"მშობლები შინიდან ძნელად თუ მიშვებდნენ. მეუბნებოდნენ, ვინც გსურს, შენთან მოვიდესო" - რატომ გადააფიქრებინა მამამ ქეთევან ასათიანს პედიატრობა და რაზე წყდება გული ცნობილ ექიმს - მშობლები

"მშობლები შინიდან ძნელად თუ მიშვებდნენ. მეუბნებოდნენ, ვინც გსურს, შენთან მოვიდესო" - რატომ გადააფიქრებინა მამამ ქეთევან ასათიანს პედიატრობა და რაზე წყდება გული ცნობილ ექიმს

2021-10-02 13:16:23+04:00

ცნობილი ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი, რომელიც ძალიან ხშირად გვაძლევს საინტერესო რჩევებს სწორ კვებასთან დაკავშირებით, სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილების პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულა, თუმცა ოჯახური ტრადიცია შვილებმა მაინც გააგრძელეს: უფროსი ქალიშვილი, მარიამი ბიზნესადმინისტრირებას და მენეჯმენტს ეუფლება, ლიზა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, სანდროც მომავალ წელს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. თავად ქალბატონი ქეთევანიც ექიმების ოჯახიდანაა. მისი მამა, არჩილ ასათიანი - ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. ქალბატონმა ქეთევანმა ჟურნალ "შინს" სახლში უმასპინძლა, თუმცა სახლის გარდა ოჯახსა და ოჯახურ ტრადიციებზეც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან, რომლის სრულ ვერსიას და ფოტორეპორტაჟს მისი ბინიდან "შინის" შემოდგომის ნომერში ნახავთ.

- IX-X კლასში სწავლისას უკვე დავიწყე ფიქრი სპეციალობაზე. ოჯახურმა ტრადიციამ სერიოზული გავლენა იქონია და გადავწყვიტე, მედიკოსი, კერძოდ, პედიატრი გამოვსულიყავი, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა. მითხრა, რომ მე იმდენად ემოციური პიროვნება ვიყავი, პაციენტი ბავშვი რომ გარდაცვლილიყო, ჩემზე მძიმედ იმოქმედებდა. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ასე იქნებოდა.

- როდის გაიცანით მეუღლე და რით მიიპყრო თქვენი ყურადღება?

- 1992 წელს გავიცანი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებით, ქალთან მოქცევის წესით, ეტიკეტის დაცვით, საოცარი სურვილით, რომ პროფესიას სრულფასოვნად დაუფლებოდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მან შეძლო წასულიყო მოსკოვში და ასპირანტურაში გაეგრძელებინა სწავლა. იმხანად რუსული ოფთალმოლოგიური სკოლა ძალიან ცნობილი სკოლა იყო. ყოველივე ეს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე ძალიან მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა, საოცრად თავაზიანი და ყურადღებიანი იყო.

- მშობლები რამდენად მკაცრები იყვნენ?

- მშობლები, ჩვეულებრივ, შინიდან ძნელად თუ მიშვებდნენ. მეუბნებოდნენ, ვინც გსურს, შენთან მოვიდესო, ამიტომ ჩემი სახლი ცნობილი იყო წვეულებებით...

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- მე და მამას სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი და მთელი სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. მიუხედავად ამისა, არ მახსოვს, მამა მომფერებოდა, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "პათოლოგიურად" ვუყვარდი. 28 აპრილს მამას დაბადების დღე იყო, ხოლო 29 აპრილს, ჩემი მშობლების ქორწინების დღეს, ის გარდაიცვალა. მე ჩამაკვდა ხელში... მისი თვალები და გამომეტყველება არ მავიწყდება და არც არასდროს დამავიწყდება.

საოცარი მამა მყავდა, მრავალი თაობის ექიმების აღმზრდელი. სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მუდმივად მესმოდა ფრაზები: "თქვენ იცით, რა ბაბუის შვილიშვილი ხართ?!" შემდეგ გრძელდებოდა მამით. ამის გამო უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვგრძნობ დღესაც.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც უმცროს ქალიშვილთან ერთად მღერით...

- დიახ, დღემდე სხვადასხვა გადაცემაში გვიწვევენ. ოჯახში ყველა ვმღერით. ძალიან მიყვარს სიმღერაც, ცეკვაც. სამედიცინო ინსტიტუტში გამართულ კონცერტებშიც ვმონაწილეობდი, ასევე ფილარმონიაში კონცერტების სერიაში - "ექიმები არ ხუმრობენ". ცხადია, ეს სიყვარული ჩემს შვილებსაც გადაეცათ. პატარები რომ იყვნენ, შინ კონცერტებს აწყობდნენ და ოჯახის წევრებზე ბილეთებსაც ჰყიდდნენ. ნიჭიერთა ათწლედშიც ვსწავლობდი. გული მწყდება, რომ ქართულ ცეკვაზე სრულფასოვნად ვერ ვიარე, მაგრამ ცეკვისგან თავს ნამდვილად არ ვიკავებ. განსაკუთრებით მიყვარდა ჩემი მამის მეგობართან, ჯანსუღ ჩარკვიანთან ცეკვა. ჩვენი კინტაური ნამდვილი დღესასწაული იყო. მამა და მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხოლმე.

ინტერვიუ და ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინის" საშემოდგომო ნომერში.

mshoblebi