ორი კულტურის გზაჯვარედინზე - ახდენილი ოცნება და ინდოეთში გატარებული 23 წელი - მშობლები

ორი კულტურის გზაჯვარედინზე - ახდენილი ოცნება და ინდოეთში გატარებული 23 წელი

2019-08-16 10:58:36+04:00

ნათია საჯაია 23 წელია ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს. ჰყავს ინდოელი მეუღლე და სტუდენტი ვაჟიშვილი. ამჟამად მისი საქმიანობა სამედიცინო ტურიზმია, თუმცა ინდოეთში ინდური კულტურის სიყვარულმა მოახვედრა და ხელოვნებასთან მისი კავშირი დღემდე მტკიცეა. ქსოვს და კერავს თოჯინებს, ხატავს, წერს ლექსებს, მოზაიკით აწყობს ნახატებს, ცოტა ხნის წინ მისი ნამუშევრები ჯაიპურში გამართულ ჯგუფურ ექსპოზიციაზეც მოხვდა. ფლობს კლასიკურ ინდურ ცეკვას, ეხმარება საქართველოში მოქმედ ინდური ცეკვის შემსწავლელ გოგონათა ანსამბლებს. ამ და ინდოეთივით ვრცელ და მრავალფეროვან თემებზე თავად ჩვენი უნიკალური რესპონდენტი ისაუბრებს:

- ნათია, როგორ მოხვდით ინდოეთში?

- ინდოეთში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. პირველ კლასში ვიყავი, კინოთეატრში პირველად რომ ვნახე ინდური ფილმი "ოჯახი". ამ მელოდრამაში აღწერილმა ისტორიამ ინდოეთისადმი დიდი თანაგრძნობა და სიყვარული გამოიწვია. განსაკუთრებით კი ფილმში შესრულებული სიმღერების ჟანრმა და მომღერალი ქალის, ლატა მანგეშკარის ხმამ მომხიბლა, ამის შემდეგ თავადაც ავმღერდი. რომ წამოვიზარდე, შემთხვევით დავესწარი კონცერტს კინოთეატრ "ბათუმში", სადაც გავიცანი ინდური ფილმების მოყვარულთა ჯგუფი და ანსამბლი "ბჰარატი", რაც ინდოეთს ნიშნავს. ამ ჯგუფში პირველად ვნახე ინდოეთზე ჩემსავით შეყვარებული ქართველი გოგონები - თამრიკო კურდღელია და თამარ ლამპარაძე, რომლებიც ინდურად ცეკვავდნენ, ხათუნა თაბაგარი და ეკა ჩუხტიაშვილი კი ინდურად მღეროდნენ და მეც ამ პატარა კოლექტივს შევუერთდი.

1990 წელს ჩემს მეგობარ მაია ჩიგოგიძესთან ერთად, წავედი მოსკოვში, ინდოეთის საელჩოსთან არსებულ ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის კულტურულ ცენტრში და ვეუფლებოდი ინდური კლასიკური ცეკვის სტილს - კათხაკს, პარალელურად ვსწავლობდი სიტარაზე დაკვრას. ჩემმა პედაგოგმა, მისტ. შარმამ, რეკომენდაცია გამიწია ინდოეთის რომელიმე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. იმ წელსვე მომივიდა მოწვევა ინდოეთიდან, "განდჰარვა მაჰა ვიდიალას" ინსტიტუტიდან, სრულ დაფინანსებასაც ინდოეთის მხარე თაობდა. სამწუხაროდ, ბილეთის თანხის უქონლობის გამო ვერ წავედი... თუმცა, ერთი წლით კვლავ მენახებოდა ადგილი, მაგრამ ვერც შემდეგ შევძელი გამგზავრება.

სასწაული კვლავ განმეორდა 1995 წელს, როდესაც საქართველოში სტუმრად მყოფ ინდოეთის ელჩს შევხვდი და კიდევ ერთხელ მომეცა ინდოეთში წასვლის შანსი. ამჯერად გამიმართლა, ერთ-ერთი კერძო ტურისტული ფირმის ხელმძღვანელმა, ელზა გიორგაძემ, უფასოდ ჩამიყვანა ჩემი ოცნების ქვეყანაში.

