წლევანდელი "ოსკარის" ტრიუმფატორი გახდა ფილმი "ნომადლენდი", რომელმაც 6 "ოსკარი" მიიღო. ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფრენსის მაკდორმანდი დააჯილდოვეს, რომლისთვისაც ეს რიგით მეოთხე "ოსკარია". ქალი, რომელიც ისეთია, როგორიც არის, ბოტოქსების და სილიკონების გარეშე და არასდროს ცდილობს გამოჩნდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, ნიჭიერი, სუპერპროფესიონალი და სუპერმშრომელი - ასეთად იცნობენ ფრენსისს. გავიცნოთ უფრო ახლოს ეს უჩვეულო ვარსკვლავი.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი სინტია ენ სმიტია. 1957 წლის 23 ივნისს დაიბადა ამერიკაში, გიბსონ-სიტიში. ნამდვილი მშობლები არასოდეს უნახავს, სავარაუდოდ, მისი დედა ვერნონის ეკლესიის მრევლი იყო. სწორედ ამ ეკლესიის მღვდელმა ვერნონ მაკდორმანდმა და ექთანმა ნორინმა, კანადელმა ცოლ-ქმარმა იშვილა გოგონა, შეუცვალა სახელი და გვარი და აღზარდა. მათ კიდევ ორი ბავშვი ჰყავდათ ნაშვილები. მაკდორმანდები ძალიან რელიგიურები იყვნენ და ბავშვობაში ფრენსისიც იზიარებდა ოჯახის შეხედულებებს, ზაფხულობით ქრისტიანულ ბანაკებსაც სტუმრობდა. "მღვდლის ოჯახში გაზრდა არ იყო იოლი. ყველა აქცევს ყურადღებას, როგორ იქცევი. სამაგალითოდ და მისაბაძად ვიქცეოდი, სანამ კოლეჯში ჩავაბარებდი, აი მერე კი დავიწყე წესების დარღვევა", - ამბობს ფრენსისი.

სამსახიობო მიდრეკილებები პირველად მისმა მასწავლებელმა აღმოაჩინა და სასკოლო დადგმებში როლები მისცა. თუმცა მაშინვე სერიოზულად დაიწყო ამ საკითხის აღქმა და უნდოდა, კარგი, საინტერესო როლები ჰქონოდა.
1975 წელს დაამთავრა სკოლა. მალე დასავლეთ ვირჯინიაში ბეტანი-კოლეჯის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი ერთ-ერთი პედაგოგის რჩევით იელის უნივერსიტეტის დრამატულ სკოლაში ჩააბარა, რომელიც მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. იქვე გაიცნო მომავალში ასევე ცნობილი მსახიობი ჰოლი ჰანტერი, რომელიც მისი ოთახის მეზობელი იყო.

მოგვიანებით ჰოლი დაეხმარა ფრენსის ძმები კოენების პირველ სადებიუტო ფილმში მოხვედრაში, რომელიც ფრენსისისთვისაც სადებიუტო როლი იყო კინოში (მანამდე თეატრში თამაშობდა აქტიურად) - ეს ფილმი, "უბრალოდ სისხლი" წარმატებული აღმოჩნდა რეჟისორი ძმებისთვისაც და ფრენსისისთვისაც. მოგვიანებით კი მის პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა - რეჟისორ ჯოელ კოენს გაუმიჯნურდა, მალე ცოლადაც გაჰყვა და დღესაც სამაგალითო წყვილად მიიჩნევიან. მას მერე ძმები კოენების უამრავ ფილმში ითამაშა წარმატებით და ოჯახური და შემოქმედებითი ტანდემი შედგა.

წარმატებულ მსახიობს საკუთარი ბიოლოგიური შვილი არ ჰყავს. 1994 წელს 6 თვის პარაგვაელი ბავშვი იშვილა, პედრო მაკდორმანდ კოენი. შვილის სამშობლოს კულტურისადმი პატივისცემის ნიშნად ესპანური ენა ისწავლა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ მას მერე, რაც დედა გახდა, სხვაგვარად უყურებს ფილმებს ძალადობის სცენებით და სრულწლოვანებამდე არც აყურებინებდა შვილს მამის ფილმებს.