ფიზიკის მასწავლებლიდან დიდ რეჟისორამდე - რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

ფიზიკის მასწავლებლიდან დიდ რეჟისორამდე - რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

2020-04-18 10:21:09+04:00

გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი, როგორც მხატვარს, არაერთი გამოფენა ჰქონია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

В 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიია ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა როგორც კინორეჟისორი. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

მისი ფილმებიდან ბევრს იცნობს ქართველი მაყურებელი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.