- რით მოგხიბლათ ამ ქვეყანამ და რამდენად გამართლდა ინდოეთზე თქვენი წარმოდგენა?

- ინდოეთს ფილმებიდან ვიცნობდი. პირველი, რამაც მომხიბლა, ამ ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებაა, ასევე საოცრად ჰარმონიულმა მუსიკამ, სიყვარულით სავსე ინდურმა კინომ. რა თქმა უნდა, ფილმებისგან მკვეთრად განსხვავებული რეალობა დამხვდა ინდოეთში, მაგრამ, შეგუება სულაც არ გამჭირვებია.

- ჰინდის ენა როდის შეისწავლეთ და რამდენად რთული იყო მისი დაუფლება?

- სასწავლად რომ ჩავედი ინდოეთში, ჰინდის ენა მაშინ საკუთარი ძალებით ვისწავლე. იმ დროს არც ინგლისური ვიცოდი და ყველას მუნჯივით ვუხსნიდი სათქმელს, თუმცა, მაინც ადვილად ვუგებდით ერთმანეთს. შვიდ თვეში ავლაპარაკდი ჰინდიზე, პირველი ოთხი თვე კი ძალიან გამიჭირდა.

ჩემს ინსტიტუტთან ახლოს, ინდურ ოჯახში ვცხოვრობდი და სახლის მეპატრონესა და მის შვილებს გამუდმებით ვეკითხებოდი და ვინიშნავდი ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. ღამითაც კი მეღვიძებოდა და საკუთარ თავს გონებაში ინდურად ველაპარაკებოდი. მერე ისევ მათთან ვამოწმებდი ჩემი საუბრის სისწორეს.

- სად გაიცანით თქვენი მეუღლე, გვიამბეთ მის შესახებ?

- ჩემი მეუღლეა სირაჯ ამანი, ის ინდოეთში ჩასვლიდან ათი თვის შემდეგ გავიცანი, როდესაც ტურისტულ ფირმაში თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. მას ჩვენ გვერდით ჰქონდა ოფისი. სირაჯმა 8 ენა იცის - ჰინდი, ინგლისური, პენჯაბი, ურდუ, აზერბაიჯანული, არაბული, რუსული და ქართულიც. დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და ჟურნალისტიკა. წლების მანძილზე იყო ავტორი და რედაქტორი საკუთარი ჟურნალ-გაზეთებისა. ბოლო ოცდახუთი წელი ავიაციის ბიზნესს ეწევა.

mshoblebi

- თქვენ გყავთ მეორეკურსელი შვილი, ომარი, რომელსაც ქართველი საზოგადოება იცნობს რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტიდან "ანა-ბანა". ომარი მაშინ 9 წლისა იყო და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ტურში მონაწილეობდა, როგორც მახსოვს. ამ პერიოდზე, მის შთაბეჭდილებებზეც გვიამბეთ და ახლანდელი ომარიც გაგვაცანით?

- "ანა-ბანას" პროექტის შესახებ დედამ მომწერა ინდოეთში და მთხოვა, დავკავშირებოდი მათ. საქართველოში რომ ჩამოვედით, დავრეკე ტელევიზიაში და ბავშვის მიყვანა მთხოვეს შესამოწმებლად. ომარმა მათ ინდური სიმღერებიც უმღერა, ინგლისურიც და ქართულიც. საქართველოს ჰიმნიც რომ იმღერა, გაოცდნენ და პროექტში მიიღეს.

ომარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გაიცნო და დაუმეგობრდა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს. რეპეტიციებსაც საუკეთესო პედაგოგებთან გადიოდნენ.

