ყველასთვის, ვისაც სკოლასთან აქვს შეხება, ცნობილია, რომ ფინეთის განათლების სისტება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ფინეთში სწავლების პრინციპები ყველასგან გამორჩეული და ორიგინალურია, ფინელმა ბავშვებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო შედეგები მსოფლიო მასშტაბით. აქ ბავშვებს აძლევენ არა მხოლოდ ფაქტობრივ და საჭირო ზოგად ცოდნას, არამედ ამზადებენ რეალური ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ასეთ სწავლებას სერიოზული და ყველაზე სასიკეთო შედეგები მოაქვს.
აქამდე საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ შორეული ოცნება იყო, თუმცა ის სიახლე, რომელზეც გიამბობთ, ბევრს გაახარებს.
2019 წელს, საგურამოში, საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინურ საერთაშორისო სკოლას გახსნის. სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება, რაც მოიცავს დაწყებითი 3 კლასის გახსნას, ხოლო შემდგომ წლებში დაიწყება 7 ჰა ტერიტორიაზე, სრულ ფინურ მოდელში შემავალი სკოლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა რომელიც 2021 წელს დასრულდება.
აიეტი კუკავა - ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი და არია მაკონენი - ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, სასომხეთი, აზერბაიჯანი)
ფინური საერთაშორისო სკოლის მშენებლობისა და აკადემიური პროგრამის შექმნის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ თანამშრომლობს ფინურ განათლების კონსორციუმთან „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული კონსორციუმი შედგება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისგან: განათლების ექსპერტებისგან, პედაგოგიკის ტრენერებისგან, არქიტექტორებისგან, IT სპეციალისტებისგან, მშენებლებისა და დიზაინერებისგან, რომლებიც მუშაობენ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” თანამშრომლებთან ერთად იმისათვის, რომ ფინური სკოლის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ფინურ კონსორციუმთან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partners უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს აკადემიურ მოთხოვნებზე, მასწავლებლებზე, მენეჯერებზე და ა.შ.
19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია მშობლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინელი პარტნიორები მზად არიან ღიად ითანამშრომლონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ განახორციელონ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განათლების განვითარებაში.
რამდენიმე საინტერესო დეტალი ფინური სწავლების მეთოდებიდან
სწავლება მიმდინარეობს თავისუფლად, ძალდატანების გარეშე და ბავშვები სიხარულითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. ბავშვები არ არჩევენ ერთმანეთს. არ არსებობენ "კარგები" და "ცუდები". მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია. მასწავლებელი არ არჩევს ბავშვებს. თითოეული ბავშვისთვის გონებრივი განვითარების მიხედვით ადგენენ ინდივიდუალურ სწავლის გეგმას. გაკვეთილზე, ერთსა და იმავე კლასში ბავშვებს აძლევენ სხვადასხვა სირთულის დავალებას. თუ ბავშვმა "თავისი" დავალება სწორად დაწერა, მას ეწერება "ფრიადი". მეორე დღეს მასწავლებელი ამ ბავშვს მისცემს უფრო რთულ დავალებას. თუ ბავშვმა ვერ შეასრულა ან ვერ გაიგო, საშიში არაფერია, ისევ მისცემს ადვილ დავალებას. კერძო რეპეტიტორები არ არსებობენ. ეს ფუნქცია აკისრია სკოლის მასწავლებელს. იგი ვალდებულია დამატებითი გაკვეთილები ჩაატაროს იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩამორჩა ან რაიმე ვერ გაიგო. ფინურ განათლების მოდელში წამყვანი როლი მასწავლებელს ენიჭება. აღსანიშნავია რომ ფინური სკოლის მასწავლებელი უნდა ფლობდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხს. მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას აძლევს მასწავლებლებს გამოიყენონ მეტი თავისუფლება გაკვეთილების პროცესში, რაც ამყარებს საზოგადოების ნდობას განათლების სისტემის მიმართ.

მათ შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკის გაკვეთილები ღია სივრცეში საკლასო ოთახის გარეთ, ან გააერთიანონ რამდენიმე საგანი და ჩაატარონ ის ერთი გაკვეთილის ფორმატში. მსგავსი მეთოდი განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის ანალიტიკურ აზროვნებას. ფინელები ამბობენ: "ან ვამზადებთ ცხოვრებისთვის, ან - გამოცდებისთვის. ჩვენ ვირჩევთ პირველს". ამიტომ ფინეთის სკოლებში გამოცდები არ არის. ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. მათ ბავშვობიდან იციან, რა არის პორტფოლიო, კონტაქტები, საბანკო ბარათები. შეუძლიათ შექმნან საკუთარი სავიზიტო ბარათები, საიტები ინტერნეტში და მრავალი სხვა. სწავლობს ის, ვისაც სწავლა უნდა. პედაგოგები შეეცდებიან გაუღვიძონ ინტერესი ამა თუ იმ საგნის მიმართ, მაგრამ თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ რომელიმე, მისთვის საინტერესო პროფესიას შეასწავლიან, რაც ცხოვრებაში გამოადგება.

ცნობილია, რომ ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მულტიმილიონიან, მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. ფინელებს მიაჩნიათ, რომ სკოლამ უნდა მისცეს ბავშვს მთავარი - შეძლოს იცხოვროს დამოუკიდებლად. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. ფინური სასკოლო მეთოდი უზრუნველყოფს ბავშვში სკოლის ასაკიდანვე ინტერესის სფეროების და პროფესიული მისწრაფებების გამოვლენას პედაგოგის მიერ სპეციალიზებული ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, სკოლის კურსდამთავრებულმა ყოველთვის იცის რა უნდა, რადგან ის პრაქტიკულ მომავალზეა ორიენტირებული.

R