„მოდელობამ თინეიჯერობის წლები წამართვა... რაც 12-13 წლის ბავშვს უნდა გაევლო, ვერ გავიარე “ – გაიცანით 16 წლის ლიზა კობერიძე, რომელიც Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა - მშობლები

„მოდელობამ თინეიჯერობის წლები წამართვა... რაც 12-13 წლის ბავშვს უნდა გაევლო, ვერ გავიარე “ – გაიცანით 16 წლის ლიზა კობერიძე, რომელიც Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა

2021-10-03 18:28:33+04:00

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი 16 წლის ქუთაისელი გოგონას ფოტოებით აჭრელდა, რომელიც Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა.

ლიზა კობერიძე სამოდელო სააგენტო „ნატალის“ მოდელია, იგი რიგით მესამე ქართველი მოდელია, რომელმაც Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. Mshoblebi.ge-ის ლიზა თავისი ბავშვობის, ოჯახისა და კარიერის შესახებ ესაუბრა.

- მას შემდეგ, რაც მილანიდან დაბრუნდი, მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ხარ. როგორ გრძნობ თავს?

- მილანიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი, აქაც გადაღებები, ინტერვიუები მქონდა და ჯერ ერთი დღით დასვენებაც ვერ მოვახერხე. რაც შეეხება ყურადღებას, სითბოს გარდა არაფერს ვიღებ, ამიტომ ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებასაც არ ველოდი, რადგან მანამდეც მქონდა გარკვეული მიღწევები, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების გადაღებებში, ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას, IMD MODELS-თან გავაფორმე კონტრაქტი... მაგრამ, ფაქტია, Dolce & Gabbana-ს ჩვენებამ ფურორი მოახდინა.

- რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში ხარ და რა იყო შენი პირველი ნაბიჯები?

- მეხუთე წელია, რაც ამ სფეროში ვარ. ჩემი პირველი სააგენტოც „ნატალი“ იყო. არასოდეს არ მიფიქრია სხვა სააგენტოში გადასვლაზე და არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოსვლა ჩემი პირველი ნაბიჯი იყო მაღალ მოდაში, რადგან 16 წლამდე ჩვენებებზე მოხვედრა შეუძლებელი იყო. მანამდე ბევრ ჩვენებაზე გამოვსულვარ, ამიტომ მზად ვიყავი და მოლოდინები სავსებით გამიმართლდა.

mshoblebi

საქართველოში პირველ სეზონზე მხოლოდ 1 ჩვენებაზე გამოვედი, მერე - 5-ზე, მერე ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა დიზაინერთან ვიყავი. ერთი მხრივ, უდიდესი გამოცდილება იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაზე სტრესული დღეები მქონდა. მაგალითად, ერთ სეზონზე 40 დიზაინერი რომ იყო, შეიძლებოდა 30-თან ან 38-თან გამოვსულიყავი. ზოგჯერ ისე მიშვებდნენ ჩვენებაზე, რომ არც რეპეტიცია მქონდა გავლილი. უცებ მიწევდა ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება და პოდიუმზე გასვლა.

- სტრესმა მუშაობაში ხელი რომ არ შეგიშალოს, რა მეთოდს მიმართავ?

- ვფიქრობ, რა იქნება ამ შრომის შედეგი და მერე ვხვდები, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ნამდვილად მიღირს. მჯერა, რომ რაც უფრო ბევრს მუშაობ, მით მეტს აღწევ.

- ბავშვობაზეც გკითხავ. როგორი ბავშვი იყავი?

- ძალიან აქტიური, საერთოდ ვერ იფიქრებდით, რომ გოგო ვიყავი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მაგრამ სამოდელო სფერომ თინეიჯერობის წლები წამართვა. ის, რაც რეალურად 12-13 წლის ბავშვს უნდა გაევლო, ვერ გავიარე, თუმცა არაფერს არ ვნანობ. ბოლოს უკვე ისე გადავანაწილე ყველაფერი, რომ სწავლისთვისაც დამრჩა დრო და კარიერისთვისაც.

mshoblebi

- მოზარდებს გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთულად გადააქვთ ხოლმე. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

- გარდატეხის ასაკში ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა. ჩემი თავის არაფერი არ მომწონდა. წლების შემდეგ ჩემ თავზე მუშაობის დამსახურებით თვითშეფასება ავიმაღლე. არ მოგატყუებთ, ახლაც მაქვს ხოლმე ისეთი მომენტები, როცა თვითშეფასება დაბლა იწევს. ამას ჩემი ხასიათიც უწყობს ხელს, არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და მინდა უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. შეიძლება ჩემს თავში რამე არ შევცვალო, მაგრამ სხვა კუთხით შევხედო და ჩემთვის უკეთესი გახდეს.

