სასტიკი სასჯელი ღარიბული მზითვისა და ქალიშვილის გაჩენისთვის ინდოეთში ქმარმა ცოლი 3 წლით აბაზანაში გამოამწყვდია. როცა გაათავისუფლეს, დიდხანს ვერ ახელდა თვალებს, რადგან დღის სინათლემ მოსჭრა მზერა. ასეთი საშინელი სასჯელი ქალს მეუღლემ ორი მიზეზის გამო დააკისრა - ქალის ოჯახმა მზითვისთვის არასაკმარისი თანხა გადაიხადა და თან გოგონა გააჩინა.
ეს საშინელი ოჯახური დრამა ინდოეთის ქალაქ დარბჰანგაში დატრიალდა. 25 წლის ქალი პოლიციამ გაათავისუფლა. ტყვეს ტანსაცმელიც კი ტანზე შემოხეოდა. გოგონამ სამართალდამცავებს უამბო, რომ ქმარმა და მისმა მშობლებმა აბაზანაში ჩაკეტეს.
"ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. ხანდახან თავიანთი სუფრის ნარჩენებს უყრიდნენ საჭმელად. ამით იძია ქმრის ოჯახმა შური ღარიბული მზითვისა და გოგოს გაჩენისთვის", - აცხადებს პოლიციის ოფიცერი.
ქალს ჩაკეტვამდეც აკრძალული ჰქონდა ნათესავების მონახულება და ადამიანებთან ურთიერთობა. მის სანახავად მისულ ნათესავებს სახლშიც არ უშვებდნენ. ჩაკეტილი ქალი ისევ მამამისმა იხსნა, რომელმაც პოლიციას მიმართა.
ყოფილმა ტყვემ მაშინვე შვილის ნახვა მოისურვა და ატირდა, როცა პატარამ ვერ იცნო. პოლიციამ ქმარი და დედამთილი დააკავა, თუმცა ბრალი მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ.
ინდოეთში სავალდებულო მზითვის ცნება ოფიციალურად აღარ არსებობს, მაგრამ ამ ტრადიციას მაინც უამრავი ინდოელი იცავს. ყოველწლიურად ქვეყანაში ათასობით ქალი ეწირება მზითვთან დაკავშირებულ ოჯახურ კონფლიქტებს. ამიტომ ინდურ ოჯახებში ქალიშვილის გაჩენა არავის უხარია.