ახლა ომარი 20 წლის ხდება, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. ისევ მღერის, მაგრამ მხოლოდ შინაურებისთვის. თამაშობს ფეხბურთსა და კრიკეტს, ფლობს ოთხ ენას - ჰინდის, ინგლისურს, რუსულსა და ქართულს. იტაცებს მოგზაურობა. ძალიან უყვარს საქართველო და ქართული კერძები.

mshoblebi

- ნათია, საინტერესოა ინდოელი ახალგაზრდობის ყოველდღიურობა. ომარისა და მისი მეგობრების მაგალითით კარგად გეცოდინებათ მათი ინტერესები, გატაცებები, წეს-ჩვეულება, მათი ქცევა მშობლებთან და საზოგადოდ, ოჯახთან, ტრადიციებთან დამოკიდებულება? ჩვენი ახალგაზრდებისგან ბევრად განსხვავდებიან თუ არა?

- ინდოელი ახალგაზრდების ცხოვრება საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანია. აქ განათლება ფასიანია და არც თუ იაფი. ახალგაზრდობის უმრავლესობა 24-საათიან ბიბლიოთეკებს სტუმრობს და იქ ხანგრძლივად მეცადინეობენ. არიან ოჯახები, რომელთაც არ სურთ, მათმა შვილებმა (განსაკუთრებით გოგონებმა) ამ ბიბლიოთეკებში იარონ, ამიტომ სახლში მოჰყავთ პედაგოგები (ჰომე ტუტიონ).

ახალგაზრდებს ძალიან უყვართ კოლექტიურად კინოში, თეატრსა და სხვა გასართობ ადგილებში სიარული, მაგრამ ამას დღის განმავლობაში ახერხებენ, რადგან ღამით მშობლები არ აძლევენ ამის ნებას. თუმცა, არიან იმ კატეგორიის ახალგაზრდები (ვგულისხმობ მდდარ ოჯახებს), რომელთათვისაც ცხოვრება სწორედ ღამით იწყება.

ახალგაზრდობის უმრავლესობა გატაცებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით, განსაკუთრებით კრიკეტით, რომელიც მათ ინგლისელებმა შეასწავლეს. უყვართ ჭადრაკიც, რომლის წარმომშობი ქვეყანაც ინდოეთია...

არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ინდოელი ახალგაზრდები ძალზე აფასებენ თავიანთ ნაციონალურ ხელოვნებას. შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობის 60% სკოლის ასაკიდანვე სწავლობს ინდურ კლასიკურ და ხალხურ ცეკვებს, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრასა და სპექტაკლების დადგმას, რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით.

სამწუხაროდ, საქართველოში უსახსრობის გამო ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს თავისი ოცნებისა თუ სურვილის ასრულებას და ამა თუ იმ წრეზე სიარულს. ვისაც აქვს ფინანსური საშუალება, იმას ინტერესი ან დრო არ აქვს საამისოდ.

მოკლედ, ინდოეთში არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, საზოგადოდაც, ცხოვრება ჩქეფს და მეც, ჩემს ოჯახთან ერთად, ვცდილობ არ ჩამოვრჩე ამ აქტიურ დინებას.

- რა გიზიდავთ ან რა არ მოგწონთ იმ ქვეყანაში, სადაც უკვე ოც წელზე მეტია ცხოვრობთ და რა თვალსაჩინო განსხვავებაა დღევანდელ საქართველოსა და ინდოეთს შორის?

- ბევრი რამ მიზიდავდა ამ ქვეყანაში, უპირველესად კი, ბუნება, უამრავი ღირსშესანიშნავი და ისტორიული ადგილი, ხალხი და მათი თბილი დამოკიდებულება მშობლებისა და უფროსებისადმი, განსაკუთრებით ტურისტების მიმართ. მომწონს მათი გემრიელი და ეგზოტიკური კერძები. ინდოელებმა არა მარტო შემოინახეს თავიანთი ტრადიციები, ჩაცმულობა და კულტურა, მთელი გულით უყვართ და აფასებენ თავიანთ საგანძურს. ძალიან უყვართ ფერადოვნება და ეს მათ ქალაქსა და მცხოვრებლებზეც აისახება. არიან ღიმილიანები, კეთილები და ერთმანეთის გამტანებიც. მართალია, ინდოეთი მრავალრელიგიური ქვეყანაა, მაგრამ ნებისმიერი აღმსარებლობის თანამემამულის მიმართ ისინი ძალზე შემწყნარებლები არიან და მტკიცენი თავიანთ რწმენაში.

