ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა" - მშობლები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

2017-12-17 18:45:49+04:00

"ვმუშაობდი, დამირეკა დამრიგებელმა და მითხრა, რომ სასწრაფოდ სკოლაში მივსულიყავი" თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების ჩხუბის დროს მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა პირველ კომენტარს აკეთებს და ტრაგედიის დღეს იხსენებს. როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ზაზა სარალიძე ჰყვება, მომხდარის შესახებ მან მასწავლებლისგან გაიგო.

"იმ დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი, დამირეკა დამრიგებელმა და მითხრა, რომ სასწრაფოდ სკოლაში მივსულიყავი. მივედი, შესასვლელში დამხვდა დამრიგებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. კი გამიკვირდა დაღვრემილი სახეები რომ ჰქონდათ... მითხრეს, ფეხშია დაჭრილი ბავშვი, საავადმყოფოშია და არ ინერვიულოო... გავიქეცი საავადმყოფოში და დანარჩენი კი იცით. როდესაც ოპერაციები დასრულდა ექიმიც ვნახე და პირდაპირ მითხრა, რომ გადარჩენა რთული იყო" - იხსენებს მოკლული მოზარდის მამა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არც მისი შვილი და არც მეორე მოკლული, ლევან დადუნაშვილი 51-ე სკოლასთან მომხდარი ჩხუბის ინიციატორი არ იყვნენ.

"ლევანი და დათო მეგობროდნენ, პარალალური კლასელები იყვნენ. როგორც ვიცი, ლევანი საერთოდ, შემთხვევით მოხვედრილა იქ. ვიცი, რომ ჩემი შვილი თავის მეგობარს გაჰყვა დასახმარებლად და როგორც ჩანს, ლევანი შემთხვევით მივიდა იქ... ჩოჩქოლი რომ დაინახა, ალბათ უნდოდა გაეგო რა ხდებოდა და შემთხვევით მოყვა ამ ყველაფერში", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მოკლული მოზარდის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არის.

"რეალურად რომ ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული გამორიცხულია, რომ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ ეგ გააკეთოს. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა, პლიუს შვიდი ისე ჭრილობა... გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო ვერ მოერეოდა, შიშველი ხელებით ვერ მოერეოდნენ და ეგ იყო მისი ყველაზე დიდი მინუსი, რომ ძლიერი იყო და ამის გამო იყო, რომ მათ იარაღები იხმარეს..." - განაცხადა ზაზა სარალიძემ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო