ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბავშვები თანაკლასელებთან შესახვედრად უკვე ემზადებიან. განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ მომავალ პირველკლასელებს, რომლებიც ცხოვრების სულ ახალ ეტაპზე გადადიან და მათთვის უცხო და საინტერესო პროცესს იწყებენ.
პანდემიამ მშობლები ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. „ლოქდაუნის“ პერიოდში დიდხნიანმა ონლაინ სწავლებამ ბავშვები თანატოლებს მოწყვიტა და სოციალიზაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს საკლასო ოთახებში დაიწყებენ თუ ონლაინ, თუმცა მოტივაცია და მაქსიმალური ჩართულობა ორივე შემთხვევაში ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგი, სკოლამდელი დაწესებულების მუშაკთა გადამზადებისა და ტრეინინგების ცენტრის დირექტორი თეონა ქემაშვილი სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ჩვენ შესაძლებლობა გამოვიყენეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- უმცროსკლასელების მომზადება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ოჯახისგან, ისე სკოლისგან. რადგან ფსიქოლოგიის მრავალი სკოლის მიერ არის დადასტურებული, რომ 8 წლის ბავშვი ჯერ კიდევ თამაშობს, რა თქმა უნდა, სწავლის პროცესში ეს კომპონენტიც უნდა იყოს შეტანილი. პედაგოგზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ საინტერესოდ და შეთამაშებულად წარმართავს ის სასწავლო პროცესს, რათა ბავშვისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და საინტერესო იყოს.
ჩვენი მიზანია, ბავშვმა ძალიან შეიყვაროს სასწავლო პროცესი და არ გაუჩნდეს ისეთი განწყობა, რომ სკოლა მისთვის არის რაღაც ტრაგიკული დაწესებულება, რომელთანაც ნეგატიური ემოციები ასოცირდება.
- რა თქმა უნდა, ონლაინ სწავლება არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორიც ჩვენ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ 7-8 წლის ბავშვები უკვე საკმაოდ კარგად ფლობენ ტექნიკას და სასწავლო პროცესის დროს არ უჭირთ მისი გამოყენება, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს უშუალოდ საკლასო ოთახში მიმდინარე გაკვეთილს, იმიტომ რომ ამ დროს სხვანაირი ჩართულობა აქვთ როგორც მასწავლებელთან, ისე ერთმანეთთან.
- მოტივაციის გაზრდისთვის ვეძებთ ისეთ მეთოდებს, რაც პიროვნების თვისებებს მიესადაგება. ეს შეიძლება იყოს მიმზიდველი და მრავალფეროვანი სასწავლო ნივთების შეძენა და მათთვის შესაბამისი საგაკვეთილო კუთხის მოწყობა. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ სამოსი, რომლითაც ონლაინ გაკვეთილს ესწრება (თუ ამის საჭიროება ისევ დადგა). ბავშვის ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს იმ ფორმასთან მისადაგებული, როგორითაც სკოლაში დადის. როცა კომპიუტერთან ზის და გაკვეთილს ესწრება, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია, ამიტომ დაუშვებელია, ბავშვი საღამურით ან ხალათით იყოს წარმოდგენილი.
აუცილებლად უნდა შევარჩიოთ ფერთა გამა ისე, როგორც ჩვენი ბავშვის ხასიათს შეესატყვისება, რომ თავი კომფორტულად ვაგრძნობინოთ.
- არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა მეგობრების გაცნობა. ბავშვს წინასწარ უნდა ვესაუბროთ იმაზე, რომ თანაკლასელებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ხოლო თუ ონლაინ მოუწევს გაკვეთილებზე დასწრება, სოციალიზაცია აღნიშნული ფორმითაც შესაძლებელია. თანაკლასელებთან გაბმული ონლაინ კავშირები ქმნის მოლოდინს, რომ სულ მალე ისინი ერთად იქნებიან.
- ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში აუცილებელია, ყველა ნივთი, რაც ბავშვს ეკუთვნის, მისი გემოვნების შესაბამისი იყოს, იქნება ეს სასკოლო ინვენტარი, სამოსი და სხვა. ის, რაც მოსწონს უფროსს, ბავშვს შეიძლება, არ მოსწონდეს, ასე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და თუ უფროსის შიშით ვერ აპროტესტებს, მალე მისთვის სულ ერთი ხდება, რას შეუძენენ, რას ჩააცმევენ. სწორედ ამიტომ არის სასურველი, ფრთხილად მოვეპყრათ მას, როგორც პიროვნებას. როდესაც ვაძლევთ შესაძლებლობას, თვითონ აარჩიოს ჩანთა, პენალი, ფეხსაცმელი, კაბა და სხვა ნივთები, მისი მოტივაცია სასწავლო პროცესისადმი განუზომლად მაღალია. უვითარდება თავდაჯერებულობა, საკუთარი თავისადმი რწმენა, რაც სწავლისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუ სასწავლო პროცესში ის თავად არ ჩაება როგორც სრულფასოვანი პიროვნება, ძალიან გაგვიჭირდება მისთვის მოტივაციის გაჩენა.
- ახალი ნივთები და საგნები ბავშვის შემეცნებითი უნარების ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია. ნებისმიერი თვალსაჩინოება ბავშვში ინტერესს ზრდის. მას ახალ ობიექტთან დაკავშირებით უჩნდება საინტერესო მოსაზრებები, მოსწონს ის, ეხება და ცდილობს, ნივთის შესახებ ყველაფერი შეიტყოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კოგნიტურ უნარებს ავითარებს. ახალი ნივთის ფენომენი სასწავლო პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის. ამ დროს მოტივაცია უფრო მაღალია და სწავლის ხარისხიც მაღლდება, იმიტომ რომ მას აქვს მისთვის მოსაწონი და სხვებისგან განსხვავებული პენალი და აცვია ის სამოსი, რომელიც თავად შეარჩია.
ფერადი ნივთები და საგნები უფრო მეტ დადებით ემოციას იწვევს. მსოფლიოს რამდენიმე ფსიქოლოიური სკოლა ამბობდა, რომ აუცილებელია, ბავშვს სასკოლო ნივთების დიდი არჩევანი ჰქონდეს, მეორე სკოლა განმარტავს, რომ ფერები უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო ჯამში, მრავალფეროვნება ნებისმიერ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს როგორც მოტივაციის ჩამოყალიბებაში, ისე ბავშვის განვითარებაში.