ისტორია, რომლის შესახებაც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, როგორიც უშვილობა და შვილად აყვანის პროცესია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არაერთ ადამიანს აწუხებს და ბევრი წყვილი უშედეგოდ ცდილობს, გახდეს მშობელი. სპეციალური სახელმწიფო პროგრამაც მოქმედებს, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის აყვანაში უნდა დაეხმაროს, თუმცა რიგში ათასობით ადამიანი დგას და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ ამაო მოლოდინში დაკარგეს წლები
უშვილო ოჯახის ისტორია
მოუსმინე
- დაოჯახებიდან 7 წლის თავზე გადავწყვიტეთ ბავშვის აყვანა. მანამდე ექიმებთან დავდიოდით და ვცდილობდით, გაგვერკვია, რა იყო უშვილობის მიზეზი. ყველგან ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ, გეყოლებათ პატარა, გეყოლებათო... მაგრამ ეს ნანატრი დღე არ დადგა. ამასობაში კი 38 და 42 წლის გავხდით... ბოლოს მე და ჩემი მეუღლე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბავშვის შვილად აყვანა გვეცადა. გამგეობაში გავაკეთეთ განაცხადი. მას შემდეგ 5 წელზე მეტი გავიდა. რიგში ჩემ წინ 4000-ზე მეტი წყვილი იდგა.
ორი წლის წინ რაღაც შეიცვალა სისიტემაში, ასაკოვან წყვილს აღარ შეუძლია აიყვანოს ჩვილი ბავშვიო და ამ ცვლილების გამო ყველა შვილად აყვანის მსურველმა თავიდან გაიარა რეგისტრაცია. როცა განაცხადი შევავსე, არც ბავშვის სქესი მიმითითებია და არც ეროვნება, მხოლოდ ასაკი მივუთითე, რომ ბავშვი 5 წლამდე ყოფილიყო. ამ პროცედურების გავლის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კვლავ რიგში ვიყავით. 2 წლის წინ შევამოწმე და ახლა ჩემს წინ დაახლოებით, 2000 წყვილია. იმედი მაქვს, ორი წლის მერე მაინც მოგვიწევს რიგი და ბავშვის აყვანას შევძლებთ.
ჩვენი ანონიმური რესპონდენტივით, შვილად აყვანის მსურველთა ბაზაში დღეის მდგომარეობით, 2657 მშვილებელია დარეგისტრირებული და თავის რიგს ელოდება. რიგს, რომლის გამოც შვილად აყვანის მსურველები პრეტენზიებს გამოთქვამენ და იმედგაცრუებულნი რჩებიან, რადგან უსაშველოდ დიდხანს უწევთ ლოდინი.
როცა ამდენი მიუსაფარი ბვშვია, უშვილო წყვილები კი შვილებზე ოცნებობენ, რატომ იცდიან ისინი წლობით, რატომ არის საქართველოში ასეთი რთული ბავშვის შვილად აყვანა?
რა მიზეზით უწევთ მშვილებლებს წლების განმავლობაში რიგში უშედეგოდ ყოფნა, გვპასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია:
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2011-2018 წლებში გაშვილდა 1748 ბავშვი.
ამ ეტაპზე კი გასაშვილებელია - 215 ბავშვი, მათ შორის - 153 არის შშმ პირი, რომლებზეც მშვილებელი კადიდატების მხრიდან არ არის მოთხოვნა. 27 ბავშვი 10 წელზე მეტი ასაკისაა, 35-ს კი თავად არ სურს გაშვილება.
გამოკითხვის ღილაკი, იშვილებდით თუ არა თავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ბავშვს? აქ გალერეა, ბავშვები გაშვილებამდე და მას შემდეგ

კითხვები და პასუხები, რომლებიც თემის ირგვლივ არსებობს:
ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა:
მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა,
მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
განაცხადის ფორმა, რომელსაც შვილად აყვანის მსურველები ავსებენ
ფორმა
რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანისთვის?
აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე; აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება; აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა; მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა; მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს; მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი დაქვემდებარებულია საერთაშორისო შვილად აყვანას ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ზ" ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.
ვინ ვერ იშვილებს ბავშვს
პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს; პირი, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა; პირი, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 141-ე, 1422, 1431, 1432, 1441, 1442, 1443, 171-ე, 172-ე, 1721, 253-ე, 2551-ე და 2552-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.
რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვის შვილად აყვანისათვის?
შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, განაცხადთან ერთად, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ქორწინების მოწმობის ასლი - ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი - განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი - მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილება. ამასთანავე, მან მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება აღრიცხვიდან; ნასამართლობის შესახებ ცნობა; პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა; შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი.
ვის შეუძლია იშვილოს ბავშვი ურიგოდ?
შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. ესენი არიან:
მშვილებელი, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს; მშვილებელი, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან; მშვილებელი, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; მინდობით აღმზრდელი, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.
პროექტის ავტორი: რუსკა კილასონია