 სიტყვა იცოდა. 1970 წელს იპოვეს და ექიმებს ეგონათ, რომ აუტიზმით იტანჯებოდა. სინამდვილეში, უბრალოდ ასე იყო `გაზრდილი~. მას მერე ბევრი წელი გავიდა, თუმცა ჯინი დღესაც ადამიანებისგან იზოლირებული ცხოვრობს – ვერ მოახერხა ადაპტირება.
ბედის ანაბარა დატოვებული პატარები
მსგავსი შემთხვევები ბოლო წლებშიც ბევრი ხდება. 2011 წელს პეტერბურგის მიდამოებში ორი გოგონა მაუგლი იპოვეს – ორი და, ექვსი და ოთხი წლის ლენა და ვარია. მათ არ იცოდნენ ლაპარაკი, არასოდეს ეჭამათ ცხელი კერძი, მადლიერებას ძაღლებივით გამოხატავდნენ – უფროსებს ხელებს ულოკავდნენ. გოგონების მშობლები სტაჟიანი ლოთები იყვნენ, ბავშვებს მხოლოდ მათ სახლში მობინადრე ორ ძაღლთან ჰქონდათ ურთიერთობა. მათაც ისევე "უგდებდნენ" საჭმელს მშობლები, როგორც ძაღლებს.
ბავშვები ობოლთა თავშესაფარში წაიყვანეს, თმა გაპარსეს – ტილები ჰქონდათ დახვეული, რომლებსაც კისრებიც კი დაეკბინათ. უმცროსი და ახლაც ჩუმადაა, უფროსმა რამდენიმე მოკლე სიტყვა ისწავლა.
2010 წელს ნოვგოროდში იპოვეს 13 წლის ბავშვი, რომელზეც მშობლებს არასოდეს უზრუნიათ. მას არ აჭმევდნენ, არ აცმევდნენ, არ ბანდნენ, არც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. რასაც იპოვიდა სახლში, იმას ჭამდა. არც მის განვითარებაზე ზრუნავდნენ. აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური გადახრით დაიბადა და დედამ უბრალოდ იგნორირება გაუკეთა საკუთარ შვილს.
2009 წელს ჩიტაში აღმოაჩინეს გოგონა მაუგლი, რომელსაც კატები და ძაღლები "ზრდიდნენ". გოგონას მამა, ბებია და პაპა ჰყავდა, მაგრამ მასზე არავინ ზრუნავდა. ოჯახი მეზობლებთან არ ურთიერთობდა. გარეთ ძაღლების და კატების გასასეირნებლად გამოდიოდნენ. სწორედ მათ გარემოცვაში იზრდებოდა პატარა, რომელსაც როგორც ბავშვს, არავინ ეპყრობოდა და არც არავინ ელაპარაკებოდა.
6 და 14 წლის ძმებმა სიარული და ლაპარაკი არ იცოდნენ
ეს ბოლო შემთხვევა უკრაინაში მოხდა. 6 წლის იურა და 14 წლის ლუბომირ კუჩუმოვები ლვოვის ცენტრში იპოვეს. ბავშვები ღმუოდნენ, არ იცოდნენ ლაპარაკი, სიარული – მხოლოდ დახოხავდნენ. არასდროს ებანავათ, არასდროს თმა არ შეეჭრათ. ორივეს 50-პროცენტიანი ჩამორჩენა ჰქონდა ასაკთან შედარებით, წონაშიც, ძვლოვან სისტემაშიც, განვითარებაში. ასეთ მდგომარეობაში ისინი საკუთარმა მშობლებმა ჩააგდეს.
სრულიად მოუვლელ, მივარდნილ სახლში ისინი 43 წლის მამასა და 34 წლის დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. სახლი ნამდვილ ბუნაგს ჰგავდა – თითქოს არასოდეს არავის დაულაგებია. მეზობლებმა აღიარეს, რომ შიგნით არ ყოფილან, თუმცა მშობლებისთვის არაერთხელ ურჩევიათ, ხანდახან მაინც გამოიყვანეთ გარეთ ბავშვები, ჰაერი ხომ უნდათო. "თქვენს შვილებს მიხედეთ, ჩემს შვილებს ჰაერი არ აკლიათ, სარკმელი სახლში სულ ღიაა", - პასუხობდა მათ ბავშვების დედა.
როგორც გაირკვა, ლუბომირი 14 წლის წინ დაბადებულა ცერებრალური დამბლის ერთ-ერთი ფორმით. თუმცა ექიმებმა დედა დაამშვიდეს, რომ ჩვენს დროში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუ მშობლები სათანადოდ იზრუნებენ.
თავიდან დედა ყველაფერს ასრულებდა, ავარჯიშებდა, დაჰყავდა სარეაბილიტაციო კურსებზე, და შედეგიც მოჰყვა ამას – ბავშვმა სიარული დაიწყო. 2 წლისა სამბორბლიანი ველოსიპედით დადიოდა.
თუმცა შემდეგ, გაუგებარი მიზეზებით, დედა მოულოდნელად შეიცვალა, მიატოვა ბავშვზე ზრუნვა, მთელი დღე სახლში იყო გამოკეტილი, ჭერს მიშტერებული, პატარა კი თავისით იზრდებოდა. ქმარს, რომელიც ბოქლომებს ყიდდა, საღამოს მოჰქონდა მცირე საკვები, და ალკოჰოლი.
უფროს ბიჭს მეორე შვილიც მიაყოლეს, თუმცა არც მასზე უზრუნია ვინმეს. არც ერთმა არ იცოდა სიარული, ლაპარაკი. მთელი დღე დედასავით ისხდნენ ჭერს მიშტერებულები, უემოციო სახეებით. დედა მათ მხოლოდ მაშინ აჭმევდა, როცა მეტისმეტად ხმამაღლა იყვირებდნენ შიმშილისგან გატანჯულნი.
მშობლებს შვილებზე ზრუნვის უფლება ჩამოართვეს, ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნელ-ნელა ცდილობენ, სიარული ასწავლონ, ლაპარაკს მიაჩვიონ, ჩვეულებრივ ცხოვრებას შეაგუონ.