მსახიობსა და ტელეწამყვან ბაია დვალიშვილს ჟურნალი "შინ" სტუმრად ეწვია, სახლში, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა - მსახიობ მარინე თბილელსა და რეჟისორ აკაკი დვალიშვილთან ერთად. ქალბატონი ბაია ახლა აქ მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. "შინ"-თან ინტერვიუში, სახლის ისტორიასთან ერთად, ბევრი სხვა საინტერესო ამბავიც გაიხსენა. მათ შორის - მშობლებთან დაკავშირებული და ასევე ისაუბრა საკუთარ თავზე, როგორც მშობელზე. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
- მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, ჩვენთან სულ სუფრა იყო გაშლილი. რეპეტიციისა თუ სპექტაკლის შემდეგ აქ იკრიბებოდნენ. მაშინ ამდენი წასასვლელი ადგილი არ არსებობდა, თითზე ჩამოსათვლელი იყო კაფეები და რესტორნები, ამიტომ ძირითადად სახლში იკრიბებოდნენ. როცა უცხოელები ჩამოდიოდნენ, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი იყო შინ მიღება, რათა ენახათ, რომ იმ საბჭოთა კავშირშიც კი ადამიანებს კონტაქტი, სიცილი, ურთიერთობა, გამასპინძლება კარგად შეეძლოთ. ეს იყო ღია, გულწრფელი, ნაკლებ ოფიციალური ურთიერთობები ოფიციალური წარმომადგენლების თანდასწრებით. ამ სახლს იმდენი ნიჭიერი, განათლებული, ჭკვიანი ადამიანი ახსოვს, ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება. ეს იყო ერთგვარი თავშესაფარი ჩემი მშობლების მეგობრების და მათი ამბებისა. მაშინ ბევრ რამეზე ხმამაღლა იშვიათად ლაპარაკობდნენ და ადგილი, სადაც ამას ახერხებდი, ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა შენთვის. სამწუხაროდ, ბევრი რაღაც ახლა აღარ მახსოვს, სულ მეგონა, როცა დამჭირდებოდა, მამას ვკითხავდი, მაგრამ აღარაა მამა და ვერავის ვეკითხები...
- საინტერესოა, დედა როგორ აფასებდა ბაიას შემოქმედებას და გასდევდა თუ არა მარინე თბილელის სახელი ბაიას ცხოვრებას ლაიტმოტივად.
- სახლში ჩემ მიმართ ყველა კრიტიკული იყო, ზედმეტად კრიტიკულიც კი, და არ მინდა, ჩემი შვილის შემთხვევაში იგივე განმეორდეს. ერთადერთი ჩემი ძმა იყო ლოიალური და მისგან ყოველთვის კარგი მესმოდა. პრემიერა ჩემთვის იყო ყველაზე მწარე დღე, იმიტომ, რომ ჩვენს 4 კვადრატულ სამზარეულოში იწყებოდა ჩემი "ნეკნების გადათვლა". არადა, ეს არაა საჭირო, იმიტომ, რომ წახალისება და კარგზე აქცენტი მოტივაციას მატებს ადამიანს. მშობლები ყოველთვის მეტს ითხოვენ შვილებისგან, რაც აკომპლექსებს და აშინებს შვილს. საზოგადოებაც მეტს მოითხოვდა ჩემგან. არადა, რატომ მომეთხოვება მეტი, როცა მე ვარ დამოუკიდებელი ინდივიდი, აბსოლუტურად სხვა ტემპორიტმის, ბუნების თუ ხასიათის მატარებელი, რატომ უნდა მქონდეს სწორება უკვე შემდგარ ადამიანებზე. არ მქონდა უფლება, მევლო ჩემი გზით, ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის და ამიტომაც სულ ვაპროტესტებდი, - რომ არ ვგავარ დედაჩემს, რომ მე ვარ სხვა... ახლა, ასაკში კი მსიამოვნებს, რომ მამსგავსებენ და თუ ვინმესთვის დედაჩემი ჩემში გრძელდება, ეს ძალიან მახარებს. თუ სცენაზე ვინმეს დედას გავახსენებ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა... უნდა აღვნიშნო, რომ დედა დღემდე ახსოვთ და უყვართ, აქამდე მეუბნებიან, შენ არ გეწყინოს, მაგრამ დედაშენი ისეთი ლამაზი იყოო, ვეუბნები, არ მწყინს, მე ამას შეგუებული ვარ ბავშობიდან-მეთქი (
იღიმის).
- მისი გავლენით გადაწყვიტეთ მსახიობობა?
- არა, შემთხვევამ განაპირობა, რომელიც ალბათ გარდაუვალი იყო. ბატონ მიშა თუმანიშვილს, რომელიც იმ დროს კინომსახიობთა თეატრს აყალიბებდა, შეხვდა მამა და საუბარში უთხრა, მოვიდეს ბაია, ნახოს, თუ მოუნდება, თუ არადა შენ არ დაგადანაშაულებს, რომ არ გაუშვი მსახიობადო. მაშინ მე-10 კლასში ვსწავლობდი და იქიდან დაიწყო და დაიწყო.
- თავიდან ალბათ ვერ იაზრებდით, რომ წინ რთული გზა გექნებოდათ და ყოველთვის შეგადარებდნენ დედას?
- ამდენს ვერ ვიაზრებდი, საერთოდ, დიდხანს ბევრ რამეს ვერ ვიაზრებდი (
იცინის) და ეს ძალიან ცუდი იყო. ცოტა ქოთნის ყვავილივით მზრდიდნენ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ცხოვრება სავსეა სირთულეებით, ტკივილით, მწარე სიტყვებით, ფათერაკებით, ეკლებითა და ქვეტექსტებით, რომელსაც მე ჩვეულებრივად ვიღებდი და გული მტკიოდა, რადგან ვერ ვიგებდი, რატომ და რისთვის ხდებოდა ეს. მაგრამ რას ვიზამთ? სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენი შვილები სხვანაირები არიან, სხვა დროში დაიბადნენ, სხვა ურთიერთობები აქვთ, ინფორმაციულადაც დატვირთულები არიან და მგონია, რომ ის პრობლემები, რაც მე მქონდა, არ ექნებათ. უბრალოდ, მე მინდა დამოუკიდებლობას მივაჩვიო მაკრინე და რაც შეიძლება მეტი განათლება მივცე. დამოუკიდებლობის მიცემა კი მშობლის ნერვებსა და შიშებზე გადის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მე საკმაოდ დიდ ასაკამდე არ ვიცოდი, სად იყო თეატრალური უნივერსიტეტი, საბუთები რომ უნდა ჩამებარებინა, ფეხით დავდიოდი და ვეძებდი მანამ, სანამ ამხანაგი არ შემხვდა და არ მიმასწავლა. სულ ხელჩაკიდებული ვყავდი, კონტროლის ქვეშ, კონსერვატული დამოკიდებულებით და ასე არ შეიძლება.

- მაკრინეს აქვს ის განცდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილია?
- მგონია, რომ ამით არ წუხდება და სხვანაირი დამოკიდებულება აქვს. მე უფრო კომპლექსიანი ვიყავი. მაკრინე კი არის ძალიან მორიდებული, მაგრამ იმედია, კომპლექსები არ აქვს...
ინტერვიუ სრულად და რეპორტაჟი ბაია დვალიშვილის სახლიდან იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის გაზაფხულის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება