მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა და არ არის მარტივი სიტუაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი ყველანაირად ცდილობს, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს, თუმცა მათაც უჭირთ „გარკვეული სირთულეების დაძლევა“ და ამიტომ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და ბოლო პერიოდი განცხადებებით როგორც მე, ასევე ჩემი მოადგილე და ბატონი ამირანი გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, მისი ყველა უწყება და ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24 საათიან რეჟიმში არის ჩართული პროცესის მართვაში.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტროში არ მოხდეს კოლაფსი“ , - განაცხადა ტიკარაძემ და საწოლფონდის პრობლემასაც შეეხო.
"საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია. ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ მობილიზებული გვაქვს სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, რათა ეს ვირუსი გახდეს უფრო მეტად მართვადი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, წინასწარ გათვლილი რამდენიმე სცენარიდან ქვეყანაში მდგომარეობა ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით მიდის.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 54 ადამიანი ემსხვერპლა.