- ოჯახზეც მოგვიყევი, ვინ და ვინ ხართ სახლში და რამდენად უჭერენ მხარს შენს სამოდელო კარიერას?

- მყავს დედ-მამა, უფროსი და და უმცროსი ძმა. მშობლები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან, განსაკუთრებით - დედა, რომელიც 6 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და დისტანციური ურთიერთობა გვაქვს. სულ ხაზზე ვართ. სანამ ჩვენებაზე გავალ, აუცილებლად ვურეკავ, ეს აუცილებელი რიტუალია. საზღვარგარეთ როცა დავდივარ, ჩემი და დამყვება ხოლმე. მისი დიდი მადლობელი ვარ, რადგან, გარკვეულწილად, დედის აქ არყოფნით გამოწვეული დანაკლისი შემივსო. თუმცა, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემი და თბილისში სწავლობდა, ქუთაისში მე, ჩემი ძმა და მამა ვიყავით. ასე რომ, თავდაპირველი სირთულეების გადალახვა დამოუკიდებლად მომიწია, დედობრივი სითბოს გარეშე...

ყოველთვის ვცდილობ, ისეთი რამე გავაკეთო, რაც მამაჩემის მოწონებას დაიმსახურებს, იმიტომ რომ ყველაზე პრეტენზიულია. როცა მისგან შექებას ვიღებ, ვხვდები, რომ მართლა კარგი რაღაც გავაკეთე. მაგალითად, Dolce & Gabbana-ს ჩვენების შემდეგ სულ რომ მაქებდა, ჩემს თავს ვუთხარი: აი, ლიზა, ამას მიაღწიე, რომ მამისგან შექება მიიღე!

mshoblebi
ლიზას დედა

- გარეგნობით ოჯახის რომელ წევრს ჰგავხარ ყველაზე მეტად?

- ყველას მამსგავსებენ: დედას, მამას, მამიდას... ცხვირი მამის მაქვს, ტუჩი - დედის...

- მოდელებთან დაკავშირებით დღემდეა გარკვეული სტერეოტიპები, განსაკუთრებით, მოდელ გოგონებთან. ოჯახში რამე წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვედრია ამის გამო?

- ოჯახისგან არა, მაგრამ ბევრჯერ მომისმენია, როგორ ეუბნებოდნენ მამაჩემს თავისი მეგობრები: თავი დაანებებინე მოდელობასო. სამწუხაროდ, კიდევ აქვთ შემორჩენილი ის აზრი, რომ გოგოებს ყიდიან, არაშესაფერისად ეპყრობიან... საბედნიეროდ, ოჯახის წევრებისგან პრობლემა არასოდეს შემქმნია, მამაჩემიც გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს.

- როგორც ვიცი, ეს საზღვარგარეთ გამოსვლის პირველი გამოცდილება არ იყო.

- პირველად ფლორენციაში წავედი, 13 წლის ვიყავი. შემდეგ იყო იაპონია, შემდეგ - კორეა, სადაც 3-3 თვით დავრჩი და ბოლოს - მილანი. იაპონიაში ჩემი და მახლდა და სხვა მოდელ გოგოებთან კომუნიკაცია მიჭირდა. მერე გადაწყდა, რომ მარტო წავსულიყავი, რათა მოდელებთან კომუნიკაცია მქონოდა. გამიმართლა, კარგი გოგოები დამხვდნენ, ჩემი ასაკის, ერთმანეთს გვერდში ვედექით და მარტოობას ვეღარ ვგრძნობდით. არც ახალ კულტურასთან შეგუება გაგვჭირვებია.

mshoblebi
ლიზა დასთან ერთად

- ის მოდელები, რომლებიც საზღვარგარეთ გაიცანი, რამდენად განსხვავდებიან ქართველი მოდელებისგან?

- საქართველოში უფრო მძაფრად იგრძნობა კონკურენცია. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არაერთი უარყოფითი გამოცდილება მქონდა. მაგალითად, როცა 18-19 წლის გოგოები ხედავდნენ, რომ 13-14 წლის ასაკში მე მათზე ბევრს ვაკეთებდი, ცუდად მეპყრობოდნენ: აი, პატარა გოგოა და დავჩაგროთ... ახალი დაწყებული მქონდა კარიერა, ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ჩვენებაზე გამოვდიოდი. რეპეტიციაზე ერთმა გოგომ მითხრა: დებილი ხო არ ხარ, ასე უნდა გაიაროო. მაშინ ძალიან მეწყინა, თან ბევრი გოგოს თვალწინ მითხრა. მსგავსი არასასიამოვნო გამოცდილება ნებისმიერ დამწყებ მოდელს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ამისთვისაც მზად უნდა იყოს ყველა, ვინც ამ სფეროში მუშაობას აპირებს.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გოგონა, რომელსაც მოდელობა სურს?

