კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველა ერთხელ თუ მოისმინეთ, ზუსტად ვიცი, არასოდეს დაგავიწყდებათ - ხველა ძაღლის ყეფას მოგაგონებთ.
კრუპის სინდრომს მეორენაირად მწვავე ობსტრქუციული ლარინგიტი ჰქვია და ნიშნავს ხორხის ანთებას, რასაც მისი ლორწოვანი გარსის შეშუპება მოსდევს. სწორედ შეშუპების გამო ვიწროვდება ხორხი და მასში ჰაერის ნაკადის გავლისას ისმის ის სპეციფიური ხველა და ხმაურიანი სუნთქვა, რასაც ამ დროს ვისმენთ და გვაშინებს.
დამნაშავე ცნობილია!
პირველ რიგში, განვასხვავოთ ცრუ და ჭეშმარიტ კრუპი. ჭეშმარიტი კრუპი დიფტერიისათვის დამახასიათებელი ნიშანია, რასაც დიფტერიის გამომწვევი ჩხირი იწვევს და მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესებით მიმდინარეობს. სხვათაშორის, ამ მდგომარეობის ზუსტი აღწერა შეგიძლიათ მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილ მოთხრობაში, „თეთრი კუდღელი“ იხილოთ, ოღონდ გაცილებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ, ვიდრე სამედიცინო პროფესიულ ან თუნდაც პოპულარულ ლიტერატურაშია.
ცრუ კრუპი კი ხორხის ვირუსული დაზიანების დროს ვლინდება და ჭეშმარიტი კრუპისაგან განსხვავებით, მწვავედ, უსწრაფესად იწყება. მას ვირუსები იწვევს.
უხშირესად დამნაშავე პარაგრიპის ვირუსებია, კრუპის გამოწვევა შეუძლია გრიპის, ადენოვირუსებს, წითელას ვირუსსაც.
დაავადება ძირითადად 2 თვიდან 5 წლამდე ასაკის პატარებში გვხვდება. 5 წლის შემდეგ ეს დაავადება იშვიათია. მიზეზი მარტივია - ადრეულ ასაკში დაავადების სიხშირეს საფუძვლად ბავშვის სასუნთქი და იმუნური სისტემის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს.
ხმის ტემბრის შეცვლა მყეფავი ხველა, სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა
მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება.
დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიდმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.
რა ვქნათ?
‼️‼️‼️პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!
დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
მიეცით თბილი სითხეები
გამოიძახეთ სასრაფო დახმარების ბრიგადა.
დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ.
ექიმის მეთვალყურეობით (!!!)საშუალო და მძიმე კრუპის დროს ეპინეფრინის ინჰალაციაც ჩატარდება, რაც მდგომარეობას სწრაფად გააუმჯობესებს.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მართვის რეკომენდაციებს პედიატრები მოგცემენ.