ცნობილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ დაბადების დღე იზოლაციაში, მეგობრების გარეშე აღნიშნა. ულამაზეს მოდელს, 3 შვილის დედას დღეს 39 წელი შეუსრულდა. ამ ამბის აღმნიშვნელ ფოტოს, სადაც უფროს ვაჟთან ერთად არის აღბეჭდილი, თაკო ემოციურ პოსტთან ერთად აქვეყნებს.
"რა თქმა უნდა, ყოველ წელს მაბედნიერებდა თქვენი თბილი სიტყვები, მაგრამ ახლა, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ემოციური გამოდგა ყოველი ონლაინ აქტივობა ჩემთვის...
პირველ რიგში უჩვეულო იყო მეგობრების ერთობლივი მოლოცვა კამერებით, რადგან ყოველთვის გვქონდა საშუალება აქამდე ერთად აღგვენიშნა ყველა ძვირფასი დღე, მაგრამ არა უშავს, ესეც გაივლის! შემდეგ იყო ზარები, თქვენი შეტყობინებები, მოწერები...
ძალიან მადლიერი ვარ, ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ზუსტად ვიცი, რომ მალე შევძლებთ ამ სიტუაციის დაძლევას და მოგვეცემა საშუალება, პირისპირ გავუთბოთ ერთმანეთს გულები!
გაიხარეთ და მეამაყებით, ჩემო ერთგულო ადამიანებო, ჩვენ შევძელით სწორად მიგვეღო სამყაროს ეს მესიჯი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და შეძლებისდაგვარად, ყველამ გავეცით მას პასუხი, მალე ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა ამის!
დიდი მადლობა სიყვარულისთვის!" - წერს თაკო ჩხეიძე.
თაკო სამი ვაჟის დედაა. ის შვილების მოვლასა და კარიერას ყოველთვის წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს.
"ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც. "თბილისის ფეშენ ვიკის" პერიოდში უფრო მეტად დაკავებული ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები მიგებენ - მათგან თანადგომას ვგრძნობ. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს," - განაცხადა თაკომ ერთ-ერთ ინტერვიუში.