- ახლა ისეა განვითარებული სამოდელო სფერო, რომ საჭირო აღარ არის რაღაც კრიტერიუმების დაკმაყოფილება. თითქოს, აღარც არსებობს სტანდარტები. ბევრი დიზაინერი სწორედ ისეთ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ე. წ. სტანდარტებს არღვევენ. ამიტომ, ვისაც მოდელობა უნდა, პირველ რიგში, ამ საქმისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს, თავდაჯერებული იყოს, იცოდეს, სად მიდის, რადგან ეს სფერო მართლა ძალიან ბევრ შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს. არის დიდი კონკურენცია, სტრესი, დილის 6-7 საათიდან ღამის 9-მდე ან 12-მდეც კი გვიწევს გადაღებებსა თუ ჩვენებებზე ყოფნა.

mshoblebi

- რამდენად გაგზარდა უცხოეთში მიღებულმა გამოცდილებამ?

- ძალიან გამზარდა. სულ ვამბობ, რომ არ მაქვს ტიპური 16 წლის მოზარდის აზროვნება. ბევრი რამის ადრეულ ასაკში გამოცდა მომიწია. მოდელის კარიერამ დამოუკიდებლად მოქმედება მასწავლა. მასწავლა ისიც, რომ გადამწყვეტ მომენტში შენი თავის გარდა არავინ არ გყავს. რაც ყველაზე მთავარია, თვითშეფასება ამიმაღლა და ჩემი თავი შემაყვარა.

- რას ურჩევდი შენს თანატოლებსა და შენზე პატარებს, როგორ შეიყვარონ საკუთარი თავი და აიმაღლონ თვითშეფასება?

- ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს ის საშუალება, რაც თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება. მე პირადად ყოველთვის მომავალსა და პოტენციურ შედეგებზე ვფიქრობ. თუკი ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი მომავალი, ისეთ რამეზე იფიქრონ, რისი მიღწევაც უნდათ და ამისთვის იბრძოლონ.

- როგორ უვლი თავს, რამე საიდუმლო ხომ არ გაქვს?

- განსაკუთრებულს არაფერს არ ვიყენებ. რაც ყველაზე მთავარია, დასაბანი საშუალებებით ვისუფთავებ სახეს და შემდეგ კარგად ვიტენიანებ. ერთადერთი „საიდუმლო“, რომელიც მაქვს, ისაა, რომ მშრალი სახის დამატენიანებელს ვიყენებ, არადა, მშრალი კანი არ მაქვს. ასე სახე სრულყოფილად დატენიანებულია.

mshoblebi

- დაძაბული გრაფიკისა და სხვა ქვეყნებში თვეების განმავლობაში ცხოვრების ფონზე სკოლისთვის დრო თუ გრჩება?

- როცა დრო მაქვს, აუცილებლად მივდივარ სკოლაში. გაცდენების გამო იძულებული ვარ გამოცდები ჩავაბარო, რაც ძალიან სტრესულია, რადგან მთელი სემესტრის მასალის ჩაბარება მიწევს. ამ მხრივ, დისტანციური სწავლა ძალიან დამეხმარა. მაგალითად, შარშან კორეიდან „ზუმით“ ვესწრებოდი გაკვეთილებს და წელს გამოცდების ჩაბარება არ მომიწია.

- ორი აზრი არ არის, რომ ძალიან ლამაზი ხარ. სოციალურ ქსელში არასრულწლოვანი გოგონები ხშირად წერენ, რომ უფროსი ასაკის მამაკაცებისგან შეუსაბამო შეტყობინებებს იღებენ. ხომ არ გქონია მსგავსი გამოცდილება?

- კი, ძალიან ბევრი. ინსტაგრამზე ხშირად მწერენ 60+ ასაკის კაცებიც კი, რაც ძალიან მაღიზიანებს, რადგან ფოტოებს თვალი რომ გადაავლოთ, მეტყობა, რომ ბავშვი ვარ. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა იცოდნენ ჩემი ასაკი და მაინც მწერდნენ 25-26 წლის ბიჭები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს თავდაცვის ერთადერთი საშუალება დაბლოკვაა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- არ მინდა, რომ სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ არაფერი დამრჩეს, ამიტომ, სანამ ამ სფეროში ყოფნის შესაძლებლობა მექნება, ვიქნები, მაგრამ არ დავივიწყებ იმას, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. ორ პროფესიას შორის ვაკეთებ არჩევანს: ან Fashion Marketing, ან ინტერიერის დიზაინი.

მარიამ ტურძილაძე