რა უნდა გააკეთოთ, თუ ელექტროენერგიაზე გაზრდილი გადასახადი მოგივიდათ - განმარტება "თელმიკოდან" - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ, თუ ელექტროენერგიაზე გაზრდილი გადასახადი მოგივიდათ - განმარტება "თელმიკოდან"

2021-08-13 08:38:02+04:00

პირველი ივლისიდან მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას კომპანია "თელასის" ნაცვლად, "თელმიკო" უზრუნველყოფს. თუმცა, ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ გაცილებით მეტი გადასახადი მიუვიდათ. სწორედ ამის გამო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიამ, უამრავი მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე, "თელმიკო" 75 ათასით, ხოლო თელასი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ჩვენ დავუკავშირდით "თელმიკოს" და ვკითხეთ, რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, თუ თვლიან, რომ არაზუსტი გადასახადი მიუვიდათ:

"ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. მომხმარებლებს პრობლემის შესახებ შეუძლიათ მოგვწერონ info@telmico.ge-ზე ან ფეისბუკის პირად შეტყობინებაში. თუმცა, უნდა გაითვალისწინონ, რომ რამდენიმე წუთში ან საათში პასუხს ვერ მიიღებენ იმიტომ, რომ დღის განმავლობაში, დაახლოებით, 200-300 წერილი შემოდის. თუ ადამიანი ზუსტად მიგვითითებს აბონენტის ნომერს, ჩვენებას, რომელიც მრიცხველზე აქვს, სწრაფად ვცემთ პასუხს. აღნიშნული ფაქტი გამოიწვია იმან, რომ 30 ივნისის მდგომარეობით, იმ აბონენტებთან, რომლებმაც "თელასს" არ გადაუგზავნეს საკუთარ მრიცხველზე არსებული მონაცემი, დარიცხვა საშუალო მოხმარებიდან გამომდინარე მოხდა. არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და გავაკეთეთ განმარტება, რომ ივლისში 2 ქვითარს მიიღებდნენ. ერთში იქნებოდა "თელასის" დავალიანება, მეორეში კი "თელმიკოსთვის" ივლისის თვის ზუსტი ჯამი. ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, მომხმარებელთა უმეტესობა ზუსტად იგებს, რაშია პრობლემა."- ამბობენ კომპანიაში.

მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ მომატებული ტარიფით მოხდა დარიცხვა, რაზეც "თელმიკოში" განაცხადეს, რომ საფასური არ მომატებულა და ნებისმიერი შენიშვნის შემთხვევაში, კვლავ წერილობით მიმართონ კომპანიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლები კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვასაც ვერ ახერხებენ, რაზეც გვითხრეს:

"ქოლცენტრი ძალიან გადატვირთულია. დღეში, დაახლოებით, 60-65 ათასი ზარი შემოდის. კოვიდის გამო ბევრი ოპერატორი გამოგვეთიშა. "თელლასის" ბიზნესცენტრები დისტანციურად მუშაობს, ამიტომ მომხმარებლებს ვურჩევ, მოგვწერონ და დაელოდონ ჩვენს პასუხს" - განაცხადეს "თელმიკოში".

თამარ იაკობაშვილი