ინდოელების ის არ მომწონს, რომ ზედმეტად დინჯები არიან და არასოდეს არაფერს ჩქარობენ. ვისურვებდი ასევე უფრო მეტ სისუფთავეს ქვეყანაში.

ინდოეთისგან განსხვავებით საქართველო ნაცრისფერია, ხალხი კი დაღვრემილი და ხშირად აგრესიულიც. მეუბნებიან, გაჭირვებამ მოიტანა ასეთი განწყობაო... არადა, თვითონ ქართველები აღიარებენ, რომ ინდოეთი გაჭირვებული ქვეყანაა. მაშინ ისინი რატომ არ არიან ნაღვლიანები და აგრესიულები. სიღარიბე ნამდვილად არის ამ უზარმაზარ ქვეყანაში, მაგრამ, მერწმუნეთ, მშიერი არავინ წვება და მით უფრო, კვდება. შესაძლოა, მთავრობა ყველას ვერ ეხმარება, მაგრამ არის დიდი ტაძრები და სამლოცველოები, სადაც უსასყიდლოდ, უანგაროდ ურიგებენ ხალხს საჭმელს.

ჩემთვის განსაკუთრებულია სინკხების ტაძრები. ერთ-ერთი ტაძარი, "ბანგლა საჰიბ გურუდვარა", დელიში მდებარეობს, იქ მაღალი ფენის ოჯახებიდან მიდიან, ხალხისთვის საჭმელს ამზადებენ და მთელი დღის მანძილზე ათასობით ადამიანს აპურებენ, ამას "ლანგარი" ჰქვია. შემდეგ მათ ჭურჭელსაც თავად დიდი სიამოვნებით რეცხავენ.

სხვაობა ისიც არის, რომ უყვართ და უვლიან თავიანთ ისტორიულ, ღირსშესანიშნავ ადგილებს, ამიტომ მნახველიც ბევრი ჰყავთ, ინდოელებიც და უცხოელებიც.

ინდოეთი საქართველოსთან შედარებით იაფი ქვეყანაა და თუ ნორმალური ანაზღაურება გაქვს, ბევრის უფლებასაც მისცემ თავს, მაგალითად, ივლი სილამაზის სალონში, ნათესავ-მეგობრებთან ერთად ხშირად მოახერხებ რესტორან-კაფეტერიებში შეკრებას, იმოგზაურებ. ინდოელი ოჯახები მოგზაურობისთვის ყოველთვის გამონახავენ ხოლმე დროსა და სახსრებს.

mshoblebi

- თქვენ რას საქმიანობთ ინდოეთში ამჟამად?

- მეექვსე წელია სამედიცინო ტურიზმს ვეწევი, მაქვს ჩემი ფირმა და ხელშეკრულება რამდენიმე საუკეთესო საავადმყოფოსთან: ფორტის, მედანტას, არტემის, მანიპალისა და სხვა სამკურნალო დაწესებულებასთან. თარჯიმან-ფასილიტატორი ვარ და საავადმყოფოებთან ვშუამდგომლობ პაციენტებს (ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან), რომელთაც სურთ ინდოეთში ჩამოსვლა, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, მკურნალობა და ოპერაციები.

გვყავს საუკეთესო ექიმები ყველა დარგში, განსაკუთრებით ქირურგიაში. საავადმყოფოები აღჭურვილია უახლესი დანადგარებითა და საუკეთესო პრეპარატებით. შედეგიანად მკურნალობენ სიმსივნეს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და წარმატებით ხდება ორგანოების გადანერგვაც.

ინდოეთში პოპულარულია აიურვედასა და ტიბეტური მეთოდებით მკურნალობაც.

- ნათია, ვიცი თქვენი გატაცების - ხატვისა და თოჯინების შექმნის შესახებ, როდის მიმართეთ ხელგარჯილობას და ეს გატაცებაა მხოლოდ თუ შემოსავლის გარკვეული წყაროც?

