მოუწევს თუ არა მოსახლეობას იანვრიდან დენის გაძვირებული ტარიფის გადახდა - რა პასუხი აქვთ სამინისტროში - მშობლები

მოუწევს თუ არა მოსახლეობას იანვრიდან დენის გაძვირებული ტარიფის გადახდა - რა პასუხი აქვთ სამინისტროში

2021-11-01 10:08:21+04:00

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების ნაწილს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები დაუფინანსა. უფრო კონკრეტულად კი მათ, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, შესაბამის გადასახადს მთავრობა უფინანსებდა. მოქალაქეებს გაუჩნდათ შეკითხვა, წელსაც იმოქმედებს თუ არა სუბსიდირება, რაზეც მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ასევე ფინანსთა სამინისტროსაც მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება. პირველადი განხილვის დროს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ სუბსიდირების პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება.

"მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეუწონლად მიმაჩნია."- თქვა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები გაიზარდა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა. რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფიც გაიზარდა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა, შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ეს გაძვირება წელს არ უგრძვნიათ. გაგრძელდება თუ არა გაძვირებული ტარიფის სუბსიდირება 2022 წლიდანაც, თუ მოსახლეობას უკვე გაზრდილი ტარიფით მოუწევთ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

კომპანია "სემეკში" დაგვიდასტურეს, რომ სუბსიდირების პროგრამა დეკემბრამდეა, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, იანვრიდანაც გაგრძელდება თუ არა.

აღნიშნულთან დაკავშირებით არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აქვთ ჯერჯერობით ინფორმაცია. თუ არაფერი შეიცვალა, დღეის მდგომარეობით, იანვრიდან მოსახლეობას გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს.

თამარ იაკობაშვილი