განსაკუთრებით საზიანოა ე.წ. ყურის ნიჟარაში ჩასასმელი ყურსაცვამი ყურსაცვამები რა ხანია, თანამედროვე ცხოვრების უცილობელი ატრიბუტი გახდა, თანაც, თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის. ბოლო დროს არა მხოლოდ მუსიკას ვუსმენთ ყურსაცვამების მეშვეობით, მობილურ ტელეფონზეც ყურსაცვამის თანხლებით ვლაპარაკობთ. ქუჩაში თუ სახლში ის ბევრი ადამიანის მუდმივი თანმხლებიც კია. თუმცა ისიც ყველამ იცის, რომ ყურსაცვამებით "ბოროტად სარგებლობა" საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ბევრმა სამეცნიერო-სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ატრიბუტი ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს სმენის ორგანოებზე. როგორ?
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ მავნებლობა მოაქვს არა თვითონ ყურსაცვამს, ზიანი პირდაპირ დაკავშირებულია ყურსაცვამის ხმის გადამცემ ფუნქციასთან, განსაკუთრებით, თუ მას მეტისმეტად ხშირად ვიყენებთ და რაც მთავარია, ძალიან ხმამაღალ მუსიკას ვუსმენთ.
ყურის ნიჟარა კარგი რეზონატორია. ხმა, რომელიც თავდაპირველად ყურის ნიჟარაში ხვდება, ძლიერდება და სმენითი გასავლებით შიდა ყურში აღწევს. ადამიანის სასმენი აპარატის ამ ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანისთვის ხმაურის ნორმებიც განისაზღვრება. ბევრ ქვეყანაში სპეციალური კანონებიც არსებობს, რამდენ დეციბელზე შეიძლება საზოგადოებრივ ადგილებში მუსიკის მოსმენა ისე, რომ სხვები არ შეაწუხო, თორემ შეიძლება, გიჩივლონ კიდეც, თუ დაშვებულზე ხმამაღლა გაქვს ჩართული ესა თუ ის მოწყობილობა.
როდესაც ყურსაცვამებ ვიყენებთ, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც უშუალოდ ყურში ჯდება, ხმა ყურის ნიჟარის აცდენით უშუალოდ ხვდება სმენით გასავალში. ამგვარად, ყურის ნიჟარას არ შეუძლია ხმის არც გაფილტვრა და არც გაძლიერება. სამაგიეროდ, მის გაძლიერებას კარგად ახერხებს ხმის რეგულატორი. ეს არც იქნებოდა საზიანო, მუსიკის მოსმენის ხმა რომ ნორმას არ აჭარბებდეს. მაგრამ ყურსაცვამების მომხმარებელთა უმეტესობას უყვარს ხმამაღლა მოსმენა, თანაც, დიდხანს, დროთა განმავლობაში კი ეს აუცილებლად აისახება სმენის დონეზე. სმენა ქვეითდება და ხშირად ეს ხდება მოულოდნელად და სწრაფად, სულ რამდენიმე დღეშიც კი.
ექიმები გვირჩევენ, აუცილებლად გავითვალისწინოთ რჩევები, რომ სმენაც შევინარჩუნოთ და საყვარელ ყურსაცვამებზეც არ ვთქვათ უარი:
დაიცავით ნორმები - არც ძალიან ხმამაღლა უსმინოთ და არც ძალიან დიდხანს. ნებისმიერი სახის ყურსაცვამის ხშირი გამოყენება დროთა განმავლობაში სმენის დაქვეითებას იწვევს, მაგრამ განსაკუთრებით საზიანოა ე.წ. ყურის ნიჟარაში ჩასასმელი ყურსაცვამი. ჯობს ყურზე ზემოდან დასადები ყუსაცვამები გამოიყენოთ. თუ მაშინ, როცა ყურსაცვამი გიკეთიათ და მუსიკას უსმენთ, თქვენი საკუთარი ხმა არ გესმით და დასაშვებზე ხმამაღლა ლაპარაკობთ, ან თუ გარშემო მყოფებსაც შეუძლიათ თქვენ მიერ მოსმენილი სიმღერების სიტყვების გარჩევა და მელოდიაც კი ესმით, ე.ი. ძალიან ხმამაღლა უსმენთ და შესაბამისად, ეს დამანგრეველად მოქმედებს თქვენს სასმენ აპარატზე. ოტოლარინგოლოგები გვირჩევენ, დღეში 60 წუთზე მეტხანს (ნაკლები - კიდევ უკეთესი) არ ვუსმინოთ მუსიკას ყურსაცვამებით. ხოლო მუსიკის ხმა მაქსიმუმიდან 60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ბუნებრივად მუსიკის მოსმენაზე გადაერთეთ, ყურსაცვამების გარეშე. სმენის დაკარგვა ადვილია, დაბრუნება კი - ძალიან ძნელი. სმენის დაქვეითების სამკურნალოდ სერიოზული და ხანგრძლივი პროცესია საჭირო. ყველაფერს ჯობს, ამ მდგომარეობამდე ნუ მივიყვანთ თავს და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.