- ეს მხოლოდ ჰობია. ისე კი ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ჩემი მეუღლე რომ ავად გახდა, დეპრესია მქონდა. სწორედ მაშინ მივედი ჩემს რაიონში მდებარე კერძო სამხატვრო სკოლაში და პედაგოგ პრაშანტ კ. სარკართან ორი წელი ვიარე. აი, იმ დროიდან გადავწყვიტე, ბევრი მეხატა და გამოფენის მოწყობაზეც ვოცნებობდი.

თოჯინების კეთება კი ორი წლის წინ დავიწყე, როცა რუსეთიდან ჩემი ნათლული ლენა ჩამოვიდა სტუმრად ინდოეთში და ნაქსოვი ანგელოზი მაჩუქა. თოჯინებს მე უსულო საგნებად არ ვთვლი, რადგან კეთებისას მათში ჩემს სულსაც ჩავაქსოვ ხოლმე.

2018 წლის დეკემბერში ჩემს პედაგოგ პრაშანტ კ. სარკარს ჰქონდა თავისი, მისი მეგობრებისა და სტუდენტების ნამუშევართა გამოფენა ქალაქ ჯაიპურში. მან ჩემი სამი ნახატი და ერთიც მოზაიკური ნამუშევარი წაიღო. ამ ექსპოზიციაზე მხოლოდ მე ვიყავი უცხოელი. დამთვალიერებელს ჩემი ნახატებიდან ყველაზე მეტად მოეწონა `გვირილები ლურჯ ლარნაკში~, რომელიც თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემს უფროს რძალს ვუსახსოვრე. დიდი მოწონება დაიმსახურა მოზაიკით შესრულებულმა ნამუშევარმაც - ამ ნახატისთვის 30 ფერის 18 720 ცალი ქვა გამოვიყენე. მნახველები ხელითაც კი ეხებოდნენ მას. ეს გამოფენა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო გამოდგა. გავიარე რამდენიმე მასტერკლასიც და კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა ამ მიმართულებით.

- ორი ათეული წელია ინდოეთში ცხოვრობთ, მაგრამ თბილისშიც ხშირად ჩამოდიხართ დედისა და ძმების სანახავად. სად უფრო "შინ" გრძნობთ თავს, თუ საიდუმლო არ არის? როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგითავისათ ათ მილიონიანმა ქალაქმა დელიმ და თქვენ თუ შეეთვისეთ მას ამ წლების მანძილზე?

- ჩემს სამშობლოს არაფერი მირჩევნია, თუმცა, ინდოეთიც ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. იმედია, მკითხველი არ მიწყენს და სწორად გამიგებს თუ ვიტყვი, რომ ინდოეთში უფრო `შინ~ ვგრძნობ თავს, რადგან 23 წელი არ არის მცირე დრო სხვა ქვეყანაში ცხოვრებისათვის. ეს პერიოდი დაშორებული ვარ ქვეყანას, ახლობლებს, მეგობრებს. სიშორემ დიდი მონატრება და დიდი სიყვარული იცისო... თუმცა, მე ამას ვერ ვგრძნობ, რადგან შეძლებისდაგვარად, ჩამოვდივარ საქართველოში... მაგრამ... თითქოს ჩემთვის აღარავის სცალია, ქალაქიც როგორღაც დაცარიელდა... ყველას თავისი გასაჭირი და განცდები აქვს... დაივიწყეს ტრდიციებიც და ურთიერთპატივისცემაც, განსაკუთრებით, ახლანდელმა თაობამ.

ინდოეთში კი, ჩემი ბუნებისა და თვისებების გამო, თითქოს ყველა თავს მევლება, ყველას სურს ჩემთან ურთიერთობა, მეგობრობა, მოგზაურობაც კი. ყოველთვის ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ - სამსახურში, ოჯახსა თუ მეგობრების წრეში.

- თქვენი მეუღლე თუ ყოფილა საქართველოში და, საზოგადოდ, რა აზრის არის ქართველებზე?

