"თუ ორსულთან კორონავირუსი გართულდა, ისე რთულდება, მეტი არ შეიძლება, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს" - მშობლები

"თუ ორსულთან კორონავირუსი გართულდა, ისე რთულდება, მეტი არ შეიძლება, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს"

2021-08-30 06:39:06+04:00

თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 16 ორსული მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განუცხადა, პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ორსულებში კორონავირუსის მიმდინარეობა რთულდება „სრული კატასტროფაა“, ინფექცია „ძალიან მარტივად, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს“.

„როგორც წესი, სტაბილურად 12-დან 16-მდე პაციენტი მკურნალობს. სულ რეალურად 34 ადგილი გვაქვს. უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუ სტაბილურია, სტაბილურად მიდის დაავადება და მეტ-ნაკლებად ამით ბედნიერები ვართ, თუ ვინმეს რამე გაურთულდა, სრული კატასტროფაა. თუ რთულდება, ისე რთულდება მეტი არ შეიძლება, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს. თუ მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა და არ გვაქვს სერიოზული გართულებები, ძირითადად ჟანგბადზე არიან, შესაძლოა, ცოტა CPAP დასჭირდეთ, უფრო სუნთქვითი ვარჯიშებით გამოდიან“, - აღნიშნავს ალექსი ვაჩაძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, მთელ მშოფლიოში მომატებულია ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელი.

"სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება და რიგ შემთხვევაში, სავალალო გამოსავლით სრულდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან. რომელ თვეში იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ორჯერადად აიცრან, რადგან აცრა ორსულს შემდგომი გართულებებისგან დაიცავს“,-განაცხადა გამყრელიძემ.