ახლანდელი, იედალური ბარბი ბავშვებს კომპლექსებს უჩენს ახალ თოჯინას ჩვეულებრივი გოგონას გარეგნობა აქვს, გარკვეული კოსმეტიკური დეფექტებით. ამერიკელი დიზაინერი "ნორმალური ბარბის" შექმნის შემდეგ ნორმალურ კენსაც შექმნის. ისინი არ იქნებიან "იდეალურები" და მანეკენებივით მეტისმეტად გამხდრები და პარამეტრებში ჩამჯდრები, ისინი იქნებიან ჩვეულებრივები, ისე, როგორც ყველა.
ნიკოლა ლემმა აამოქმედა პროექი "ლემილი". სწორედ ასე ჰქვია მის მიერ შექმნილ თოკინას, რომელიც ბარბივით ხვდება სხვადასხვა სიტუაციაში, ოღონდ მასავით იდეალური არ არის, ხანდახან მუწუკებიც აქვს, ჭორფლიც და ნაკაწრიც. ახალი თოჯინა იყიდება ნაკრებით, რომელშიც არის მისაკრავი ჭორფლები, მუწუკები, ნაკაწრები, ნაკერები, ჭუჭყის ლაქები და ტატუები.
ასეთი თოჯინა ყველა გოგონამ უნდა მოარგოს მის საკუთარ იდეალს, მიამსგავსოს საკუთარ თავს ან თავის დედას. ფსიქოლოგების თქმით, რომლებმაც მოიწონეს ეს იდეა, ამგვარად გოგონები თავიდანვე სწორად იმსჯელებენ გარეგნობაზე, მეტი თავდაჯერება ექნებათ და არც კომპლექსები დაეწყებათ იდეალური ბარბის გამო, რომელიც მეტისმეტად განსხვავდება რეალური გოგონებისგან, და არც ის ექნებათ მიზნად, რომ თავი მოიკლან შიმშილით და ბარბის პარამეტრებამდე მივიდნენ.
პიტსბურგელ დიზაინერს სურს დაამტკიცოს, რომ რეალობა გაცილებით უფრო ლამაზია. დიზაინერს ასევე სურს, ბავშვებმა მეტი იფიქრონ იმაზე, "რა უყვართ და რას გააკეთებენ მომავალში, ვიდრე იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან". ახალი თოჯინა მათ მეტად მიაბრუნებს რეალური ცხოვრებისკენ და არა სადიდო საქმიანობებისკენ, როგორც დღეს ხდება – ბარბი ხომ სინამდვილეში ნამდვილი ქალივით ცხოვრობს, დიდი ქალივით იყენებს კოსმეტიკას, ბრწყინვალე სახლში ცხოვრობს და მშვენიერი მანქანებით დადის. ბავშვური მასში პრაქტიკულად არაფერია.
მანამდე კიდევ ერთ დიზაინერს ჰქონდა მცდელობა, ცვლილებები შეეტანა ბარბის სტანდარტებში და ბარბის ასლი დაამზადა, ოღონდ უფრო დაბალი და უფრო პუტკუნა.