- ჩემი მეუღლე ბევრჯერ არის საქართველოში ნამყოფი, პირველად კი ჩემს გაცნობამდე უმოგზაურია. ალბათ, საქართველოს სიყვარულმა, მისმა სტუმართმოყვარე ხალხმა და ისტორიამაც განაპირობა მისი ცხოვრების ჩემთან დაკავშირება. ჩვენ ერთადაც რამდენჯერმე ჩამოვედით და სირაჯი ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ ქართველი ცოლი ჰყავს. უყვარს ქართულ სუფრასთან ყოფნა და თამადობაც მშვენივრად გამოსდის.

- ვიცი, რომ დელიში მართლმადიდებელ ტაძარში სიარულსაც ახერხებთ და სხვადასხვა წმინდა ადგილების მოლოცვასაც, გვიამბეთ ამაზეც?

- დიახ, უკვე სამი წელია, რაც პატარა მართლმადიდებელ ტაძარში დავდივარ, რომელიც რუსეთის საელჩოსთან არსებული სკოლის ტერიტორიაზეა. მათ ტერიტორიაზე ტაძარში სიარულის ნებართვა ელჩს წერილობით ვთხოვე.

თბილისში ყოფნისას დავდივარ ჩემს საყვარელ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (ვარკეთილში), ჩემი მოძღვარია - დეკანოზი დიმიტრი (ლეკვეიშვილი).

უსაზღვროდ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ინდოეთში ჩემს ახალ მოძღვარსაც დიმიტრი ერქვა. მართალია მამა დიმიტრი რუსია, მაგრამ ზეპირად იცის ბევრი ქართული საგალობელი და ლოცვა, ქართველი წმინდანების ისტორიებიც.

ამავე ტაძარში, ჩემი მეგობრის, ირინა ლიქოკელის შვილის, ქართველ-ინდოელი პატარა გოგონას, მელისა-ნინოს ნათლიაც გავხდი.

გარდა ამისა, მოგზაურობების დროსაც ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა ინდური ტაძრის მონახულებას, ისინი განსაკუთრებით ბევრია გოასა და კერალის შტატში, სადაც არა მარტო ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები ვნახე, ასევე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებიც. ამიტომ ვცდილობ, ხშირად ვიმოგზაურო და დღემდე მოუნახულებელი ეკლესიებიც მოვილოცო.

მინდა გიამბოთ სარდანას კათოლიკურ ეკლესიაზე, ის დელიდან სამი საათის სავალზეა. მის სასწაულმოქმედ ძალაზე ბევრი მსმენოდა, ისიც ვიცოდი, იქ მისულთ ყველა სურვილი უსრულდებათო. პირველად, ექვსი წლის წინ, იქ ჩემმა მართლმადიდებელმა ინდოელმა მეგობარმა, ჯივარგიზმა (გიორგიმ), წამიყვანა, ოჯახური ვითარების გამო მაშინ ყველაზე დიდი განსაცდელი მქონდა.

ჩემთვის ნამდვილად ძალზე საკვირველი და ამაღელვებელი იყო იმის გაგება, რომ ეს ეკლესია მუსულმან ქალს აუგია, რომელსაც ღვთისმშობელი გამოსცხადებია. ამის შემდეგ ქრისტიანობა მიუღია და ტაძარიც თავისი ხარჯით აუშენებია. პირველი ვიზიტის დროს სასწაულიც ჩემი თვალით ვიხილე. ეკლესიის დათვალიერების შემდეგ ეზოში გამოვედით და მივეახლეთ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სანთლები უნდა დაგვენთო. იქ სანთელი არ ვიყიდე, რადგან საქართველოდან წამოღებული სანთლები მქონდა თან. გიორგიმ მირჩია - ხომ ხედავ, ქარია, ყველა სანთელი ჩამქრალია, აქ სანთლები არ დაინთება, შინ წაიღე და იქ აანთეო. მე ორი სანთელი მას მივაწოდე, ორიც მე დავანთე და შანდალზე დავამაგრე. აი, პირველ ნამდვილ სასწაულსაც მაშინ შევესწარი - იმ ქარიან ამინდში ჩვენი სანთლები არ ჩაქრა და ბოლომდე ენთო.

