"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან... აბრეშუმის "დვოიკა" მეცვა... ჩემი კლასელი ბიჭი მიყვარდა..." - ნუკი კოშკელიშვილი თავის ბანკეტს იხსენებს - მშობლები

"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან... აბრეშუმის "დვოიკა" მეცვა... ჩემი კლასელი ბიჭი მიყვარდა..." - ნუკი კოშკელიშვილი თავის ბანკეტს იხსენებს

2021-05-21 06:58:22+04:00

მეთორმეტეკლასელებმა სკოლა დაამთავრეს და ბანკეტისა და ბოლო ზარის თემა აქტუალურია. ბევრი ადამიანი იხსენებს თავის ბოლო ზარსა და ბანკეტს. ნუკი კოშკელიშვილმა თავისი ბანკეტი გაიხსენა.

"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან, სხვა არ მაქვს. მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი ღამეები არ მძინავს, მე თან ფარული, ჩუმი სიყვარული ვიცოდი... მოკლედ, ყველაზე კარგად უნდა გამოვიყურებოდე, დედაჩემი პარიზში მიდიოდა და დავაბარე აი, ყველაზე უცხო და განსხვავებული რაც შეგხვდება, ის მიყიდე-თქო, მაშინ ფოტოების ჩაგდება და ვაიბერი არ იყო, სიტყვიერად აღმიწერა... ჩამომიტანა “დვოიკა” ძალიან ლამაზი, მთელი გულით მიყიდა, დღე და ღამე მაგაზე მელაპარაკებოდა, მე კიდევ წინასაბანკეტო სამზადისში გავსუქდი და არ მეტევა ნორმალურად, თან ჩვენი გემოვნება რადიკალურად განსხვავდება. რაღაც გრანდიოზული ბზინვარე კაბა წარმომედგინა და ვარ ცხვირჩამოშვებული (რა უმადურები ვართ შვილები). დილას გადავწყვიტე, ამ ჩემს აბრეშუმის “დვოიკას” რუჯი მოუხდება-თქო, მეზობლებმა უკვე სამჯერ წამართვეს სახურავის გასაღები და ჩუმად შევიპარე, დაიკეტა კარი და მე თქვენ გეტყვით, იქ ჩრდილი არსებობს. სადღაც 3-ზე რომ მომაკითხეს, სერიოზული დამწვრობა მქონდა.

მოვედი ბანკეტზე, გარდა იმისა, რომ ტონალური ზედ მადნება, ისე მიხურს სახე, ვერც მიფარავს სიწითლეს, თმა არ დამევარცხნა კარგად და სასაჩუქრე ყუთიდან პეპელა მოვხსენი და ისიც დავიმაგრე თავზე. მიახლოებით სურათი დაგიხატეთ. გამოკვეტებული ვარ ამ აბრეშუმის დვოიკაში, თურმანიძე მისვია და სულ ზედ მეწეპება, უკვე ლაქებადაც ეტყობა, დიდად ვერ ვცეკვავ, მეწვის ყველაფერი. უკვე დასასრულისკენ მეუბნება ეს ჩემი კლასელი (ვინც ჩუმად მიყვარს), გავიდეთ, დავილაპარაკოთო. აუფ, ვიფიქრე, ეგ არის უნდა მითხრას, რომ მოვწონვარ და ტყუილად არ მიწვალია ამდენი... და მეუბნება… “ნუკი, როგორ ატყობ, ნინის ვევასებიო?!” მიწა გამისკდა და ჩამიტანა…

გავიდა ბევრი წელი, აღარც ვირუჯები ის “დვოიკაც” ძალიან გემრიელად გვაცვია ყველას სახლში და შემხვდა ეს ჩემი კლასელი, “მე მთელი ცხოვრება მიყვარდიო და მაშინ ვერ გაგიბედე თქმა და ნინიზე გკითხეო”. ეჰჰჰჰ… ახლა რაღა დროის იყო, მე უკვე სულ სხვა მომწონდა, მაგრამ აქედან მორალი, ბავშვებო, ახლა იწყება თქვენთვის ყველაზე მაგარი ეტაპი, იყავით თავდაჯერებულები და ბედნიერები, წინ ბევრი სიახლე, ცოდნა, სიცილი, რომანი, სიყვარული და მოგონებები გელოდებათ. გილოცავთ ბოლო ზარს და იცოდეთ, მოვა დღე და გაგეცინებათ წარუმატებლობაზე და ის, რაც ახლა ღამე არ გაძინებთ დარდისგან, არაფრად მოგეჩვენებათ. ბუბუ, შენ გილოცავ პირველ რიგში. მიყვარხარ".

mshoblebi
ნუკი და მისი უმცროსი და