როცა სახლში გამათბობელია ჩართული - აუცილებელი წესები - მშობლები

როცა სახლში გამათბობელია ჩართული - აუცილებელი წესები

2014-10-26 16:07:12+04:00

მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომები და პირველადი დახმარება უკვე აცივდა და დაიწყო გამათბობლების ჩართვა, მას მოჰყვება პრობლემებიც. პირველ რიგში, აუცილებელი რეკომენდაციაა ამ დროს, სანამ გამათბობელს აქტიურად ჩართავთ, შეამოწმებინოთ სპეციალისტს - "შესვენების" პერიოდში ხომ არ დაზიანდა რამე, ხომ არ იპარება გაზი და ა.შ.

მას მერე, რაც გამათბობელი სახლში ჩართულია, აუცილებელი პირობაა, ყოველთვის იყოს ღია ერთი პატარა სარკმელი მაინც, რომ ოთახები მუდმივად განიავდეს და არ მოხდეს გაზის დაგროვება.

მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოების ყველა ზომა, მოერიდეთ კუსტარულად დამზადებულ გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს. ჯობს, ხარისხიანი ტექნიკის ყიდვასა და სწორად დაყენებაში არ დაინანოთ თანხა და მშვიდად გეძინოთ.

ასევე უნდა იცოდეთ წესები და სიმპტომები, რაც ახლავს აირით მოწამვლას, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან.

ყველაზე გავრცელებული ცხოვრებისეული შემთხვევა: პირველი კონტაქტი მხუთავ აირთან ახალშობილებს პირველი ბანაობის დროს აქვთ. ალბათ ბევრს გეცნობათ სიტუაცია, რომელსაც განვიხილავთ. ბავშვს უკვე მოსძვრა ჭიპლარი და პედიატრის რაკომენდაციით უნდა აბანაონ. ბებია იღებს ამ ვალდებულებას თავის თავზე,რ ადგან დედა ჯერ გამოუცდელია. ბანაობის ყველაზე ოპტიმალური ადგილი კი - სამზარეულოა. გაზქურის ყველა "კამფორა" ანთებულია, გამათბობელი - ჩართული, ფანჯრები, რა თქმა უნდა, დახურული - ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბავშვი არ გაცივდეს. აირით მოწამვლა პირველ რიგში თავის ტკივილს იწვევს. შედეგად ბავშვი მთელი ღამე ტირის და მოუსვენრად არის. ბებიას დაასკვნა ასეთია: ბანაობამ ცუდად იმოქმედა ბავშვზე, ან უბრალოდ გაცივდა.

რა როლი აქვს ჰემოგლობინს ჩვენს ორგანიზმში? იგი არის გაზების ტრანსფორტიორი. „ჩაეჭიდება“ ფილტვებში ჟანგბადს, მიაქვს ქსოვილებთან,“აძლევს“ მათ, ბოჭავს ნახშირორჟანგს და თავისუფლდება მისგან. თუ მხუთავი გაზი მიეწება ჰემოგლობინს, აღარ ხდება მისი გათავისუფლება და ყველა უჯრედი გაჯერდება ნახშირორჟანგით 10-15 საათის განმავლობაში. ერთადერთი ხსნა ამ დროს - ჟანგბადის აპარატზე მიერთებაა.

ყოველთვის დააკვირდით ასეთ სიმპტომებს: თუ უმიზეზოდ მოითენთეთ, თქვენც და კიდევ ვინმე ოჯახში. ხშირად ამთქნარებთ, გეძინებათ, თავბრუსხვევას გრძნობთ - მაშინვე გამოაღეთ ფანჯარა, რადგან ასეთი სიმპტომი ხშირად უკავშირდება მხუთავ აირს. განსაკუთრებით საშიშია ის ქარიან ამინდებში - ხანდახან აირის ნამწვი უკან ბრუნდება, სახლში, და ისიც იწვევს მოწამვლას.

და კიდევ, როცა ოჯახში ბავშვია, ყოველთვის აკონტროლეთ, რომ არ მიუახლოვდეს გაზის გამათბობელს. და კიდევ, არ არის სასურველი გათბობის მიზნით გაზის კამფორების დიდი ხნის განმავლობაში ანთება - აირის დაგროვება ამ დროსაც განსაკუთრებით მატულობს.

ასევე უნდა იცოდეთ წესები, როგორ უნდა მოიქცეთ მხუთავი აირით მოწამვლის დროს. საჭიროა:

შევაჩეროთ კონტაქტი გამომწვევ ფაქტორთან; უზრუნველყოთ დაზარალებულთან ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა. სანამ ოთახში შევალთ, ღრმად შევისუნთქოთ რამდენიმეჯერ, შევიკავოთ სუნთქვა, დავაფიქსიროთ კარები გაღებულ მდგომარეომაში, გადავკეტოთ გაზი, გავაღოთ ფანჯრები და გამოვიყვანოთ დაზარალებული გარეთ. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.