ბევრი ტურისტის, მეგობრისა თუ პაციენტისთვის მიამბია ამ ეკლესიის შესახებ და ყველას უჩნდება მისი მოლოცვისა თუ მონახულების სურვილი, ამიტომ, მეც თითქმის ყოველ თვე მიხდება სარდანაში ჩასვლა მათ მეგზურად.

ბოლო სასწაული კი, ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ვნახე, ჩემს მეგობარ ლენასა და მუსულმან ყაზახ მეგობარ ბახიტთან ერთად. შუა ეკლესიაში ბახიტმა მოულოდნელად რაღაც დაინახა და მას დასდევდა, მე და ლენა კი ვერაფერს ვამჩნევდით და გვეგონა, იგონებდა. ბოლოს ბახიტს მისი კამერა მივაწოდე და ვთხოვე, გადაეღო, რასაც ხედავდა, იქნებ ფოტოზე მაინც დავინახოთ-მეთქი. ბევრი აჩხაკუნა აპარატი და ბოლოს გვითხრა, გაქრაო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერი დავინახეთ და არც დავუჯერეთ.

ბოლოს კი ღვთისმშობლის იმ სასწაულმოქმედ ხატთან მივიყვანე, რომელიც იტალიიდან 140 წლის წინ ჩამოაბრძანეს და დღემდე ამ ტაძარშია. ხატთან რომ უფრო ახლოს მივსულიყავით, რკინის გისოსიანი კარი ჩვენმა ადგილობრივმა გიდმა გაგვიღო. მე ლოცვანი ამოვიღე და ლოცვას შევუდექი, ჩემი თანმხლებნიც თავისებურად ლოცულობდნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ სამახსოვრო ფოტოების გადაღება გადავწყვიტეთ და მომდევნო სასწაულსაც მაშინ შევესწარი: ღვთისმშობლის ხატის ზემოთ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის აჩრდილები გამოსახულიყო, რაც ჩემი ტელეფონის კამერამაც დააფიქსირა.

შინ რომ დავბრუნდით და ჩემი მეგობრის, ბახიტის აპარატში ფოტოებს ვათვალიერებდით, გაოცებულები დავრჩით: რაც მაშინ ეკლესიაში მე და ლენამ ვერ შევნიშნეთ, ფოტოზე საკმაოდ კარგად ჩანდა - ერთთავად თეთრი არსება, დიდი ფრთებითა და ხელში ბარძიმით! ეს არის ის ორი ცხადი სასწაული, რომლის შემსწრეც თავად გავხდი სარდანას ტაძარში.

- ნათია, თქვენი შვილი, ომარი, რა აღმსარებლობისაა?

- ომარი წლისა და სამი თვის იყო, პირველად საქართველოში რომ ჩამოვიყვანე და მაშინ მოვნათლეთ კიდეც წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში. ჩემმა მოძღვარმა, მამა დიმიტრიმ, ნათლობის სახელად ლაზარე დაარქვა. თბილისში რომ ჩამოვდიოდით, დედაჩემი სხვადასხვა მოკლე ლოცვას ასწავლიდა ხოლმე, ზოგჯერ, თავად ომარი ახსენებდა თავის საყვარელ ბებიას სუფრისთვის ჯვრის გადასახვას.

მიუხედავად იმისა, რომ ომარის მამა მუსულმანია, მე კი მართლმადიდებელი, ჩვენს ოჯახში არავითარი პრობლემა არ იქმნება რელიგიურ ნიადაგზე, პირიქით, დიდი სიხარულითა და სიყვარულით აღვნიშნავთ ყველა ინდურ თუ სხვა რელიგიურ დღესასწაულებს.

მოგეხსენებათ, ინდოეთში მრავალი რელიგია და სექტაა, მაგრამ სკოლებში ბავშვებს მხოლოდ ინდუისტურ ლოცვებს ასწავლიან და არც ერთი აღმსარებლობის მშობელი ამ საკითხზე პრეტენზიას არ გამოთქვამს.

- ნათია, დედა ახსენეთ და მოდი, ქ-ნ ქეთევანზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ვიცი, რომ დედასთან განსაკუთრებული და გამორჩეული დამოკიდებულება გაქვთ. გვიამბეთ ამ ურთიერთობაზე და იმაზეც, როგორ შეეგუეთ მისგან ასე შორს ყოფნას?

