ტერფების სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ფეხშველმა იაროს ტერფის თაღის ფორმირება ბავშვში საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობს – დაახლოებით 12 წლამდე. ეს პროცესი კი მაშინ იწყება, როცა ბავშვი მყარად ატყაპუნებს ფეხებს დამოუკიდებლად, დაახლოებით ერთი წლიდან.
ტერფების სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ფეხშველმა ხშირად იაროს. არ არის აუცილებელი, ზედაპირი თანაბარი იყოს – შეიძლება, რეზინის ხალიჩა პატარა ბუსუსებით. რა თქმა უნდა, ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად დადის.
არსებობს სხვადასხვა მასაჟი და ვარჯიში, რომელსაც სპეციალისტი უტარებს ბავშვს თაღის გამოსაკვეთად და ტერფის განსავითარებლად, თუმცა გარკვეული ვარჯიშები სახლში თავადაც შეგიძლიათ ჩაუტაროთ – ისინი ტერფის თაღის კუნთებს ამაგრებს.
1. მცირე ხანს, თამაშ-თამაშით, ბავშვმა ჯერ ფეხის წვერებზე იაროს, მერე – ქუსლებზე, ჯერ ტერფის შიდა მხარეს, მერე – გარეთა მხარეს (ანუ ტერფი გვერდულად დადგას).
2. ძალიან სასარგებლოა იატაკიდან სხვადასხვა ნივთის აღება ფეხის თითებით. ეს შეიძლება იყოს ფანქრები, ქაღალდის ფურცლები, კონსტრუქტორის ფრაგმენტები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რის აღებაც გამოუვა.
3. მხიარული თამაში "საათი" - ბავშვმა ქუსლზე დადგას ფეხები და იატაკს რომ არ მოაცილოს, ისე ატრიალოს ტერფები საათის ისრის მიმართულებით, მერე – საწინააღმდეგოდ. შეიძლება, ორივე ფეხით გააკეთოს ერთდროულად ან მონაცვლეობით.
4. იატაკზე დადეთ რგოლი (ჰულა ჰუპი) და ისე დაადგმევინეთ ზედ ფეხები, რომ ტერფის შუა ნაწილი ედგას რგოლზე. ახლა გარს შემოუაროს ამ რგოლს.
5. სკამზე მჯდომმა პატარამ ჩოგბურთის ბურთი ჯერ ერთი ფეხით ატრიალოს, მერე – მეორით.
ასევე კარგია ხის კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ოღონდ შიშველი ფეხებით და უფროსების მეთვალყურეობით.