უკვე ექვსი დღეა, არც ისე სახარბიელო რეალობაში მიწევს ცხოვრება. ჩემი ოჯახის 4 წევრს - ქმარს და სამ შვილს, მათ შორის წლის და ექვსი თვის ლილეს დაუდასტურდათ კოვიდი. შესაძლოა ითქვას, რომ მარტივ ფორმებში გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი. თუმცა იმდენად არაპროგნოზირებადი ვირუსია, გარკვეულ გართულებებსაც ვაწყდებით ხოლმე.
მაგალითად, შესაძლოა დილით ენერგიულებმა, მხიარულებმა გაიღვიძონ, გემრიელად ისაუზმონ, მაგრამ შუადღისას ტემპერატურა 40-ზე აუვიდეთ, ან სახსრები და თავი ასტკივდეთ და სიარული ვეღარ შეძლონ, ან ფაღარათი დაემართოთ, ან თვალები ასტკივდეთ, დაუწითლდეთ და გახელის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ, ან ყელი ასტკივდეთ და წყლის დალევაც ვეღარ შეძლონ, ან საერთოდ დილით გაღვიძება გაუჭირდეთ და საღამოს 5 საათამდე იძინონ, ან ხველა დაეწყოთ და უჰაერობა დაემართოთ, ან მოულოდნელად ოფლიანობა დაეწყოთ ისე, თითქოს შხაპუნა წვიმაში ირბინეს. კიდევ ბევრი "ან" არსებობს, მაგრამ აღარ გავაგრძელებ...
ჩემს ოჯახში კოვიდის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 6 დღე გავიდა და ოჯახის ექიმი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ დაგვიკავშირდა. მანამდე მხოლოდ საკუთარი თავის და ინტუიციის იმედად ვიყავი. ვრეკავდი გაუთავებლად, ჯანდაცვაში და 112-ში, ისევ ჯანდაცვაში, ისევ 112-ში და ასე გაგრძელდა ოთხი დღე. გვეუბნებოდნენ, რომ უამრავი ხალხია, რამაც პროგრამული ხარვეზი შექმნა. ამ დროს ჩემს შვილს სიცხე 39-40-მდე ასდის, ექიმს ვერ ვეკონტაქტები, რადგან ჯერ არ გვყავს მომაგრებული. გამოვიძახეთ სასწრაფო... ექიმი მოვიდა ანტივაქსერი - რად გინდოდა აცრა, მაინც შეგხვდებაო, მომახალა. მე არ ავიცრები, მაინც არ გვიცავს ინფიცირებისგანო. სავალდებულოს თუ გახდიან, აქციებს მოვაწყობთ, ცოტა კი არაა ჩემნაირიო...
აი, სრული შოკი მქონდა. ვეუბნები, იცავს შესაძლო გართულებების და სიკვდილიანობისგან-თქო. აუცრელებსაც მშვენივრად გადააქვთ ვირუსი, თან უკვე ვიცით კორონას მართვა და რა საჭიროა ვაქცინაო. ქალი ვერ გავაჩუმე. თან კოვიდიანებს "მკურნალობს". რაზეა აქ საერთოდ საუბარი... რამდენად სახიფათო მედიკოსია, წარმოიდგინეთ. დღის განმავლობაში რამდენ ოჯახში შედის და რამდენგან "ქადაგებს", რამდენს ურევს ტვინს.
ისევ ოჯახის ექიმის თემას დავუბრუნდები. ბოლოს პაციენტთა უფლებადამცველს, მეგი საჯაიას დავუკავშირდი. მისი პირადი ჩარევის შემდეგ, როგორც იქნა, მეორე დღესვე დამიკავშირდა ოჯახის ექიმი, მოგვცა მიმართვა კვლევებზე და ველოდებით ჩვენს რიგს.
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი... არ წყდება ჩემს ტელეფონში ზარები, მესენჯერში მესიჯები და ჩემი სახლის კართან დატოვებული ამანათები. იმხელა ყურადღება ვიგრძენი ამ დღეების განმავლობაში, ალბათ აღარასდროს არაფრის შემეშინდება. ოთხ კედელში გამოკეტილებს ერთი წამითაც არ გვიგრძნია მარტოობა, შიში და უიმედომა. მადლობა ყველას თანადგომისთვის...
მერი ბლიაძე