- დედასთან პირველი ხანგრძლივი განშორება მოსკოვში სწავლის პერიოდში მომიწია. მიჭირდა მის გარეშე, მაგრამ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვდიოდი, ტელეფონითაც ხშირად ვსაუბრობდით და ეს სიშორე თითქოს ადვილად გადავიტანე. აი, ინდოეთში გამგზავრებამ და ხანგრძლივმა სიშორემ კი ძალიან შემაწუხა და დეპრესიამაც ბევრჯერ შემომიტია... ვიცი, ჩემს დედიკოს ჩემზე მეტად უჭირდა უჩემობა... დღემდე ძნელია ამასთან შეგუება... მაგრამ, ყოველთვის იმას ამბობს, ოღონდ შენ იყავი კარგად და ბედნიერად, და სადაც გინდა, იქ იყავიო.

მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ინტერნეტკავშირი და თითქმის ყოველდღე ვსაბრობთ და ვნახულობთ ერთმანეთს ვიდეოთვალით. მე მართლაც განსაკუთრებულად მიყვარს დედა და ასეთი სიშორის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობ, არ მოვაკლო მზრუნველობა, გავუძლიერო ფინანსური მდგომარეობა და რაც შეიძლება მეტი სიყვარული და სითბო მივცე, რაც მას ჟანგბადივით სჭირდება. სხვათა შორის, მოსკოვში სწავლის დროს, ძლიერმა მონატრებამ და სიყვარულმა რამდენიმე ლექსიც კი დამაწერინა დედაზე:

* * *

შენს სახეს რა დამავიწყებს,

შენს ლამაზ თვალებს, დედი!

შენი სუნთქვა და ალერსი

ჩემს სულთან ერთად მღერის.

* * *

სიცოცხლე მაჩუქე, ცხოვრება მანახე,

ღიმილი მასწავლე, სევდაც...

მხოლოდ შენა ხარ დაუვიწყარი,

ჩემო ძვირფასო დედა!

mshoblebi

- როგორ ფიქრობთ - რას შეიძლება დაესესხოს საქართველო ინდოეთს ამა თუ იმ სფეროში, რა არის ის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და ღირსშესანიშნავი, რასაც ჩვენი ქვეყნისთვისაც ისურვებდით ან პირუკუ?

- ალბათ, ინდოეთს საქართველომ განათლების სისტემით უნდა მიბაძოს. ამ ქვეყანაში დღესაც შენარჩუნებულია სკოლის ფორმები და სახელმძღვანელოებსაც სკოლებში არიგებენ. სასურველი იქნება საქართველოს ბაღებსა და სკოლებში სასულიერო სწავლების გაძლიერება, რაც დაეხმარება დღევანდელ თაობას, იყოს მეტად ღვთისმოსავი, ზნეობრივი, სამართლიანი და ნაკლებად აგრესიული. ეს პრობლემა ხომ ასეთი მძაფრია დღეს საქართველოში.

ვფიქრობ, მისაბაძია ისიც, რომ ინდოელები ძალიან დიდ პატივს სცემენ ნაციონალურ ჩაცმულობას, ისინი დღემდე იმოსებიან ტრადიციული სამოსით.

მომწონს ისიც, რომ ინდოეთში დიდი ყურადღება ეთმობა სპორტისა და კულტურის განვითარებას. ბავშვები სკოლებიდან დაჰყავთ მუზეუმებში და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის მოსანახულებლად.

ხალხს საშუალება აქვს უფასოდ დაესწროს თეატრალურ წარმოდგენებს, კონცერტებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს. ინდოეთში ბილეთები არ იყიდება, შესვლა ყველგან თავისუფალია.

ძალიან ვაფასებ ასევე ინდოელთა თავმდაბლობას, მშობლებისა და უფროსებისადმი მათ პატივისცემას. ვისურვებდი, ქართველი ხალხისთვისაც ოდითგან ჩვეული ეს ძირძველი ფასეულობები აღდგეს და კვლავაც დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში.

სოფიო ჯაფარიძე