მიცვალებულთა ხსენების დღეს საკურთხის მომზადება აუცილებელია. საკურთხი კი კორკოტის გარეშე არ გაკეთდება. მოძღვრები განმარტავენ, რომ სულერთია, მარილიან კორკოტს მოამზადებთ თუ ტკბილ წანდილს, მთავარია, საკურთხში აუცილებლად შედიოდეს ხორბალი მარილი, ზეთი, ღვინო. ხოლო დანარჩენი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. კორკოტის მომზადების ძალიან ბევრნაირი ხერხი არსებობს. რეცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, მკითხველმა მოგვაწოდა. თქვენი რეცეპტები შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ. ვფიქრობთ, ნამდვილად საინტერესოა ამ ტრადიციული, სარიტუალო კერძის მრავალწლოვანი რეცეპტები.
რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ, მრავალგზის გამოცდილია. აქვს საოცარი გემო და სტრუქტურა. ხორბალი საოცრად ფაფუკი და ღრუბელივით მსუბუქი ხდება, გემოც - გამორჩეული. ასეთი განსაკუთრებული სტრუქტურა რომ მიიღოთ, მოხარშული ხორბალი დიდხანს და ენერგიულად უნდა სრისოთ.
დაგჭირდებათ:
დანაყილი, ქერქგაცლილი ხორბალი 2 კილოგრამი. 2 ლიტრი რძე 2-3 საშუალო ზომის ხახვი 4 სუფრის კოვზი ფქვილი ერბო გემოვნებით, ვის რამდენად ცხიმიანი უყვარს. მომზადება:
პირველ დღეს
დანაყილი, კანგაცლილი ხორბალი საკმაოდ ნესტიანია. მომზადებამდე აცადეთ, რომ ცოტა გაშრეს. შემდეგ გაანიავეთ, რომ ზედმეტი კანი გასცილდეს, გაარჩიეთ და გარეცხეთ. როცა ქვებში მოათავსებთ, დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორბლის მოცულობას თითქმის 3-ჯერ აღემატებოდეს. იხარშება 5 საათის განმავლობაში გამანაწილებელზე. სანამ ადურდება, ხშირ-ხშირად მოურიეთ, რომ ძირზე არ მიეკროს.
როცა მარცველები საკმარისად მორბილდება, ხის კოვზით დაიწყეთ მისი ამოლესვა - უმჯობესია ხის კოვზით, რომლითაც მარცვალი ქვაბის კედელზე ამოისრისება. ეს პროცესი განაგრძეთ მანამ, სანამ ქვაბში მოთეთრო ფერის სითხე არ მოიმატებს.
შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და კორკოტი მეორე დღემდე გააჩერეთ.

მეორე დღეს
კვლევ დადგით ცეცხლზე ხორბლის ფაფა და ურიეთ, რომ არ მიიწვას.
ცალკე ჭურჭელში ერბოში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაასხით რძე, დააყარეთ მარილი იმდენი, რამდენიც მთლიანი ხორბლის ფაფისთვის არის საჭირო და აადუღეთ. სანამ რძე ადუღდება, 4 სუფრის კოვზი ფქვილი გახსენით წყალში და თითქოს კისელს ამზადებთ, ისე ნელ-ნელა შეურიეთ ეს მასა რძეს. რძე შესქელდება. ადუღეთ ცოტა ხანს, რომ ფქვილი მოიხარშოს. შემდეგ რძის მასა თანდათან შეურიეთ ხორბლის მასას და ერთიანად წამოადუღეთ. თან კარგად ურიეთ, რომ არ მიიწვას.

კორკოტი მზადაა. თუ მარილი დააკლდა, შეგიძლიათ საბოლოოდ შეაგემოთ. თეფშებზე გადმოღებულ კორკოტს შუაში დაადეთ ერბო და გემრიელად მიირთვით.